თორღვაის ციხე-სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თორღვაის ციხე-სახლიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუცოს ზედა ტერასაზე, ადგილ ბროლისკალოს აღმოსავლეთ ნაწილში, კლდეზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ციხე-სახლი (5,7 x 4,7 მეტრი) სამსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვით. სართულშუა გადახურვა და სახურავი ჩაქცეულია. ნაგებობის შემორჩენილი კედლების სიმაღლე 7 მეტრია. შესასვლელი სამხრეთ კედელშია, 1,4 მეტრ სიმაღლეზე. კარი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. პირველ და მეორე სართულებზე, დასავლეთით, თითო თაღოვანი სარკმელია. მესამე სართულს სამხრეთით შეწყვილებული სალოდე აქვს, აღმოსავლეთით და დასავლეთით — თითო სწორკუთხა ღიობი. ყველა სართულზე ერთმაგი ან სამმაგი სათოფურებია. პირველი და მეორე სართულები საცხოვრებელი იყო, მესამე - სათავდაცვო. კედლებში შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეები. კოშკს მიწურბანიანი სახურავი ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]