თელავის საცხოვრებელი სახლი (ერეკლე II-ის მოედანი 11)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ერეკლე II-ის მოედანზე (№ 11), თელავის დრამატული თეატრის წინ. თარიღდება XIX საუკუნით.

სახლი ორსართულიანია. ნაგებია აგურით. შედგება ერთმანეთთან სწორი კუთხით დაკავშირებული, თანაბარი ზომის ორი ნაწილისგან, რომლებსაც წინიდან, მთელ სიგრძეზე ხის ღია აივანი გასდევს. აივნის საყრდენი სვეტები მრგვალია და თეთრადაა შელესილი. თვით აივნის სვეტები კი ხისაა, თხელი და მაღალი. აქვთ დორიული სვეტისთავები. სახლის ერთ-ერთი განივი ფასადი მოედნისკენაა მიმართული. აივანი შენობას ამ მხარესაც აქვს. თუმცა, იგი თავდაპირველი არ არის, 1979-1980 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს მიუშენებიათ მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის კიბე აივნისავე ფარგლებშია მოცემული. ფასადი დასრულებულია სამკუთხა ფრონტონით, რომელშიც ორი მრგვალი ხვრელია დატანებული. იმ ფასადზე გამომავალი სარკმლები შეტყუპებულია და რთული ნახატის, კლასიცისტური ალათებით არის აღჭურვილი. კარ-სარკმლები აქცენტირებულია ნახევარწრიული თავსართებითა და ზედ შემოვლებული ლილეებით. გადახურვა კრამიტისაა. სახლს საზეიმო იერი აქვს და შეძლებული პიროვნებისა უნდა ყოფილიყო. 2011-2012 წლებში შენობას მეორედ ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]