თბილისის წმინდა ეკატერინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისისწმინდაეკატერინესეკლესია — ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი ძველ ტფილისში. მდებარეობდა მეიდანზე, ბერძენხანაში.

ბერძნების მასობრივი შემოსვლა საქართველოში 1461 წლიდან ხდება, როდესაც დაეცა კონსტანტინოპოლი. ბერძნებმა თან მოიტანეს თავისი ტრადიციები, ლეგენდები, წეს-ჩვეულებები და კულტურა. ისინი, როგორც თბილისის მოსახლეობის ნაწილი, XVII-XVIII საუკუნეებიდან საკმაოდ მომრავლებული იყვნენ. ამაზე მიგვითითებს თბილისში ბერძნებით დასახლებული ტერიტორია „ბერძენხანა“ და, პლატონ იოსელიანის თქმით, შვიდი ბერძნული ეკლესია.

„ბერძენხანა“ მდებარეობდა თბილისის ქვემოუბნის ტერიტორიაზე, რომელიც ასე შემოისაზღვრებოდა: ჩრდილოეთიდან თათრის (დღევანდელი ვახტანგ გორგასლის) მოედანი, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეითან–ბაზარი (ვახტანგ გორგასლისა და აბანოს ქუჩები), დასავლეთიდან სამღებროს ქუჩა.

ამ უბანში იდგა წმინდა ეკატერინეს ეკლესია და ბერძენთა არქიმანდრიტის სასახლე. წმინდა ეკატერინეს ეკლესიის აშენების სხვადასხვა თარიღი სახელდება. პლატონი ოსელიანი ეკლესიის აგებას მიაწერს დავით აღმაშენებელს, რომელმაც იერუსალიმში, სიონის მთაზეა აშენა წმინდა ეკატერინეს ეკლესია, რომელსაც თვითონ ინახავდა. იერუსალიმში ეკლესია მოამარაგა წიგნებით, დააყენა ეპისკოპოსი და ამეკლესიის მეტოქად მანვე თბილისში, ბერძენხანაშია აშენა იგივე წმინდანის სახელზე ეკლესია. ამის შესახებ წერდა გეოგრაფი კუვერი 1595 წელს.

ძველი ეკლესია დაუნგრევია თემურლენგს, 1430 წელს აღუდგენია საქართველოს მეფეს ალექსანდრეI-ს. სპარსელებმა ისევ დაანგრიეს ეკლესია და მისი შემოგარენი. თუმცა, ბერძნებმა მალევე ააშენეს პატარა ზომის ეკლესია. 1861 წელს აღდგენილი პატარა ეკლესია დაანგრიეს, რადგან იგი მრევლს ვეღარ იტევდა, და მისადგილზე აშენდა დიდი ეკლესია, რომელიც ხელახლა აკურთხეს.

პლატონ იოსელიანი წერს: „სინაის მთის წარმომადგენელმა არქიმანდრიტმა იოსებმა დაანგრია მართლმადიდებელ ბერძენთა ძველი პატარა სამრევლო ეკლესია და უკეთესი, უფრო დიდი ეკლესია ააგო. ამჟამად მასვე ეკუთვნის ეკლესიის ირგვლივ სამეურნეო ნაგებობებათა ნაწილი, რომელთა შემოსავალი სინაის მთის საძმოს ხმარდება“.

ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში — „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“ ვკითხულობთ: „ტფილისსა შინა არის ეკკლესია სახელსა ზედა წმინდისა დიდისა ქალწულმოწამისა ეკატერინასა... ნებითა და ხარჯითა მეფისა ირაკლი მეორისათა აღშენებული საბერძნეთით მოსულისა იღუმენისა იოანიკისაგან წელსა 1780-სა, ქვით-კირით, უგუმბათო; მოსახსენიებლად სულისა მისივე მეფისა ირაკლი მეორისა ძისა ლეონისათვის. და ეკკლესია არს შეწირული გარემო ეკკლესიისა მის მყოფთა ადგილებითა სინას მთის მონასტრისადმი და დღესაც არს შეუსრულებელი. აქა ამას შინა არის ერთი დეკანოზი“.

პლატონ იოსელიანი წერს: „ჰყავს თავისი საეკლესიო ყმები და აქვს საკუთარი დუქნები თბილისში. აშენებულია ირაკლი მეორის მიერ 1780 წელს, მისი გარდაცვლილი შვილის ლეონის სახელზედ. ეკლესიის პირველი იღუმენი იყო ბერძენი იოანიკი. მსახურება მიმდინარეობს ბერძნულ ენაზე“.

წმინდა ეკატერინეს ეკლესია თბილისში ფლობდა სავაჭრო და სახელოსნო დუქნებს თათრის მოედანზე, რომელიც 1781 წელს ერეკლე II-მ უწყალობა მონასტერს და ბერძენ არქიმანდრიტ იოანიკს. 1795 წელს ეკლესია შეეწირა აღამაჰმად-ხანის შემოსევას. ამ ნანგრევებზე ისევ აშენდა პატარა ეკლესია, რომელიც დაანგრიეს მოედნის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით 1930-იან წლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 135-137