თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებლის დროშა

ბაქოს 26 კომისრის სახელობის თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი — სამხედრო სასწავლებელი თბილისში. მისი ისტორია იწყება ბაქოში, 1920 წლის აგვისტოში, როდესაც წითელი არმიის სამეთაურო კადრების მოსამზადებლად ფორმირებული იყო კურსანტთა აღმოსავლეთის ბრიგადა, რომლის შემადგენლობაში შევიდა კურსანტთა მე-6 პოლკი. ბრიგადასთან ერთად ეს პოლკი 1921 წლის 25 თებერვალს შემოვიდა თბილისში (იხ. წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში), სადაც განლაგდა ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფ. იუნკერთა სასწავლებლის ყაზარმებში, 1921 წლის 14 აპრილს კურსანტთა მე-6 პოლკი გადაკეთდა ქვეით-მეტყვიამფრქვევეთა მე-2 კურსებად. იმავე წლის მაისში ამ კურსებს ეწოდა ბაქოს ქვეით-მეტყვიამფრქვევეთა მე-13 სამეთაურო კურსები, 1922 წლის ოქტომბერში — ბაქოს ქვეითთა სკოლა, რომელსაც 1924 წლის ოქტომბერში მიენიჭა ბაქოს 26 კომისრის სახელი. 1935 ეს სკოლა გადაკეთდა ბაქოს 26 კომისრის სახელობის ამიერკავკასიის გაერთიანებულ სამხედრო სკოლად, 1937 წელს – იმავე სახელობის სამხედრო სასწავლებლად, ხოლო 1938 წელს — ბაქოს 26 კომისრის სახელობის სამთო-საარტილერიო სასწავლებლად.[1]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1939–1945) არმიის მეთაურთა წარმატებული მომზადებისათვის სასწავლებელი დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. 1956 წელს მას ეწოდა თბილისის წითელდროშოვანი საარტილერიო სასწავლებელი ბაქოს 26 კომისრის სახელობისა. 1969 წელს სასწავლებელი რეორგანიზებულ იქნა უმაღლეს საარტილერიო სასწავლებლად (4-წლიანი სწავლება) და პირველი გამოშვება, რომელმაც გაიარა უმაღლესი სასწავლებლის სრული პროგრამა, შედგა 1973 წელს.[1]

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სასწავლებელი სრული შემადგენლობით გადაყვანილ იქნა (1993) რუსეთის ფედერაციის ქალაქ ეკატერინბურგში. მის ყაზარმებში მუშაობა დაიწყო თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 529, ISBN 99928-20-32-2.