ზენუბნის სამების კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზენუბანის სამების კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენუბნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე, მთის წვერზე. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს და გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კომპლექსში შედის სამების ეკლესია, მცირე ეკლესია, კოშკი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და გალავანი. სამების ეკლესია დარბაზულია. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ნაგებია კირის ხსნარზე ნაწყობი, შერჩეული დიდი ზომის ნატეხი ქვით. ჩამოშლილია კამარის ჩრდილოეთის გვერდის ნაწილი და აქა-იქ ფიქლის საბურავი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი ორივე მხრიდან ქვის არქიტრავითაა გადახურული - თარაზულად. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია, რომელიც ფართო მხრებითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღითაა გამოყოფილი. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო და მაღალი, სწორკუთხა სარკმელი, რომელსაც საფეხურებიანი რაფა აქვს. თითო სარკმელია დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ნახევარწრიული საფუძველი შექმნილია საკურთხევლის კუთხეებში გარდიგარდმო დაწყობილი და ერთმანეთის მიმართ თანდათან გადმოშვერილი თხელი ქვების წყობით. კონქის არეში მოწყობილია მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი. საკურთხევლის გვერდის კედლებში, კუთხეებთან ახლოს, თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ერთი თაღოვანი ნიშია სამხრეთ კედელში, შესასვლელის თავზე. ეკლესიის გრძივი კედლები და კამარა პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით, გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. დარბაზისა და საკურთხევლის კედლებს მთელ სიგრძეზე ფართო საფეხური გასდევს.

ეკლესიაზე დასავლეთიდან მოგვიანებით მიუდგამთ ნატეხი ქვით ნაგები მცირე დარბაზული ეკლესია, ამჟამად მისი მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. რელიეფიდან გამომდინარე, იგი სამების ეკლესიასთან შედარებით მაღალ ადგილზე დგას. უფრო გვიანდელ შუასაუკუნეებში ორივე ნაგებობისათვის სამხრეთიდან მიუშენებიათ ერთიანი ვიწრო, დაბალი სათავსი. იგი მცირე ეკლესიის შესაბამის კედელს მთლიანად, ხოლო დიდი ეკლესიისას ნაწილობრივ ფარავს. შესასვლელი მცირე ეკლესიას სამხრეთ მინაშენიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის სამხრეთ გვერდში ელიფსის ფორმის პატარა ნიშია. აფსიდის ღერძზე სარკმელია მოწყობილი. იგი დიდი ეკლესიის დასავლეთ სარკმლის გაგრძელებაზეა. სამხრეთ მინაშენი სანახევროდაა შემორჩენილი, განათებული იყო ღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით. მინაშენის იატაკი სამების ეკლესიის იატაკზე რამდენადმე მაღლაა, რის გამოც ეკლესიის კარის ღიობში კიბის რამდენიმე საფეხურია მოწყობილი. მინაშენი ეკლესიას თავდაპირველადაც ჰქონია. სამხრეთ კედლის თითქმის მთელ სიგრძეზე შემორჩენილია წყობიდან შვერილი ქებით გამოყვანილი თარო, რომელსაც, როგორც ჩანს, მინაშენის კამარა ეყრდნობოდა.

კოშკი ხუთწახნაგაა, დგას დიდი ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით არაწესიერი ხუთკუთხედის ფორმისაა, ნაგებია ნატეხი ქვით. ზედა ნაწილი მორღვეული აქვს. შემორჩენილია მისი მხოლოდ ორი სართული. I სართულზე დასავლეთ კედელში ფართო თაღოვანი კარია გაჭრილი. სართული ორი სხვადასხვა ზომის სადგომისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება გამმიჯნავ კედელში გაჭრილი ვიწრო გასასვლელით. სადგომის მოზრდილი ნაწილის ჩრდილოეთ კედელში ვიწრო სარკმელია, სამხრეთ კედელში - კარი, რომლითც იგი კოშკზე მიშენებულ მოგრძო სადგომს უკავშირდებოდა. სრთულის მცირე სადგომის კედლები ყრუა. კოშკის II სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია. სამხრეთ კედელში კარის წირთხლია შემორჩენილი. ამ კარით II სართული მინაშენის II სართულთან იყო დაკავშირებული. კოშკის აღმოსავლეთით, გალავნის გარეთ, კედლიდან I მეტრზე, ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაცილებული სამი სწორკუთხა ბურჯია, რომლებიც, როგორც ჩანს, კოშკის ზედა, ამჟამად მონგრეული ნაწილის საყრდენს ქმნიდა. იქვე ახლოს ნანგრევებად ქცეული ორი სწორკუთხა ნაგებობაა. კომპლექსის დანარჩენ ნაგებობათაგან მხოლოდ კვალია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]