ვეჯინის პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეჯინის პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, დგას სოფლის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ვეჯინის ციხისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს სასაფლაოზე, განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,5x5,5 მ.) ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები გამოყვანილია შირიმის მეტ-ნაკლებად დამუშავებული ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კედლის სამხრეთ ნაწილში აღმართულია ნახევარწრიული აფსიდი რაშიც თაღოვანი სარკმელი და მისი ორსავე მხარეს განიერი და მაღალი გეგმით ნახევარწრიული თითო თაღოვანი ნიშაა. საკურთხეველი სარკმლის გარდა, ერთი სწორკუთხა სარკმელია დასავლეთ კედელში,ორივე სარკმელის ღიობი შირიმის ნათალი ქვითაა გამოყვანილი. გარედან ეკლესიის ოთხივე კედლის სიბრტყე დანაწევრებულია საფეხურებით შეღრმავებული ორ-ორი თაღოვანი არით. რეებიც ფასადების პროპორციის შესაბამისად, გრძლივ ფასადებზე გაცილებით განიერია ვიდრე განივ ფასადებზე მოგვიანებით (დაახლოებით XIX საუკუნეში) ეს არეები რიყის ქვითა და აგურებით შეუვსიათ, ეკლესია შიგნიდან და გარედან მთლიანად შეულესავთ. კარის ღიობი კი საფლავის ქვით გამოუყვანიათ. 1989 წელს ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი არქიტექტორი ი. მოსულიშვილი). ეკლესიის ინტერიერის ნანგრევებიდან გაწმენდის შემდეგ გამოჩნდა კვადრატული აგურით (21X21X4 სმ) მოგებული იატაკი, რომლის ქვეშ, დაახალოებით 0,5 მეტრ სიღრმეზე გამოვლინდა უფრო ძველი აგურის იატაკის ნაშთები.

აგური მთლიანად იყო დაშლილი რის გამოც მათი ზომების დადგენა ვერ მოხერხდა. გარედან, ეკლესიის ჩრდილო დასავლეთ და ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხეებთან, მიწის წედაპირიდან 0,8 მეტრ სიღრმეზე გამოვლინდა ეკლესიის თავდაპირველი კედელი,რომელის მოზრდილი ზომის რიყის ქვით იყო ნაწყობი. სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად მოგვიანებით ჩაშენებული ფენისგან გათავისუფლდა ფასადების თაღოვანი შეღრმავებები: ოთხივე კედლის დანგრეული ნაწილები აღდგა ნაწილებად აგურით და მოეწყო აგურისავე საფეხუროვანი ლავგარდანი ჰორიზონტალური შემონაკეცებით განივ ფასადებზე: შიგნით ეკლესია გადაიხურა რკინაბეტონის კამარით ხოლო აფსიდი-კონქით.ინტერიერი შეილესა გაჯით და იატაკი დაიგო აგურით, ეკლესია გადაიხურა კრამიტით და ეკლესიის ირგვლივ დაიგო ქვაფენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]