ვერონიკა ჩერკასოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერონიკა ჩერკასოვა
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1959
გარდაცვალების თარიღი 20 ოქტომბერი, 2004 (45 წლის)
მინსკი, ბელარუსი
მოქალაქეობა ბელარუსი
საქმიანობა ჟურნალისტი

ვერონიკა ჩერკასოვა ( ბელარ. Вераніка Анатольеўна Чаркасава , Vieranika Anatoljeŭna Čarkasava , რუს. Вероника Анатольевна Черкасова , დ. 12 იანვარი, 1959 – გ. 20 ოქტომბერი, 2004 ) — ბელარუსი ჟურნალისტი. იგი მოკლეს 2004 წლის 20 ოქტომბერს. 2021 წლის მდგომარეობით მკვლელი არ არის ნაპოვნი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერონიკა ჩერკასოვა დაიბადა მინსკში, ბელარუსი, 1959 წლის 12 იანვარს. იგი მუშაობდა ტელევიზიაში 1980-იან წლებში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა დამოუკიდებელ ოპოზიციურ გაზეთში: „ბელარუსკაია დელავაია გაზეტა" (Беларуская дзелавая газета), (1990-იან წლებში), „ბელგაზეტა“ (БелГазета), (1995-2003) და ბოლოს, 2003-2004 წლებში გაზეთ „სოლიდარობისთვის“ (Salidarnaść). მოგვიანებით იგი სპეციალიზებული იყო საგამოძიებო ჟურნალისტიკაში და წერდა სოციალურ საკითხებზე, მათ შორის სტატიებს ბელარუსის რელიგიურ სექტებსა და ბოშათა თემებზე, მაგრამ ასევე გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსიასა და სადამ ჰუსეინის ერაყს შორის იარაღის უკანონო ვაჭრობის შესახებ. ის ერაყს ეწვია 2002 წელს, როგორც ჟურნალისტთა ჯგუფის წევრი, რომელიც ქვეყანაში იყო მიწვეული ბელარუსი ბიზნესმენების მიერ, რომელთაც პარტნიორები ჰყავდათ ერაყში. [1]

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩერკასოვა მოკლეს მინსკში, საკუთარ ბინაში 2004 წლის 20 ოქტომბერს. [2] [3] მას აღენიშნებოდა 40-ზე მეტი დარტყმა, ძირითადად ყელისა და ხელების არეში. [4] მისი ცხედარი ჩერკასოვას დედის შეშფოთების შემდეგ აღმოაჩინეს, რადგან ქალიშვილი სამსახურში არ გამოჩენილა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. გარდაცვლილი მისმა თინეიჯერმა შვილმა ანტონ ფილიმონოვმა და მამინაცვალმა ვლადიმერ მელეჟკომ აღმოაჩინეს. [5] [6] [7]

მკვლელი დღემდე არ გამოვლენილა. ბინაში შეჭრის ნიშნები არ აღმოჩნდა, სავარაუდოდ, კარი ჩერკასოვამ თავად გააღო. [6] ჟურნალისტები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას შეესწრნენ, იხსენებენ, რომ პოლიციელებმა თქვეს „პიონერი უნდა წავიყვანოთ“. პიონერში ისინი გულისხმობდნენ ვერონიკას შვილს. ბიჭი დაკითხეს ადვოკატისა და ნათესავების გარეშე, დაემუქრნენ, ზეწოლა მოახდინეს და შვილი იძულებული გახდა მოსკოვში გაქცეულიყო მამასთან, დიმიტრი ფილიმონოვთან. როდესაც მას შეატყობინეს, რომ ბრალს არ წაუყენებდნენ, ბიჭი დაბრუნდა მინსკში და დააკავეს თანხის გაყალბების ბრალდებით. იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს 2006 წლის აპრილში. [8] ანტონ ფილიმონოვს განუვითარდა მძიმე დეპრესია და გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. [9] ჩერკასოვას მამინაცვალზე ზეწოლას გამომძიებლებიც ცდილობდნენ, რათა ეღიარებინა მკვლელობა. [10] ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციამ, აზრის თავისუფლებისა და თავისუფლად გამოხატვის ორგანიზაციამ (IFEX) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს ჩერკასოვას ოჯახის შევიწროება და მოუწოდეს ბელარუსის ხელისუფლებას, რომ საქმის გამოძიება ნათელი და სამართლიანი ყოფილიყო. [11]

ოფიციალური გამოძიება შეჩერდა 2005 წლის დეკემბერში, ხელახლა დაიწყო 2006 წლის თებერვალში და კვლავ შეჩერდა 2006 წლის 14 მარტს, ეჭვმიტანილების არარსებობის გამო. ხელისუფლება არ დათანხმდა ჩერკასოვას მკვლელობის მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებას. საზღვრების გარეშე რეპორტიორების(RSF) ცნობით, გამოძიებამ უგულებელყო მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებდა, რომ მკვლელობა დაკავშირებული იყო ჟურნალისტურ საქმიანობასთან. ჟურნალისტების თქმით, ერთადერთი რამ, რაც მისი ბინიდან გაქრა, ერაყში ბოლო მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები იყო.

2012 წლის 19 ოქტომბერს ზოგიერთმა დაუდგენელმა პირმა სცადა შეჭრა მინსკის ბინაში, სადაც ჩერკასოვას დედა, მამა და შვილი ცხოვრობენ. ოჯახმა განაცხადა, რომ მათ 2004 წლიდან მათ მრავალჯერ ესტუმრა პოლიციის წარმომადგენელი. 2008 წელს მათი სახლი გაჩხრეკეს. [7]

2021 წლის მდგომარეობით საქმე ჯერაც არ არის გახსნილი, მკვლელი არ არის ნაპოვნი. [1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Serov, P.. (2021-10-20) Кем была Вероника Черкасова и почему после ее убийства появились вопросы к властям ru. BAJ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-24. ციტირების თარიღი: 2021-12-24.
  2. Belarusian Journalist Stabbed To Death In Minsk en. Radio Liberty (2004-10-21). ციტირების თარიღი: 2021-12-24.
  3. Independent journalist murdered en. RSF (2004-10-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-24. ციტირების თარიღი: 2021-12-24.
  4. No Justice for Journalists in Ukraine, Belarus and Russia en. Article 19. ციტირების თარიღი: 2021-12-24.
  5. Authorities shelve probe into Cherkasova's murder without ever finding any clues en. RSF (2005-12-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-24. ციტირების თარიღი: 2021-12-24.
  6. 6.0 6.1 Journalist killed in her apartment en. Committee to Protect Journalists (2004-10-21). ციტირების თარიღი: 2021-12-24.
  7. 7.0 7.1 Накануне годовщины убийства Вероники Черкасовой в ее квартиру ломились неизвестные ru. BDG (2012-10-19). ციტირების თარიღი: 2021-12-24.
  8. Son of slain journalist Veronika Cherkasova released on bail en. CPJ (2006-04-14). ციტირების თარიღი: 2021-12-24.
  9. Психоделы ru. Novaya Gazeta (2005-03-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-24. ციტირების თარიღი: 2021-12-24.
  10. Veronica Cherkasova: Murder Mystery en. BAJ (2014-07-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-24. ციტირების თარიღი: 2021-12-24.
  11. WAN concerned about investigation into murder of journalist Veronika Cherkasova en. IFEX (2005-04-19). ციტირების თარიღი: 2021-12-24.