ველის ციხე (არტაანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ველის ციხე
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
სტატუსი დანგრეული
ველის ციხე (არტაანი) — თურქეთი
ველის ციხე (არტაანი)

ველი — ციხე-სიმაგრე და სოფელი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ქვემო არტაანში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია 1921 წლიდან). სოფ. ველის ციხე მდებარეობს არტაანის მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ერუშეთისწყლის შესართავის აღმოსავლეთით 2,5 კმ-ზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით სოფელში, რომელიც შევიდა დიდი არტაანის ლივაში, 30 კომლიღა ცხოვრობდა. არტაანის სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ველელებმა შეინარჩუნეს ქრისტიანობა. 1737 წლიდან სოფლის მოსახლეობამ კათოლიკობაზე გადასვლა დაიწყო. 1829 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ველის ციხის მოსახლეობა აიყარა და გადასახლდა ახალქალაქის გარშემო მდებარე სოფლებში ― ბავრაში, ხულგუმოსა და კარტიკამში. ველის ციხიდან წასული თურქულენოვანი ქართველები დასახლდნენ თრიალეთის სოფ. რეხაში.

სოფლის დასავლეთით მდებარეობს ველის ციხე. პირველად იხსენიება მესხურ მატიანეში (1578 წ.), როდესაც იგი საათაბაგოს სხვა ციხეებთან ერთად აიღო მუსტაფა ლალა ფაშამ („ქაჯის ციხე, ველი და თეთრი ციხე წამუართუეს ურუმთა ...“).

1902 წელს ციხე მოინახულა და აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა. ციხე იდგა მტკვრის მაღალ და კლდოვან ნაპირზე, ჰქონდა მრავალი კოშკი და მაღალი გალავანი, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია მცირე სამლოცველოს ნანგრევები და ეკლესია. ეკლესია აფსიდიანია. აგებულია სუფთად გათლილი მუქი წითელი ქვით, გადახურულია ქვის ფილებით (ლორფინებით). დასავლეთის სარკმელი შემკულია ორი კვეთილი ჯვრით, ხოლო აღმოსავლეთის სარკმელი – თაღით, რომლის ქვეშ ამოკვეთილ უთარიღო წარწერაში მოხსენიებულია ვინმე გუარამი. იგივე გუარამი იხსენიება ეკლესიის გვერდით აღმართულ რვაწახნაგა ბოძის წარწერაშიც. ე. თაყაიშვილის აზრით, ორივე წარწერა თანადროულია, ამიტომ ბოძის წარწერაში აღნიშნული თარიღი 954 თავისთავად ათარიღებს ეკლესიასაც, რასაც ძეგლის ხუროთმოძღვრული და მხატვრული სახეც ადასტურებს. ეკლესია მოხატული იყო. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით მხატვრობა მაღალ დონეზე იყო შესრულებული. საკურთხევლის მარჯვნივ გამოსახული იყო თეთრ ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი, რომელიც გმირავს გველეშაპს. საკურთხევლის მარცხნივ, სავარაუდოდ, წმ. თევდორე ან წმ. დიმიტრია გამოსახული. საკურთხეველში კიდევ წმინდანთა 5 ფიგურაა. საკურთხევლის დასავლეთით გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის დარბაზია, რომლის გადამხური კამარა საბჯენ თაღებს ეყრდნობოდა.

1878 წელს ველის ციხე არტაანის მხარესთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა და ახალშექმნილი ყარსის ოლქის არტაანის (არდაჰანის) ოკრუგში შევიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975;
  • სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), ქრ. შარა-შიძის გამოც., თბ., 1961;
  • ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958;
  • Беридзе В. В., Место памятников Тао-Кларджети в истории Грузинской архитектуры, Тб., 1981;
  • Христианские памятники. Экскурсия Е. Такайшвили, «Материалы по археологии Кавказа», 1902, вып. 12.