ვაჩნაძიანის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჩნაძიანის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთით, გუჯიაურებად წოდებულ ტერიტორიებზე, ოთხსართულიანი კოშკებიდან ათიოდე მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,6X5,5 მ),ნაგებია რიყის წვრილი ქვითა და კირის დუღაბით - წყობაში მეტნაკლებად გამოყვანილია სწორხაზოვანი რიგები. შიგნით კედლები შელესილი და შეთეთრებულია.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ჩამოშლილია საბურავი,ლავგარდნის უმეტესი ნაწილი და აქა-იქ კედლების ზედა ნაწილები,დაბზარულია კამარა.

ერთადერთი შესასვლელი დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილშია გაჭრილი. ღიობი გარედან გადახურულია კვადრატული აგურით ნაწყობი ოდნავ შეისრული თაღით, შიგნით კი - მოზრდილი ზომის ბრტყელი ქვით (თარაზულად). ნახევარწრიულ აფსიდში დაბალია და განიერი თაღოვანი სარკმელია და მის სამხრეთით მდებარე მცირე კვადრატული ნიშაა. აფსიდის თაღი დადაბლებული პროპორციებისაა, მისი წვერი აგურითაა გამოყვანილი. აფსიდის თაღის ანალოგიური ფორმისაა კამარიც.

ეკლესიის ფასადები მოურთველია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თაღი აგურითაა გამოყვანილი. კედლები დასრულებული ყოფილა აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნით (ნაწილობრივ შემორჩენილია აღმოსავლეთ ფასადზე), რომლის ქვედა საფეხური შედგენილია კუთხით შვერილი აგურებით, მეორე - ჩვეულბრივად დაწყობილი აგურის ორი რიგით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]