ვაჩეძორის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჩეძორის მონასტერი

ვაჩეძორის მონასტერი ე. თაყაიშვილის ექსპედიციისას. 1907

ვაჩეძორის მონასტერი — თურქეთი
ვაჩეძორის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°52′14″ ჩ. გ. 41°59′21″ ა. გ. / 40.8705972° ჩ. გ. 41.9892000° ა. გ. / 40.8705972; 41.9892000
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო

ვაჩეძორის მონასტერიIX საუკუნის ქართული სამონასტრო კომპლექსი თურქეთში, ისტორიული ტაოს სოფელ ნიაკომის, თანამედროვე სოფელ ქეჩილის (თურქ. Keçili) სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წელს ე. თაყაიშვილმა ძეგლი პირველმა გამოიკვლია სამხრეთ საქართველოში არქეოლოგიური ექსპედიციის დროს. სამონასტრო კომპლექსში შედიოდა წმ. სტეფანეს გუმბათოვანი ეკლესია, მის ირგვლივ განლაგებული გვიანდ. მინაშენები (უკვე დანგრეული) – სამრეკლო, საოსტიგნო, სალარო, კამარიანი დარბაზები (ერთ-ერთი, როგორც ჩანს, სატრაპეზო იყო), დიდი დარბაზული ეკლესია და სხვ. ე. თაყაიშვილმა მიაგნო მთავარი ტაძრის ასომთავრულ წარწერას (ჩაშენებული იყო სხვა ნაგებობაში), საიდანაც ირკვევა, რომ ტაძრის ეგვტერი აგებულია 1306 წელს ქართველთა და აფხაზთა მეფე დემეტრეს ასულ რუსუდანის საფასით. მეორე ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერა სამრეკლოს მეორე სართულზე იყო, ოსტატის გამოსახულების გვერდით. მონასტრის სახელწოდება „ვაჩეძორი“ ე. თაყაიშვილმა დაადგინა მონასტრის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში აღმოჩენილი XV საუკუნის საბუთების მიხედვით (მანამდე იგი „ვანქად” იწოდებოდა). XI საუკუნის ერთ-ერთი ქართული ხელნაწერის მინაწერში მოხსენიებულია გრიგოლ ვაჩეძორელი, რომელსაც იგი გადაუწერია შატბერდის ლავრაში. როგორც ჩანს, მაშინ ვაჩეძორის მონასტერი უკვე არსებობდა. შემორჩენილი ფოტოებისა და ანაზომების ანალიზის შედეგად ძეგლის აგების თარიღმა IX ს-ში გადაინაცვლა. მონასტრის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში ნაპოვნი საბუთები მხედრულითაა ნაწერი, ამათგან ერთი მონასტრის დადგენილებაა, 2 – ნასყიდობის წიგნი და 3 – წერილი. ყველა შედგენილია მონასტრის მოძღვრისა და კრებულის მიერ. ვაჩეძორის დადგენილებიდან ვიგებთ, რომ მონასტრის მოძღვარს, კანდელაკსა (მნათე) და კრებულს ერისთავთერისთავისა და მეჭურჭლეთუხუცეს ზაზა ფანასკერტელისათვის უთხოვია, გაეთავისუფლებინა ვაჩეძორი სამონასტრო გადასახადისაგან – ალავისაგან. მას თხოვნა შეუწყნარებია და გადაუცია გუჯარი „თავსა და ბოლოს ფიცით”. კრებულს ზაზასთვის 6 წირვა დაუწესებია წელიწადის სადღესასწაულო დღეებში. კრებული პირობას დებდა, რომ თუ ერისთავი შემდეგში რაიმე ახალ გადასახადს შემოიღებდა, ისინი მას შეკრებდნენ და ერისთავს დროულად წარუდგენდნენ, ალავის გაუქმებას კი ამ ახალ გადასახადზე უარის სათქმელად არ გამოიყენებდნენ. სხვა საბუთები უმნიშვნელოა და ნაკლული, მაგრამ მათშიც არის ნახსენები ტაოს მაშინდელი პუნქტები: ხავაღი, ნამორეთი, პარგრძორი, ორისი. ამ საბუთებიდან ნათლად ჩანს, რომ XV საუკუნის I ნახევარში, ჯაყელთა გაძლიერების მიუხედავად, ფანასკერტელებს ტაოში კვლავ მიუწვდებოდათ ხელი მონასტრებსა და ციხეებზე (ვ., ხავაღი, ოლთისი და სხვ.). შემდგომი წლების წერილობით წყაროებში ვაჩეძორი აღარ იხსენიება; როგორც ჩანს, მისი სახელი მიივიწყეს. გვხვდება მხოლოდ იქვე არსებული სოფელი ნიაკომი ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში (1694–1732). აქ იგი ტაოსკარის ნაჰიეს არტანუჯის ლივაშია დასახელებული.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჩეძორის მთავარი ტაძარი გუმბათოვანი ნაგებობა იყო, რომლის გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობოდა. ნაგებია სწორ რიგად ნაწყობი პატარ-პატარა უხეშად დამუშავებული ქვით. მრგვალი გუმბათის ყელი დაბალი და ფართოა. იგი ეყრდნობა ტრომპებს, რომლებიც IX საუკუნის შემდეგ აღარ გვხვდება. ძეგლს არ ამკობს კვეთილი ორნამენტი (იგი X საუკუნის I ნახევრიდან იჩენს უკვე თავს). ერთადერთი ძლიერ დაზიანებული რელიეფი შედარებით ადრეულ ხანაზე მიუთითებს.

თავდაპირველად ტაძარი ერთიანად მოხატული ყოფილა. როდესაც იგი ე. თაყაიშვილმა მოინახულა, მოხატულობის მხოლოდ ფრაგმენტებიღა იყო შემორჩენილი. გუმბათის ყელში გამოსახული იყვნენ წინასწარმეტყველნი, რომელთაც ხელში გრაგნილები ეჭირათ, და მიქელ მთავარანგელოზი (ქართ. წარწერებით), საკურთხეველში – ეკლესიის მამები, სხვადასხვა ადგილზე – იოაკიმე და ანა, იოანე ღვთისმეტყველი და სხვ. ფრესკებით იყო შემკული მთავარი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარი ერთნავიანი ნაგებობაც, რომელიც, ე. თაყაიშვილის აზრით, მოგვიანებით გადააკეთეს ეკლესიად. მან აქ გაარჩია ასომთავრულით შესრულებული რამდენიმე წარწერა. ამ ფრესკებს იგი ეკლესიის მოხატულობასთან შედარებით უფრო მოგვიანო ხანას მიაკუთვნებდა (XV ს.).

ორსართულიანი სამრეკლო საქართველოში გავრცელებულ სამრეკლოთა ტიპისაა – გეგმით კვადრატული ქვედა სართული, სადაც მონასტრის გალავნის შესასვლელია მოწყობილი, და II სართულის რვაწახნაგა, თაღებით გახსნილი ფანჩატური.

მონასტრის ხელნაწერების ფრაგმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ტაოს სოფელ ორთისში, თანამედროვე სოფელ ეღლეკში (Eğlek), ადგილობრივმა მცხოვრებმა ხელნაწერის 4 ფრაგმენტი 2012 წელს ვაჩეძორის მონასტერთან მდებარე გამოქვაბულში იპოვა. ფრაგმენტები ოთხ სხვადასხვა ხელნაწერს უნდა ეკუთვნოდეს. ერთ-ერთი, ყველაზე მცირე ფრაგმენტი შესრულებულია ტყავზე. პირველადი მონაცემით ოთხივე ფრაგმენტი სხვადასხვა პერიოდსა და ხელნაწერს ეკუთვნის, ყველაზე მცირე ფრაგმენტი შესრულებულია პერგამენტზე და IX-X საუკუნეებით თარიღდება, დანარჩენი სამი XI, XII და XIII საუკუნეებს ეკუთვნის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 205-206.
  • ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძისა და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979.
  • ბერძენიშვილი დ., ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, [ტ.] 1;
  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938;
  • Беридзе B. В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981. ვ. ბერიძე. დ. ბერძენიშვილი.
  • ხოშტარია დ.,„წმ.სტეფანეს ეკლესია ვაჩე-ძორის მონასტერში“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 99 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1997 წელი. — გვ. 23-35
  • კალმახის ციხე და დიდი მონასტერი ვაჩი-ძორი //თაყაიშვილი ე. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგალში 1907 წელს. - პარიზი. - 1938. - გვ.54-70. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.354-361.
  • სხირტლაძე ზ. ახალი მასალები საქართველოს სამხრეთი პროვინციების მოხატულობათა შესახებ //საბჭოთა ხელოვნება. - 1986. - N3. - გვ.125-135.
  • ტაო - კლარჯეთის ძეგლების ფოტოთეკა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული. - 1998. - გვ.113-114.
  • ბარნაველი თ. რამდენიმე წარწერა სამხრეთ საქართველოს ისტორიული პროვინციებიდან //მაცნე. - 1970. - N1. - გვ.155-160.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]