ერედვის ბერის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერის საყდარი
ერედვის ბერის საყდარი — საქართველო
ერედვის ბერის საყდარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°14′46″ ჩ. გ. 44°01′26″ ა. გ. / 42.24611° ჩ. გ. 44.02389° ა. გ. / 42.24611; 44.02389
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ბერის საყდარიX საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ერედვის მახლობლად (ერედვის მუნიციპალიტეტი).

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგებობა წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას, ამაღლებული შუა ეკლესიით, რომელსაც ორფერდა სახურავი აქვს. შუა ეკლესიას სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით უვლის გარშემოსავლელი, რომელსაც ცალფერდა სახურავი აქვს.

ეკლესია ნაგებია მუქი წითელი და ღვინისფერი, კარგად თლილი ქვით. წყობა სწორხაზოვანია.

ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სატრიუმფო თაღი აფსიდის შვერილებს ეყრდნობა. გრძივი კედლები სამსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. ამ პილასტრების და მათი მოპასუხე აღმოსავლეთი და დასავლეთი კუთხის პილასტრების წინა საფეხურს კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა, დანარჩენ ორ საფეხურს კი ორსაფეხურიანი კედლის თაღები. პილასტრები დაგვირგვინებულია იმპოსტებით. იმპოსტების მაღალ ტანს ოდნავ ირიბად წაკვეთილი ფორმა აქვს. მის თავზე თაროა გამოკვეთილი. შუა ეკლესიაში სამი სარკმელია — ერთი აღმოსავლეთით და ორი სამხრეთით. სამხრეთის სარკმლები კედლის თაღების შუა ღერძზეა განლაგებული. შესასვლელი სამია — დასავლეთის და ჩრდილოეთის არქიტრავული, ხოლო სამხრეთის თაღოვანია. თაღში ტიმპანის ქვაა. ტიმპანზე შემოვლებულია რელიეფურად მოჩუქურთმებული სათაური.

გარშემოსასვლელს მთლიანი, დაუნაწევრებელი გალერეის სახე აქვს. აღმოსავლეთით იგი აბსიდებით მთავრდება. გალერეას სამხრეთით ორთაღოვანი შესასვლელი ჰქონდა, მეორე მცირე კარი დასავლეთით. ასეთივე კარი იყო ჩრდილოეთითაც, ამჟამად იგი განადგურებულია. გარშემოსასვლელის კედლები მოპირკეთებული ყოფილა უხეშად თლილი ქვით. ასევე თლილი ქვით იყო გადაყვანილი სამხრეთის კამარა, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილებია შემორჩენილი.

აღმოსავლეთ ფასადის შუაში, სარკმლის ირგვლივ, განლაგებულია ცალკეული დეკორატიული ელემენტები: სარკმლის ოთხკუთხა, მთლიან ქვაში გამოკვეთილი, მოჩუქურთმებული საპირე, ბრტყელი სათაური, ჯვარი მის თავზე და კიდევ ორი მსგავსი ჯვარი საპირის აქეთ-იქით. სამივე ჯვრის ცენტრისკენ შევიწროებული მკლავები პარალელური ღარებითაა დასერილი. ქვედა მკლავები ფოთლებად იშლება.

სამხრეთი ფასადი წარმოადგენდა ორ ვიწრო, გრძელ მასივს. სამხრეთი შესასვლელიდან შემორჩენილია ნაწილობრივ მიწაში ჩაფლული სვეტი. ამ სვეტისთავისა და მასზე გადაყვანილი თაღების მოჩუქურთმებული ფრაგმენტები ცალკე დევს მიწაზე.

დასავლეთი და ჩრდილოეთი ფასადები საერთო ფორმათა აგებულებით აღმოსავლეთის და სამხრეთის ფასადებს იმეორებენ.

ეკლესია დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. კამარა და კონქი ჩამოქცეულია, დანგრეულია გარშემოსავლელი და საკურთხეველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14772