დიმიტრი ჭალაგანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი ჭალაგანიძე
დაბადების თარიღი 1836
მარტვილი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1917
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქმიანობა სასულიერო მოღვაწე, მგალობელი
მშობლები მამა: როსტომ ჭალაგანიძე

დიმიტრი ჭალაგანიძე (დ. 1836, მარტვილი ― გ. 1917) — ქართველი მომღერალ-მგალობელი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი (დიტო) ჭალაგანიძე ტრადიციულ მგალობელთა საგვარეულოდან წარმოდგებოდა. მისი პაპის მამა, რომელიც წარმოშობით გურიიდან იყო, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ჭყონდიდის ეპისკოპოსის მიწვევით გადასულიყო მარტვილში, ადგილობრივი მონასტრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელად, იქვე დაქორწინებულიყო ადგილობრივი მღვდლის―გაწერელიას ქალიშვილზე და დასახლებულიყო. იქვე მოღვაწეობდა მისი შთამომავლობაც, მათ შორის, დიმიტრის მამა ― როსტომიც, რომელიც ასევე ცნობილი მგალობელი იყო და ვაჟსაც შეასწავლა გალობის ხელოვნება[1].

დიმიტრი ჭალაგანიძეს პროფესიული მუსიკალური განათლება არასოდეს მიუღია. ამის მიუხედავად, ბუნებრივი ნიჭის წყალობით, იგი ბრწყინვალედ ფლობდა მრავალ საგალობელს და ჰქონდა მათი ჩაწერის თავისებური სისტემა, რითიც შემდგომში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ფილიმონ ქორიძეს და ანდრია ბენაშვილს, რომელთაც საგალობლები ნოტებზე გადაჰქონდათ. ასწავლიდა სიმღერა-გალობას ჯერ მარტვილის, შემდეგ-ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში. მარტვილის სასწავლებელში მისი მოწაფეები იყვნენ იონა მეუნარგია, თედო ჟორდანია, თედო სახოკია, მიხა ცხაკაია. იყო „გალობის აღმადგინებელი კომიტეტის“ წევრი, რაჟდენ ხუნდაძესთან, ივლიანე წერეთელთან და ანტონ დუმბაძესთან ერთად[2].

დიმიტრის ბუნებრივი ხმა ბანი იყო, თუმცა, იგი საგალობლების ყველა ხმას სრულყოფილად ფლობდა (ანუ, იყო ე.წ. სრული მგალობელი). სახელგანქმული იყო მისი ტრიო, სადაც დიმიტრის (ბანის) გარდა, გალობდნენ მისი ვაჟი ანდრია (მეორე ხმა) და თეიმურაზ გეგეჭკორი (პირველი ხმა). გადმოცემის თანახმად, დიმიტრი ჭალაგანიძის ლოტბარობით, მას, თეიმურაზ გეგეჭკორსა და ანტონ დუმბაძეს მარტვილის ტაძარში პეტრეპავლობის წირვის დროს, გალობით წაუკითხავთ დავითნი[1].

დიმიტრი ჭალაგანიძის მოსწავლეები იყვნენ შემდგომში ცნობილი მომღერლები და ლოტბარები კიწი გეგეჭკორი და რემა შელეგია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]