მარტვილის მონასტერი
მარტვილის მონასტერი — ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი ქალაქ მარტვილში, სამეგრელო.
სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც თითქმის მთელი იმერეთ-სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ამჯამად ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა.
ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლიერ დააზიანა იგი. რის გამოც X საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა საფუძვლიანად შეაკეთებინა იგი. სავარაუდოდ, ამის გამო მიაწერს "ქართლის ცხოვრება" გიორგის მარტვილის ეკლესიის აღშენებას. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს და მოუშენეს ეკვდერები. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით.
ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი .
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
უხსოვარი დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიური ცენტრი იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი-ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ აქ მდებარე მუხის ადგილას აშენებულა (თარიღი უცნობია) ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა.
გვიან, მე-7 საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს - მოჭრილ მუხის ფესვებს დაეფუძნა.
მარტვილ-ჭყონდიდის მანასტერი მე-10 საუკენეში ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდად. მე-10 საუკენეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩხი — ჰიმნოგრაფი.
მარტვილ ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. "ქართლის ცხოვრების" ცნობით ბაგრატ IV მარტვილის მონასტერშია დამარხული.
მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.
[რედაქტირება] არქიტექტურა
მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი -უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის ტაძარი ჯვრის ტაძარზე მცირეა, ცალკეულ ნაწილთა შეფარდების ცვლილებების შედეგად შექმნილია დიდი და მსუბუქი შინაგანი სივრცის შთაბეჭდილება, სხვაგვარია ფასადთა რელიეფებიც. ცალკეული დამოუკიდებელი კომპოზიციების ნაცვლად აქ უწყვეტი ფრიზებია, შესრულების ხასიათი კი უფრო დეკორაციულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატშია ჩართული და გარკვეულ რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება. ფრაზებზე ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებია გამოსახული (მაგ., დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება 4 ანგელოზის მიერ და სხვა).
X საუკუნეში, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს: დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, ამიტომ იგი გარედან აღარ მოგვაგონეს ჯვრის ტიპის ძეგლს. დასავლეთის ეგვტერიც ასევე X საუკუნისაა. ინტერიერი სხვადასხვა დროს (XVI-XVII სს.) არის მოხატული. ტაძრის გვერდით დგას მცირე ორსართულიანი ეკლესია (დაახლოებით X ს.).
[რედაქტირება] მონასტრის სახელოვანი მწიგნობრები
მარტვილში მოღვაწეობდნენ ქართული სულიერების მატარებელი მწიგნობრები და განმანათლებლები:
- სტეფანე სინანოის ძე ჭყონდიდელი - მე-10 ს.
- გიორგი ჭყონდიდელი - მე-11 ს.
- იოანე ჭყონდიდელი - მე-11 ს.
- სვიმონ ჭყონდიდელი - მე-12 ს. - ცნობილი კალეგრაფი და გადამწერი
- ანტონ გნოლისთავიძე, იგივე ანტონ ჭყონდიდელი (თამარის თანამედროვე, თარგმნა წიგნი "სააქიმიო")
- არსენ ჭყონდიდელი - მე-13 ს.
- ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი (ფილისოფოსი, თარგმნა ლოღიკის სახელმძღვანელო)
- რომანოზ მესვეტე - მე-19 ს.
მათ შორის ყველაზე გამორჩეული გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და "თანაგამკაფელი ყოველთა გზათა" იყო.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
- ჩუბინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936;
- ბერაძე თ., მენაბდე ლ., საღარაძე შ., ქსე, ტ. 6, გვ. 458, თბ., 1983