დიკლოს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიკლო (მრავალმნიშვნელოვანი).

დიკლოს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დიკლოში.

იგი დათარიღებულია გვიანი შუა საუკუნეებით. კვადრატული ნაგებობისთვის საშენ მასალად გამოყენებულია ადგილობრივი არქიტექტურისათვის ტრადიციული ფიქალის ქვა, მშრალი წყობით. მის სართულიანობაზე საუბარი დღესდღეობით ძალზე რთულია, რადგან კედლები მხოლოდ მეორე სართულის დონემდეა შემორჩენილი. ტრადიციულად კოშკის ფასადები სიმკაცრით გამოირჩევა და მინიმალურადაა დანაწევრებული არქიტექტურული ელემენტებით. ერთ-ერთ ფასადზე შემორჩენილია მხოლოდ ერთი თაღოვანი მოყვანილობის კარი პირველი სართულის დონეზე და ორი სათოფური მის თავზე. მეორე ფასადზე, მეორე სართულის დონეზე იკითხება ასევე თაღოვანი დიდი სარკმელი ან შესასვლელი და ორი კვადრატული ფორმის სათოფური. კოშკი, სოფლის სათავდაცვო ნაგებობას წარმოადგენდა, რომელსაც მაცხოვრებლები შემოსევების დროს თავს აფარებდნენ. კოშკი მაღალი ურბანული და მხატვრული ღირებულებების მატარებელი ძეგლია, მისი არქიტექტურა, ნასოფლარში არსებულ მეორე კოშკთან ერთად, ერთიან სათავდაცვო კომპლექსს ქმნიდა სოფლისთვის, ამიტომ მისი დაცვა-შენარჩუნება სოფელ დიკლოს არქიტექტურული მემკვიდრეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24934