დიდოური ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეზური ანუ დიდოური ენა (ცეზიას მეც) განეკუთვნება იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ქვეჯგუფს. იგი გავრცელებულია დაღესტნის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაცია) წუნტის რაიონში - ისტორიულ დიდოეთში. დაღესტანში ცეზურად ლაპარაკობს 20 ათასამდე კაცი - დიდოელები. გარდა ამისა, ცეზურად მოლაპარაკე მოსახლეობა არის თურქეთში (2 ათასამდე კაცი, გადასახლდნენ დიდოეთიდან მუჰაჯირობის დროს XIX საუკუნის 70-იან წლებში) და საქართველოში - ყვარლის რაიონის სოფელ ჩანთლისყურესა და სარუსოში (ასამდე კაცი).

ცეზურში გამოიყოფა ქიდიროულ-ასახური და საჰადური დიალექტები. მათ შორის განსხვავება უმნიშვნელოა. ხსენებულ ენას ასევე ფლობენ სხვა დიდოური ტომებიც: ჰინუხელები, კაპუჭელები (ბეჟიტელები) და ჰუნზიბელები, რომლებიც ლაპარაკობენ ცეზურის მონათესავე ენა-კავებზე. ამასთან ჰინუხური ენა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცეზურის მესამე დიალექტი.

ცეზური უმწერლობო ენაა. დიდოელები სამწერლობო ენის სტატუსით იყენებენ ხუნძურს და ქართულს. ამ ბოლო დროს დაღესტანში არის ტენდენცია, შეიქმნას ცეზური ლიტერატურული ენა. ამ ენაზე ქმნიან საკუთარ ნაწარმოებებს ახალგაზრდა ავტორები: მუჰამედ ლაბაზან-ჰაჯი, რომალიავზას არსენი, აბაქარეს ხალილი და ა.შ. სხვათა შორის, ცეზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე შექმნა მუჰამედ ლაბაზან-ჰაჯიმ, თუმცა უფრო მეტად გავრცელებულია ხუნძურ კირილიცაზე დაყრდნობით შექმნილი ანბანი. ქართულ ენათმეცნიერებაში ცეზურს "დიდოურ ენას" უწოდებენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]