დაღესტნური ენები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

██ ნახური ენები

██ ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ენები

██ დარგუული ენები

██ ლაკური ენა

██ ლეზგიური ენები და ხინალუღური

დაღესტნური ენები, მრავალრიცხოვანი მონათესავე ენების ჯგუფი; შედის ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახში. გავრცელებულია დაღესტნის რესპულიკასა და აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ზოლში. გამოიყოფა რამდენიმე ქვეჯგუფი: ხუნძურ-ანდიური-დიდოური, ლეზგიური და დარგუული ენები და აგრეთვე ლაკური და ხინალუღური ენები.

ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ენები[რედაქტირება]

ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ენები გავრცელებულია დაღესტნის მთიანეთის ცენტრალურ და დასავლურ ნაწილში, აგრეთვე აზერბაიჯანის ზაქათალის რაიონში. ხუნძური სამწერლობო ენაა, ანდიური (ანდიური, ბოთლიხური, ღოდობერიული, ჭამალალური, ბაგვალალური, ტინდიური, კარატული, ახვახური) და დიდოური ენები კი (დიდოური, ხვარშიული, ჰინუხური, ჰუნზიბური, ბეჟიტური) — უმწერლობო. ამ ენებზე მეტყველთათვის სალიტერატურო ენაა ხუნძური. თითოეულ ამ უმწერლობო ენაზე დაახლოებით 3-5 ათ. კაცი ლაპარაკობს (საერთოდ ხუნძურ ენაზე დაახლოებით 400 ათ. კაცი). ანდიურ ენათაგან ზოგიერთი შეიძლება ერთმანეთის კილოებად ჩაითვალოს. ასეთივე მდგომარეობაა დიდოურ ენებშიც.

ლაკური და დარგუული ენები[რედაქტირება]

ლაკური და დარგუული გავრცელებულია დაღესტნის ცენტრალურ ნაწილში. ორივე ენა სამწერლობოა. ლაკური დიალექტურად ერთგვაროვანია, დარგუულს კი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული დიალექტები აქვს (მ. შ. კუბაჩური).

ლეზგიური ენები და ხინალუღური[რედაქტირება]

ლეზგიური ენებია: ლეზგიური, თაბასარანული, აღულური, რუთულური, წახური, არჩიბული, კრიწული, ბუდუხური, ხინალუღური, უდიური. ლეზგიურ ენათა უმეტესობა სამხრეთ დაღესტანშია გავრცელებული, ზოგი კი (კრიწული, ბუდუხური, ხინალუღური, უდიური, ნაწილობრივ წახურული) — აზერბაიჯანში (უდიების ერთი სოფელი არის საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში). ლეზგიურ ენათაგან სამწერლობოა ლეზგიური და თაბასარანული. არჩიბული და ხინალუღური მნიშვნელოვნად შორდება საერთო ლეზგიურ ნორმას. ზოგი თავისებურება აქვს უდიურსაც.

ზოგადი დახასიათება[რედაქტირება]

დაღესტნურ ენათა ბგერითი სისტემა სხვადასხვანმაირია. ენათა უმეტესობაში 4-5 მარტივი ხმოვანია, ზოგან დასტურდება გრძელი და ნაზალიზებული ხმოვნები (ანდიურ ენებში), ფარინგალიზებული ხმოვნები (უდიურში), ლაბიალიზებული ხმოვნები (დიდოურ ენებში). თანხმოვანთა სისტემა რთულია. ხშულ თანხმოვანთა სამეულები (მჟღერი-ფშვინვიერი-მკვეთრი) გვხვდება ყველა ენაში; ხშირია დაპირისპირება ყრუ თანხმოვნებში ინტენსივობის ხარისხით (ძლიერი-სუსტი; ხუნძურში, დარგუულში, ლეზგიურში), გვხვდება პალატალიზებული, ლაბიალიზებული და ფარინგალიზებული თანხმოვნებიც.

მორფოლოგიაში აღსანიშნავია გრამატიკული კლასის სემანტიკური კატეგორიის არსებობა. ზოგ ენაში ეს კატეგორია გამქრალია. კლასებად დაყოფისას ჩვეულებრივ ერთმანეთს უპირისპირდება ადმაიანის და ნივთის კლასები, რომელიც ზოგჯერ დიფერენცირებულია მამაკაცთა და ქალთა, ნივთთა და ცხოველთა კლასებად. ბრუნება განვითარებულია. გამოიყოფა 4-5 ძირითადი ბრუნვა და 2-3 ათეული თანდებულიანი ანუ ადგილობითი ბრუნვა. ყველა ენაში დასტუყრდბეა ერგატივი, რომლიეც გამოყენებულია გარდამავალი ზმნის ქვემდებარის აღსანიშნავად. სახელობითი გაუფორმებელია. სახელობითის ფუძე უპირისპირდება სხვა ბრუნვათა ფუძეს. ნაცვალსახელებში ბევრგან გარჩეულია ინკლუზიგი და ექსკლუზივი.

ზმნა იცვლება კლასების, რიცხვის, დრო-კილოთა მიხედვით. ზმნაში აღინიშნება სახელობითში დასმული სახელის კლასი. პირის კატეგორია დადასტურებულია ზოგ ენაში; მაგ., დარგუულსა და ლაკურში ზმნა იცვლება როგორც კლასის, ისე პირის მიხედვით, უდიურში — მხოლოდ პირის მიხედვით. მესამე პირი ხშირად უნიშოა. ლეზგიურში ზმნა არ იცვლება არც კლასის და რიცხვის, არც პირის მიხედვით: პირველი დაიკარგა, მეორე კი არ განვითარდა. მორფოლოგიაში ბატონობს აგლუტინაცია.

სინტაქსში გარდამავალ ზმნას ერგატიული კონსტრუქცია აქვს, გარდაუვალს — მონიმატიური; გრძნობა-აღქმის ზმნებს — დატიური ან ლოკატიური. რთული დამოკიდებული წინადადების ნაცვლად ჩვეულებრივია მიმღეობიანი, აბსოლუტივიანი და მსგავსი კონსტრუქციები.

საკუთარი ლექსიკა საკმაოდ კარგადაა დაცული; მრავლად გვხვდება როგორც მეზობელი ენებიდან, ისე არაბულიდან, სპარსულიდან, თურქულიდან შემოსული სიტყვები. ბოლო ხანებში მეტად მნიშვნელოვანია რუსულიდან ნასესხები ლექსიკის როლი.

დაღესტანში სალიტერატურო ენები ამჟამად იყენებენ რუსულ გრაფიკის საფუძველზე შექმნილ ანბანს. ადრე (XVIII საუკუნიდან) შეეცადნენ გამოეყენებინათ არაბული ანბანი (ლაკურზე, ხუნძურზე). დაღესტანში გვხვდება ქართული წარწერებიც (არაუგვიანეს XIV საუკუნისა), ზოგი მათგანი ქართულ-ხუნძურია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ტ, გუდავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. III, გვ. 406, თბ., 1978 წელი.
  • Языки народов СССР, т. IV, Иберийско-кавказские языки, М.-Л., 1966.
  • Алексеев М. Е., Нахско-дагестанские языки // Языки мира. Кавказские языки. М., 1999.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]