დიდი გამოფენა (ლონდონი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი გამოფენა ჰაიდ-პარკში 1851 წელს.
უზარმაზარი "ბროლის სასახლე" სულ რაღაც ცხრა თვეში აიგო.
დიდი გამოფენის მთავარი შესასვლელი.

დიდი გამოფენა (Great Exhibition, ასევე ცნობილი როგორც Crystal Palace Exhibition) იყო საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ჩატარდა ჰაიდ-პარკში, ლონდონი, 1851 წლის 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე და პირველი იყო მსოფლიო კულტურული და ინდუსტრიული მიღწევების ექსპოზიციათა სერიაში — ერთობ პოპულარული ღონისძიება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში.

საერთაშორისო ინდუსტრის მიღწევათა დიდი გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ პრინცი ალბერტი, ჰენრი კოული, ფრენსის ფულერი და სამეფო აკადემიის სხვა წევრები, ხელოვნების, წარმოებისა და კომერციის წახალისების მიზნით, და თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოლოგიისა და დიზაინის მიღწევების აღსანიშნავად. კრიტიკოსთა შეხედულებით დიდი გამოფენა 1844 წელს საფრანგეთის ინდუსტრიული ექსპოზიციის უაღრესად დიდი წარმატების გამოძახილი იყო.

გამოფენის მოსაწყობად სპეციალური შენობა, მეტსახელით "ბროლის სასახლე", დააპროექტა ჯოზეფ პაქსტონმა (სტრუქტურული ინჟინერი ჩარლზ ფოქსის დახმარებით). არქიტექტურულად საკმაოდ გაბედული შენობა პაქსტონის მიერ დევონშირის გრაფისთვის ზამთრის ბაღის პროექტის გამოცდილებით შეიქმნა ლითონის ჩონჩხითა და მინით, რომელიც ბირმინგემსა და სმეტნიკში დამზადდა, რასაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მასიური მინის შენობა 563 მ იყო სიგრძეში და 138 მ სიგანეში და სულ რაღაც ცხრა თვეში დასრულდა. შენობა მოგვიანებით გადაიტანეს სიდენჰემში, სამხრეთ ლონდონი.

დიდი გამოფენა ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა, ამონაგებმა £186,000 შეადგინა, რაც ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმის, მეცნიერების მუზეუმისა და ბუნების ისტორიის მუზეუმების დაარსებისთვის გამოიყენეს. ეს მუზეუმები გამოფენის სამხრეთით ააგეს, იმპერიული ინსტიტუტის გვერდით - ამ ადგილს შემდეგ ალბერტოპოლისი დაერქვა.

გამოფენას ურთიერთწინააღმდეგობრივი რეაქცია ჰქონდა საზოგადოებაში. ზოგი შიშობდა, რომ დამთვალიერებელთა დიდი მასა შეიძლება რევოლუციურ ბრბოში გადაზრდილიყო, მაშინ როდესაც ისეთი რადიკალები, როგორც კარლ მარქსი, მას ნივთების მიმართ კაპიტალისტური ფეტიშიზმის განსახიერებად თვლიდნენ. დღეს დიდი გამოფენა ვიქტორიანული ერის სიმბოლოდ ითვლება და მისი სქელტანიანი კატალოგი მაღალი ვიქტორიანული დიზაინის პირველადი წყაროა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]