დიაგენეზისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიაგენეზისი (ბერძნ. dia – აქ მოქმედების დამთავრების აღმნიშვნელი წინსართი და გენეზისი) — წყლის აუზის ფსკერზე ლამიანი ნალექების ქანად გარდაქმნა. ცნება „დიაგენეზისი“ მეცნიერებაში დაამკვიდრა გერმანელმა მეცნიერმა ვილჰელმ გუმბელმა (1880).

ლამში, რომელიც შედგება ქანებისა და მინერალთა ნამტვრევებისაგან, ცოცხალი (ბაქტერიები) და მკვდარი ორგანიზმებისაგან და მეტად გაწყლიანებულია, დიაგენეზის დროს მიმდინარეობს რთული ფიზიკურ-ქიმიური პროცესები: ბაქტერიების მიერ ლამის წყლიდან თავისუფალი ჟანგბადის შთანთქმის შედეგად დამჟანგველი გარემო აღმდგენად იქცევა; არამდგრადი მინერალები იხსნება ლამის წყალში; ორგანული ნივთიერებების ლპობის შედეგად წარმოიქმნება CO2, NH3, H2S, N2, СН4 და სხვ. აირები; იწყება ლამისა და ფსკერის წყალს შორის ნივთიერების გაცვლა და ნალექში აუტიგენური მინერალების წარმოქმნა; მიმდინარეობს ნალექის დეჰიდრატაცია, კოლოიდების დაძველება, კონკრეციების გაჩენა, ნალექების შეცემენტება და წარმოიქმნება დანალექი ქანი.

ლიტერატურა[რედაქტირება]