დელიტეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დელიტეს ეკლესია — ხუროთმოძღვრული ძეგლი მთიან ინგუშეთში (რუსეთის ფედერაცია), ცეი-ლამის ქედის ძირში, ნასოფლარ ქართის ნანგრევებთან.

ძეგლი მდებარეობს მდ. ასისა და დარიალის ხეობების დამაკავშირებელი გზის ახლოს. ინგუშურ ენაზე „დელიტე“ (დოლტე) ნიშნავს „ღმერთისკენ“ (მიმავალ გზას). საკულტო ნაგებობა ქვითა და დუღაბით ნაგები შენობაა, გადახურული ფიქლის საფეხურებიანი ორფერდა სახურავით. სამხრეთიდან აქვს თაღოვანი შესასვლელი. შიგა სივრცე თაღით ორ მონაკვეთად არის გაყოფილი. კედლებს შემოუყვება ქვისავე დაბალი საფეხურები. აღმოსავლეთ კედელზე შიგნიდან მიშენებულია სვეტი-საკურთხეველი, რომელშიც სიმაღლეზე 3 ნიშია განლაგებული. შუა ნიშის სიღრმეში ჯვარია გამოკვეთილი. დიდი ზომის გოლგოთიანი ჯვრებია გამოყვანილი აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადების ქვის წყობაში. წყაროების მიხედვით, ნაგებობაზე ჯერ კიდევ XIX საუკუნეში აღმართული იყო რკინის ჯვრები. მდ. ასის ზემო წელზე, დელიტეს ეკლესიის მახლობლად შემორჩენილია ვაინახთა (ჩაჩნები და ინგუშები) რამდენიმე ციხესიმაგრე, რომელთა საბრძოლო კოშკებზე გოლგოთიანი ჯვრებია გამოსახული (გოლგოთიანი ჯვრების გამოსახულებანი საქართველოში ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების ფასადებზე XVI საუკუნიდან გაჩნდა). ისინი XVII–XVIII საუკუნეებით თარიღდება. მსგავს გამოსახულებათა მოტივი შემონახულია ინგუშეთის სხვა ძეგლებზეც (მიატარ-დელა, მაგოერდა და სხვ.). მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მკვლევართა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ დელიტეს ეკლესია ქრისტიანული ეკლესიაა და ქართველთა და ვაინახთა პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის დამადასტურებელი მაგალითია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინოგრადოვი ვ., XVII საუკუნის საქართველო- ინგუშეთის ურთიერთობის ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1982, №60;

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]