დედის ოთახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დედის ოთახი“

ავტორი ნაირა გელაშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მაგიური რეალიზმი, ფსიქოლოგიური რომანი
გამომცემელი მერანი
გამოცემის თარიღი 1987
გვერდი 367

დედის ოთახიქართველი ქალი მწერლის ნაირა გელაშვილის მეორე, 1987 წლის ფსიქოლოგიური რომანი.

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედის ოთახი ნაირა გელაშვილის რიგით მეორე რომანია. იბეჭდებოდა პერიოდულად ჟურნალში 1986–1987 წლებში. 1987 წელს კი „მერანმა“ ერთ წიგნად გამოსცა. რომანი ერთი ოდნავ უჩვეულო ოჯახის ისტორიის რეტროსპექტივაა. ოჯახის წევრების რამდენიმე ცხოვრებისეული მომენტების ანალიზი, რასაც ავტორი არასტანდარტული თხრობის სტილით ახორციელებს. რომანის სქემატური აღნაგობა ამგვარია. მათე იწყებს დედის ოთახის ჩხრეკა-თვალიერებას და თითოეული ნივთი წარსულს ახსენებს მას. კედლის საათი პერიოდულად რეკავს და წარსულის სურათები ერთმანეთს კინოკადრებივით ცვლიან. შემდეგ დედის დღიურის კითხვას იწყებს და თხრობა პირველ პირში გადადის – ელენე ჰყვება თავის თავგადასავალს. თხრობაში ჩართულია ასევე ელენეს მამის ნაამბობი, მისი ოჯახის თავგადასავალი (აქაც პირველი პირით თხრობა). საათის რეკვა კი როგორც ჟამის მდინარების მაუწყებელი, კვლავ გაურკვეველი ინტერვალებით ისმის იქამდე, ვიდრე მათე „მთლიანად“ არ გამოიკვლევს დედის საიდუმლოს.

რომანის სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის თხრობა სიუჟეტის მსვლელობისას რამდენიმეჯერ იცვლება. მოქმედება მიმდინარეობს 1980-იანების თბილისში. ცნობილი და წარმატებული მეცნიერი (მათე) სახლში ბრუნდება, სადაც დედის ოთახში საიდუმლო ნაწერებს გადააწყდება. დედამისი (ელენე) ბავშვობიდანვე პატიოსანი ადამიანი, მამინაცვლისა და მამიდის გამო, ცოლად გაჰყვება ერთ ჩვეულებრივ ახალგაზრდა სტუდენტს, ალექსის. თუმცა, მათი ოჯახური მდგომარეობა მყარი არ აღმოჩნდება. ალექსი, რომელსაც მუდმივად აეჭვიანებს მისი ცოლის „სრულყოფილი“ და „უბიწო“ ბუნება, თავისი მამაკაცური ღირსების აღსადგენად საყვარელს გაიჩენს და ელენეს მიატოვებს. ამ დროს მათ უკვე ჰყავთ შვილი – მათე, რომელიც ოთხი წლისაა. ერთი წელი ელენე საერთოდ გაწყვეტს ურთიერთობას ალექსისთან და სიამაყის გამო მის დახმარებაზეც უარს ამბობს. ერთ დღესაც ალექსი ნამტირალევი სახლში დაადგება და აუწყებს, რომ მისი საყვარელი ორსულობის დროს დაიღუპა, შვილი კი ჯერ კიდევ ცოცხალია. ელენე ბავშვს აიყვანს და გიორგის დაარქმევს.

წყვილი ისევ ერთად ცხოვრებას დაიწყებს. მალე ტყუპები გაჩნდებიან – ენდი და ნანი. ნანი მალე დაიღუპება. ალექსი კი ეჭვიანობის ნიადაგზე კვლავ წავა სახლიდან. დრო გადის. ბავშვები იზრდებიან. მათეს მუდმივად ტანჯავს ეჭვი, რომ აყვანილია. თუმცა დედა მუდმივად არწმუნებს ამ აზრის აბსურდულობაში. გიორგი პატიოსანი და კეთილი ბიჭი იზრდება, თუმცა მალე გაუგებრობაში გაერევა და თავისი სიმართლის მიუხედავად რამდენიმე წლით ციხეში ჩასვამენ. მათე უნივერსიტეტში ჩააბარებს და ცნობილი მეცნიერი ხდება. მალე შეიმუშავებს ინდიკატორს „ირიბირიუსს“, რომელსაც შეუძლია კიბოს დიაგნოიზს უადრეს სტადიაში დასმა, როცა ის ჯერ კიდევ განკურნებადია. მისი 2000 პაციენტი სწორედ დედამისი – ელენე გახდება, თუმცა წამალი მასზე ვერ მოქმედებს. ამ დროს გიორგი ციხიდან გამოსულია და აკვალანგი ხდება. ერთხელაც ბაზალეთის ტბის მღვიმეში სასწაულს იხილავს – ოქროს აკვანს.

ამ ამბავს ოჯახშიც მოჰყვება და მათეზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს (მათე ამავდროულად ათეისტია). ელენეს ამბის შემდეგ მათე სახლში ბრუნდება და მის ნაწერებს ნახულობს. ის გაიგებს ყველაფერს გიორგის და მამამისის შესახებ. ამავდროულად ნახავს სკივრს, რომელშიც წესით და რიგით დედის ნაქსოვი ფარდაგები უნდა ეწყოს. აღმოჩნდება, რომ მთელი ეს ხანი ელენე ალექსის ფულს არ იღებდა და ოჯახს ქარგვით არჩენდა. მათე თავს დამნაშავედ და დამწუხრებულად იგრძნობს და ბაზალეთის ტბაზე სასწაულის სანახავად წავა. ელენე ყველაფერს მიხვდება და გიორგის გააფრთხილებს არ ჩაუშვას მისი ძმა ტბაში, რადგან ის იქიდან ვერ დაბრუნდება. რომანის სიუჟეტი იქ მთავრდება, როცა გიორგი მათეს დაეწევა, თუმცა შეაჩერებს თუ არა მას არ ჩანს.

რომანის ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის ძირითადი კონცეპტუალური ბირთვი სამი პერსონაჟითაა წარმოდგენილი: ელენე – ევა (ცხოვრება, ყოფნა, თვითობა); მათე – კაენი (მიწათმოქმედება, საკუთარი, ადამიანური ძალებით თვითდამკვიდრება, ღმერთს მოწყვეტილობა); გიორგი – აბელი (მომთაბარეობა, არამიზანსწრაფულობა, ღვთისგან სათნოყოფა, რაც ბაზალეთის სასწაულითაც მტკიცდება).

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი უმცროსი ძმაა, და უფროსი ძმა მათე ერთგვარად შეგუებულია იმ აზრს, რომ გამორჩეულ, საგმირო საქმეებს უმცროსისგან მოელიან (როგორც ზღაპრებში ხდება). ამ კონტექსტში იმას ნიშნავს, რომ დედა მოელის. მათე ბავშვობიდანვე იტანჯება ეჭვით, რომ ის არ უყვართ, ან ნაკლებად უყვართ. შემთხვევით მოსმენილი საუბრის შემდეგ კი უარესი ეჭვი უჩნდება – თითქოს ნაშვილებია.

ელენე იდეალური ქალია და სწორედ ამიტომ უჭირთ მასთან გაძლება მეუღლეს და უფროს ვაჟს. ალექსი საკმაოდ მომხიბლვლელი, მაგრამ შინაგანად უნიათო კაცია, რომელზეც დამრთგუნველად მოქმედებს ცოლის დიდსულოვნება და დიდბუნებოვნება, სულიერი სიძლიერე და აუმღვრევლობა. ვერ აუტანია, რომ ელენე „რაღაცნაირად ყოველთვის მართალია“ და გამოსავალს იმაში პოულობს, რომ უღალატოს მშვენიერ ქალს, სულის სიმშვიდეს სხვასთან ეძებს, სხვა ქალთან, რომლის სისუსტე და უმწეობა სჭირდება თავისი „დამცრობილი“ მამაკაცური ღირსების აღსადგენად.

სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედის ოთახში აკვარიუმი დგას, შიგ თევზი (Telapia Maria) ცხოვრობს. როცა მათე დედის ოთახის „შესწავლას“ იწყებს, თევზი, პროტესტის ნიშნად თავით ეხეთქება აკვარიუმის კედელს. ბოლოს კი როცა მათე თავის ძიებას ამთავრებს, თევზი აკვარიუმიდან გადმოვარდება და კვდება. ეს არსება თითქოს დედის საიდუმლოს მატერიალიზებული ხატია და ამ საიდუმლოს გახსნა მისი სიცოცხლის დასასრულს მოასწავებს. მაგრამ თევზი ქრისტეს ცნობილი სიმბოლოა. და მათემ თავისი აკრძალული მკრეხელური მოქმედებით საკრალურობის, ღვთიურობის არსი შებღალა.[1]

ფინალური სცენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი შემთხვევითი სახელი არაა, რადგან იგი ხაზგასმულია და „რეინკარნირებული“, მეოცე საუკუნეში გაცოცხლებული „ოთარაანთ ქვრივის“ გიორგია. ზუსტად ის ნახულობს იმ სასწაულს, რომელიც ხსნის რომანის ფინალს. ბაზალეთის ტბის ფსკერზე მდგარი ოქროს აკვნის ლეგენდა (ილიას ლექსი) საფუძვლად ედება გიორგის მისტიკურ ხილვას. იგი ტბაში ჩაყვინთავს და ფსკერზე ნაპოვნი ხვრელის საშუალებით ჩადის ნათლის სვეტით გაცისკროვნებული იდუმალ მღვიმეში, სადაც ოქროს აკვანს და ამ აკვანთან მტირალ ქალს (ან ფრესკას) იხილავს და ესმის ვიღაც უხილავის – უზარმაზარი უბედური არსების ამოოხვრა. ეს ხილვა (თუ სიზმარი) განაპირობებს მათეს რწმენის და ძიებისკენ ლტოლვას, თუმცა რომანის ბოლო სცენა დაუმთავრებელია. აქ წყდება სიუჟეტი და გაურკვეველია შეაჩერებს თუ არა გიორგი თავის ძმას.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მათე — რომანის ცენტრალური პერსონაჟი. ცნობილი და წარმატებული მეცნიერი, რომელიც მუდმივ ძიებაში. ის ვერ აკეთებს არჩევანს ათეიზსა და თეიზმს, ნაციონალიზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის
  • ელენე — დედა, რომელიც ოჯახს თავისი შრომით – ქარგვით არჩენს. ელენეს პერსონაჟი იდეალურია და მიუღწეველი
  • გიორგი — ალექსისა და მისი საყვარლის უკანონო შვილი, რომელსაც ელენე გაზრდის
  • ენდი — ელენეს უმცროსი შვილი. გიორგის და მათეს და
  • ნანი — ენდის ტყუპისცალი, რომელიც მალევე დაიღუპა
  • ალექსი — ელენეს ქმარი, რომელიც მალევე მიატოვებს ცოლს
  • მთვარისა — ელენეს მამიდა, რომელმაც გაზარდა ის
  • სოფო — ელენეს დეიდა, დედის ნახევარდა
  • მაია — მათეს შეყვარებული
  • ნატაშა — მათეს საყვარელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გია ბენიძე. დედის ოთახი. 2003. გამომცემლობა მარსი