დაკარგული ქვეყანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დაკარგული ქვეყანა“
The Lost World

წიგნის პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი ართურ კონან დოილი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
სერია პროფესორი ჩელენჯერი
ჟანრი ფენტეზი
სათავგადასავლო
გამომცემელი Hodder & Stoughton
გამოცემის თარიღი 1912
მომდევნო მოწამლული სარტყელი

დაკარგული ქვეყანა (ინგლ. The Lost World) — ართურ კონან დოილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული მოთხრობა, რომელზეც გადაღებულია მრავალი ფილმი თუ სერიალი. გამოქვეყნდა 1912 წელს და დღეისათვის მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პროფესორი ჩელენჯერი სამხრეთ ამერიკაში, ამაზონთან აღმოაჩენს ტაფობს, რომელზეც მისი თქმით დინოზავრები ბინადრობენ. მას ყველა გიჟად თვლის. შესაბამისად, თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ის ექსპედიციას დაგეგმავს, რომლის მიზანიც იქნება დაამტკიცოს ტაფობისა და დინოზავრების არსებობა. ექსპედიციის მონაწილეები არიან: პროფესორი ჯორჯ ედუარდ ჩელენჯერი, ედუარდ მელოუნი, რომლის მოვალეობაა გააშუქოს გაზეთში იქ მომხდარი ამბები (მისი პირითაა მოთხრობილი თვით მოთხრობაც), ლორდი ჯონ როქსტონი, რომელიც გამოცდილი მონადირე და მეომარია და პროფესორი სამერლი, რომელიც ექსპედიაციას მოწმის როლში ახლავს და პროფესორი ჩელენჯერის მუდმივი მოწინააღმდეგეა.

ექსპედიციაში ისინი თან წაიყვანენ ორ მეტისს, ერთ ზანგსა და რამდენიმე ინდიელს. როდესაც ისინი უკვე ტაფობს მიადგებიან, ცდიან გზით წასვლას, რომლითაც ტაფობზე მეპლ-უატი მოხვედრილა (მეპლ-უატი იყო ალბინოსი მხატვარი, რომელიც პროფესორმა ჩელენჯერმა მომაკვდავი იპოვა პირველი ექსპედიციის დროს ინდიელების სოფელში და სწორედ მისი ჩანახატების მიხედვით იპოვა ტაფობი), მაგრამ მეპლ-უატის გზა ჩახერგილიყო და შეუძლებელი იყო ამ გზით ტაფობზე მოხვედრა. ამის შემდეგ ექსპედიციამ გადაწყვიტა ტაფობის გვერდზე მყოფი პირამიდისმაგვარ კლდეზე ასულიყო და იქიდან გადამძვრალიყო ტაფობზე. ასეც მოიქცნენ: ავიდნენ კლდეზე, მოჭრეს ხე, რომელიც ხიდად გამოიყენეს, გადავიდნენ ტაფობზე და ხიდიც ჩაენგრათ. ის ერთ-ერთმა მეტისმა ჩაანგრია, რომლის ძმაც მოუკლავს ლორდ ჯონს ომის დროს და მანაც გადაწყვიტა შური ეძია. ლორდ ჯონმა ამის შემდეგ ისიც შაშხანით მოკლა. მეორე მეტისი კი ერთგულმა ზანგმა - სამბომ მოახრჩო, რომელიც ქვემოთ იმყოფებოდა და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთადერთი კავშირის საშუალება იყო. სამბოს ყოველდღე მიჰქონდა ტაფობის გვერდზე მყოფი კლდიდან თოკის საშუალებით ჟურნალისტი ედუარდ მელოუნის წერილები და მოჰქონდა საჭირო აღჭურვილობა.

ტაფობზე ისინი იხილავენ დიდი ხნის წინ გადაშენებულ მრავალ დინოზავრსა თუ მცენარეს, თუმცა ასევე იხილავენ თანამედროვე ირემს და სხვა თანამედროვე ცხოველსა და მცენარეს. რადგან ამ ქვეყნის პირველი აღმომჩენი მეპლ-უატი იყო, ისინი გადაწყვეტენ „დაკარგულ ქვეყანას“ დაარქვან „მეპლ-უატის ქვეყანა“. ექსპედიცია ტაფობზე ასევე იხილავს კაცმაიმუნებს, რომლებიც ადამიანების უფსკრულში გადაყრით ერთობიან, სადაც ბამბუკებია და მათი სიკვდილით ხალისობენ, ასევე გაუკეთეს მეპლ-უატის ერთ-ერთ თანამგზავრს. ერთ ღამეს ისინი ასევე დაიჭერენ და იგივეს დაუპირებენ მთელ ექსპედიციას, გარდა მელოუნისა, რომელიც ამ დროს ტაფობის შუაგულში მყოფი ტბის გამოსაკვლევადაა გაპარული. დილას ის შეხვდება ლორდ ჯონ როქსტონს, რომელიც გამოიპარა და რომელსაც ტანსაცმელი სულ მთლად დახეოდა. შემდეგ ის და მელოუნი მოიმარაგებენ იარაღს და წავლენ მეგობრების გადასარჩენად. ისინი ამოხოცავენ კაცმაიმუნების დიდ ნაწილს და გადაარჩენენ თავიანთ მეგობრებსა და ინდიელებს, რომლებიც, როგორც გაირკვა, იქვე, ტაფობის ქვაბულებში ცხოვრობენ, დიდი ხნის წინ მოსულან „მეპლ-უატის გზით“ და დიდი ხანია მტრობენ კაცმაიმუნებთან. ექსპედიციის წევრები მიეხმარებიან მათ კაცმაიმუნების გაწყვეტაში და მადლობის ნიშნად ტომის ბელადის შვილი ტაფობიდან ჩასასვლელ გზას მიუთითებს. ისინი ამ გზით წავლენ და მალევე ლონდონში დაბრუნდებიან.

ლონდონში დაბრუნებულ ექსპედიციის წევრებს ყველა გიჟად მიიჩნევს, მაგრამ მათ დამამტკიცებელ საბუთად წამოყვანილი ჰყავდათ პატარა პტეროდაქტილი, რამაც ყველა განაცვიფრა და მათ სიმართლეში დაარწმუნა. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ლორდ ჯონს ტაფობზე ნაპოვნი ჰქონდა ძალიან ძვირფასი ალმასები, რომლებიც მელოუნმა, ჩელენჯერმა, სამერლიმ და როქსტონმა თანბრად გაიყვეს და სხვადასხვა საქმეში მოიხმარეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]