გოჯიაანების მთავარანგელოზთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გოჯიაანების მთავარანგელოზთა ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჯიაანების ზემოთ, ნასოფლარ იხინჭის ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,2 x 3,8 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით, გარე კედლების წყობაში ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმის ქვაც. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია, კარი გარედან შეისრული თაღითაა დასრულებული, ხოლო შიგნით ხის ორი ძელი ახურავს. აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდია, რომლის ღერძზეც გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის მარცხენა მხარეს მაღალი თაღოვანი ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ნატეხი ქვით ნაწყობი ტრაპეზი. ერთი თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კედელშია. დარბაზი შეისრული ფორმის სხმული კამარითაა გადახურული. შეისრულია კონქის თაღიც. ფასადები ძირითადად სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობითაა მოპირკეთებული. აღმოსავლეთის სარკმლის გადამხურავ ქვაზე, დაბალი რელიეფით, პატარა სწორკუთხა სიბრტყეა გამოყვანილი, რომელშიც სარკმლის ნახევარწრიული თაღია მოქცეული. კედლები დასრულებულია ნატეხი ქვით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია. შენობა გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია რიყის ქვის გალავანი, რომლისგანაც ფრაგმენტებიღაა დარჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]