გაგრის ბრძოლა (1919)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაგრის ბრძოლა
სოჭის კონფლიქტი ნაწილი

ვალიკო ჯუღელი სახალხო გვარდიელებთან ერთად გაგრაში
თარიღი 16—19 აპრილი, 1919
მდებარეობა გაგრა, სოჭის ოკრუგი
შედეგი საქართველოს გამარჯვება
მხარეები
საქართველოს დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთის დროშა თეთრი მოძრაობა
მეთაურები
იოსებ გედევანიშვილი
ვალიკო ჯუღელი
ანტონ დენიკინი
სამხედრო ნაწილები
რეგულარული არმია
სახალხო გვარდია
დანაკარგები
მცირე 87-500 დაღუპული

გაგრის ბრძოლა — ბრძოლა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თეთრ რუსეთს შორის. დასრულდა საქართველოს გამარჯვებით.

წინმსწრები მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოჭის ოკრუგი, რომელსაც 1904 წელს მეფის რუსეთმა მიუერთა გაგრა, სადავო ტერიტორიად ითვლებოდა სამხრეთ რუსეთსა (თეთრ მოძრაობასა) და საქართველოს შორის. პირველ მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვების შედეგად, კავკასია ბრიტანეთის გავლენის სფეროში აღმოჩნდა 1917 წლის დეკემბრის ბრიტანულ-ფრანგული ხელშეკრულების საფუძველზე. როგორც თეთრებმა, ასევე საქართველომ, ბრიტანელი ჯარისკაცების ჩამოსვლა რეგიონში სათავისოდ აღიქვეს. თეთრარმიელ ანტონ დენიკინს, როგორც მოკავშირეების მხარდამჭერს, იმედი ჰქონდა რომ ბრიტანეთი „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ იდეას დაუჭერდა მხარს, ხოლო საქართველო ჰაროლდ ვილსონის თვითგამორკვევის პრინციპზე ამყარებდა იმედებს. ბრიტანეთს სურდა რეგიონში სტატუს-კვოს შენარჩუნება, სანამ რუსეთის მომავალი გადაწყდებოდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. მას სურდა ანტი-ბოლშევიკური ძალების გაერთიანება ბოლშევიზმის წინააღმდეგ. ლონდონის მიერ კავკასიის რესპუბლიკებში და დენიკინთან გაგზავნილი წარმომადგენლები ხშირად იმ მთავრობების ინტერესების გამომხატველებად გამოდიოდნენ, რომლებთანაც იყვნენ მივლინებული, რაც ცენტრალური პოლიტიკური ხაზის არარსებობის პირობებში, ლონდონის ბუნდოვან პოლიტიკას მხარეებისთვის ორსახოვნად აჩენდა. 1918 წლის დეკემბერში დენიკინმა ისარგებლა სომხეთ-საქართველოს ომით და საქართველოს მიერ დაკავებულ სოჭის ოკრუგში აიღო რამდენიმე სოფელი ტყვიის გაუსროლებლად. თუმცა, ბრიტანეთმა სტატუს-კვოს დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც დენიკინი სამხრეთით აღარ უნდა დაძრულიყო. დენიკინი, განაწყენებული იმით, რომ ბრიტანეთი მისი თანხმობის გარეშე „განკარგავდა რუსეთის ტერიტორიას“ და თვალს ხუჭავდა საქართველოს გერმანიასთან მოკავშირეობაზე, არ დაემორჩილა ბრინტანეთს და 6 თებერვალს გადალახა მდინარე ლოო, რის შემდეგაც ოთხ დღეში აიღო მთელი სოჭის ოკრუგი, საქართველოს კი მდინარე ბზიფამდე დაახევინა უკან.

ამან შელახა ბრიტანელების ავტორიტეტი. დენიკინი არ ჰპატიობდა ბრიტანეთს მისი მტრების „მხარის დაჭერას“, ხოლო საქართველო ბრიტანეთს ადანაშაულებდა, რომ მან საშუალება მისცა რუსებს შეტევაზე გადმოსულიყვნენ. მხარეები ხვდებოდნენ, რომ ბრიტანეთს სურდა სტატუს-კვოს შენარჩნება, მაგრამ ნათელი გახდა, რომ თუ თუ სტატუს-კვო ძალისმიერად შეიცვლებოდა, ბრიტანეთი არაფერს იღონებდა მის აღსადგენად.

თეთრი არმია და საქართველოს სახალხო გვარდია ერთმანეთის პირისპირ იდგნენ მდინარე ბზიფზე. ბრიტანეთმა თავისი გარნიზონი ჩააყენა მდინარის გასწვრივ. 9 აპრილს, ბრიტანეთის საექსპედიციო ძალების სარდალმა, გენერალმა მილნმა საქართველოს მოუწოდა, მისი შენაერთები მდინარე ბზიფის ხაზს იქით დაწეულიყვნენ, თუმცა ბრიტანეთის ავტორიტეტი ამ დროს უკვე შესუსტებული იყო.

სოჭის ოკრუგის დაკავებისთანავე, თეთრგვარდიელები შეუდგნენ „რევოლუციამდელი წესრიგის“ აღდგენას: მიწები ძველ მფლობელებს დაუბრუნდათ, ჩატარდა რამდენიმე მობილიზაცია, საქონლის, ფურაჟის, საზიდრების რეკვიზიციები, მოეწყო სადამსჯელო ოპერაციები. საპასუხოდ, სოჭის ოკრუგში ადგილობრივმა გლეხებმა ჩამოაყალიბეს მწვანე არმიები და გაიშალა პარტიზანული მოძრაობა. 1919 წლის 12 აპრილს სოჭსა და ადლერში 1500 თეთრარმიელის მიერ მოეწყო სადამსჯელო ოპერაციები ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. საპასუხოდ, საქართველომ მდინარე ბზიფზე მოახდინა რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის 8 ბატალიონის, პოლკოვნიკ გოგი ხიმშიაშვილის სახალხო გვარდიის ცხენოსანი დივიზიონის და პოლკოვნიკ კარგარეთელის გვარდიის 4 საარტილერიო ბატარეის მობილიზება. გადაწყდა დაწყებულიყო შეტევითი ოპერაცია გაგრის რაიონში მდინარე მეხადირის მიმართულებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა გაუგზავნა წერილები ოპერაციის შესახებ ბრიტანეთის საექსპედიციო ძალების წარმომადგენელ გენერალ თომსონს და მისი რჩევით, გენერალ მილნს. ოპერაციამ დადებითი გამოხმაურება მიიღო გენერალ თომსონისგან. თომსონმა შეუთვალა საქართველოს, ბრიტანეთის თანხმობის გარეშე არ ემოქმედათ, ხოლო მოქმედების თავისუფლება ეძლეოდათ თუ 48 საათში თეთრი არმია არ შეასრულებდა თომსონის წინადადებას უკან დახევაზე. 15 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ალექსანდრე გედევანიშვილმა უკანასკნელად შეუთვალა დენიკინს, უკან დახეულიყო მდინარე მეხადირამდე.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 აპრილს დაიწყო შეტევა მდინარე ბზიფზე სახალხო გვარდიისა და რეგულარული არმიის შენაერთების მიერ. შეტევაში ჩართული იყო სამივე გვარეობა ჯარების: ქვეითი, არტილერია, კავალერია. ქართველებმა მდინარე ბზიფის ზემო წელზე ახალი ხიდი ააგეს მდინარის ფორსირებისა და სამანევრო სივრცის გაზრდისთვის. 17 აპრილს 1 საათზე გაგრა პირველად გიორგი ლომთაძის მესამე ბატალიონმა აიღო უდანაკარგოდ, აყვანილ იქნა 500 ტყვე. 18 აპრილს დღის 9 საათზე მდინარე მეხადირზე გავიდა სახალხო გვარდიის დივიზიონი. თეთრმა არმიამ სოფელ ვესიოლოესთან დაიხია უკან. 19 აპრილს ქართული ქვედანაყოფები მდინარე მზიმთამდე გავიდნენ და ადლერს მიუახლოვდნენ. ქართული შენაერთების შეტევასთან ერთად, სოჭსა და ადლერში, თეთრარმიელების ზურგში იფეთქა მწვანე არმიის აჯანყებამ. მწვანე არმია და საქართველოს შენაერთები კოორდინირებულად მოქმედებდნენ. თეთრმა არმიამ უკან დაიხია.

ოპერაციის მეორე ფაზის დაწყებამდე, საქართველოს მიმართ პროტესტი გამოთქვა ბრიტანულმა სარდლობამ, როგორც გენერალმა თომსონმა, ასევე გენერალმა მილნმა. თომსონმა ოპერაცია ბრიტანეთის მიმართ „მტრულ სვლად“ შეაფასა. ტომსონის დამოკიდებულების ცვლილება შეიძლება განპირობებული ყოფილიყო ტფილისში ბრიტანელი კაპიტნისა და ექიმის გაძარცვითა და მკვლელობით, ასევე ახალქალაქში ბრიტანელი ვიცე-პოლკოვნიკისადმი ქართველი ჯარისკაცის მიერ სროლით, რაც ტომსონმა მკაცრად გააკრიტიკა ოფიციალურ ნოტაში. საქართველომ შეაჩერა შემდგომი წინსვლა სოჭსა და ადლერზე მდგომარეობის დაძაბვის არდაშვებისთვის. ქართულმა ძალებმა მდინარე ფსოუმდე უკან დაიხიეს.

დენიკინმა შავიზღვისპირეთის ჯარები მოამზადა შეტევაზე გადასასვლელად სოჭის მთლიანად დასაკავებლად და სოხუმის ოკრუგის ასაღებად, თუმცა დენიკინთან ბრიტანელების წარმომადგენელმა, გენერალმა ბრიგსმა დაარწმუნა დენიკინი, რომ მოლაპარაკებებით მოახერხებდა საქართველოს დათანხმებას უკან დახევაზე. სხვა ვერსიით, დენიკინმა შეტევაზე უარი თქვა იმის გამო, ვერ შეძლო საკმარისი ძალების მობილიზება, რადგან მისი ძალები უმეტესად ძირითად ფრონტზე ებრძოდნენ ბოლშევიკებს.

1919 წლის 21 მაისს დაიწყო ტფილისში მოლაპარაკებები საქართველოსა და „სამხრეთ რუსეთის“ მთავრობას შორის. დენიკინის მთავრობის სახელით ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ბრიტანელი გენერლები ბრიგსი და ბიჩი, ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენლები დენიკინთან. გენერალ ბრიგსმა შეუთვალა საქართველოს, რომ ბრიტანეთი მალე გავიდოდა სამხრეთ კავკასიიდან, ამიტომ საქართველოსთვის უმჯობესი იქნებოდა, დაელაგებინა ურთიერთობები დენიკინის მთავრობასთან. მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა 23 მაისს.

მეორე შეხვედრა დენიკინის მთავრობის წარმომადგენლებთან გაიმართა 24 მაისს. გენერალმა ბიჩმა განაცხადა შეხვედრაზე, რომ დენიკინი შეტევაზე გადმოვიდოდა უკან დახევაზე უარის შემთხვევაში, რაზეც ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნებოდა როგორც ბრიტანეთის დახმარებით თავდასხმა. საქართველომ უარი თქვა გაგრის დათმობაზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა. ჩაჩხიანი, 1919 წლის გაგრის შეტევითი ოპერაცია და ბრძოლების ტაქტიკური ანალიზი, ანალები : ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი, გამომცემლობა „უნივერსალი“. (11) თბილისი. 2015.
  • Kenez, Peter (2014). Civil War in South Russia, 1919-1920. University of California Press, გვ. 202-212. ISBN 9780520327795.