ბუზები (ჟან-პოლ სარტრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ბუზები“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბუზები (მრავალმნიშვნელოვანი).
„ბუზები“
Les Mouches

ქართული გამოცემა
ავტორი ჟან-პოლ სარტრი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი პიესა
გამოცემის თარიღი 1947
მთარგმნელი მზია ბაქრაძე
ქართულად გამოიცა 2017

ბუზები (ფრანგ. Les Mouches) 一 ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსისა და მწერლის, ჟან-პოლ სარტრის 1943 წლის პიესა. იგი წარმოადგენს „ელექტრას“ ერთგვარ ადაპტაციას, რომელზე ნარკვევებიც ეკუთვნით ისეთ ცნობილ ძველბერძნებს, როგორებიც არიან სოფოკლე, ესქილე და ევრიპიდე. სპექტაკლი მოგვითხრობს ორესტესა და მისი დის, ელექტრას ისტორიას, რომელთა მიზანსაც თავიანთი დედის - კლიტემნესტრას - და მისი საყვარლის, ეგისთეს მოკვლა წარმოადგენს.

როგორც ფილოსოფოსი, სარტრი პიესაში თან რთავს ეგზისტენციალურ პასაჟებს, კერძოდ, ეს მკვეთრად ვლინდება, როდესაც ელექტრა და ორესტე ებრძვნიან ზევსს და ერინიებს, არგოსის ქალღმერთებს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

არგოსის მთავარ მოედანზე ზევსის ქანდაკებას ბუზები ეხვევიან. შემოდის ორესტე, რომელიც მსუქან ბუზებს იგერიებს, სასახლიდან საზარელი გოდება ისმის.

თხუთმეტი წლის წინ კლიტემნესტრამ, ორესტესა და ელექტრას დედამ და მისმა საყვარელმა ეგისთემ ბავშვების მამა აგამემნონი მოკლეს. ეგისთეს ორესტეს მოკვლაც უნდოდა, მაგრამ ბიჭი როგორღაც გადარჩა. ახლა კი შორეულ მხარეში გაზრდილი ვაჟი მშობლიურ ქალაქს უბრუნდება.

შემოდის ქალაქელის ტანსაცმელში გადაცმული ზევსი. ის განუმარტავს ორესტეს, რომ დღეს მიცვალებულების დღეა და ეს გოდება ცერემონიის დაწყების მაუწყებელია.

არგოსელები, მეფისა და დედოფლის მეთაურობით, თავიანთ მიცვალებულებსცოდვების შენდობას ევედრებიან.

ქალაქში ხმა დადის, რომ აგამემნონის ვაჟი ცოცხალია. ზევსი აცხადებს, თუ ის შემთხვევით ორესტეს შეხვდება, ეტყვის, რომ „არგოსელები ცოდვიანები არიან, მაგრამ ისინი მონანიების გზას ადგანან. თავი დაანებეთ მათ, ახალგაზრდავ, თავი დაანებეთ, პატივისცემით მოექეცით ბუზებს, რომელთაც ხალხის ცოდვები იტვირთეს. წადით, მშვიდობიანათ წადით, კეთილი გზით იარეთ! თქვენ ამ დანაშაულის მონაწილე არ ხართ, ამიტომ არ უნდა გაიზიაროთ მათი მონანიება. თქვენ სრულიად განსხვავდებით მათგან, თქვენ შორის უზარმაზარი უფსკრულია“.

ზევსი მიდის. ორესტე დაბნეულია. მან არ იცის, რა უპასუხოს უცნობს. ქალაქი, რომლის კანონიერი მეფე შეიძლება ყოფილიყო, მისთვის უცხოა, აქ მისი ადგილი არ არის. ორესტე არგოსიდან წასვლას გადაწყვეტს.

გამოჩნდება ელექტრა, რომელსაც ორესტე გაესაუბრება. ელექტრა უცხო ქვეყნიდან მოსულს უყვება, როგორ სძულს კლიტემნესტრა და ეგისთე. ელექტრა მარტოხელაა, არც მეგობრები ჰყავს და არც შეყვარებული, მაგრამ იმედს არ კარგავს - ერთ ადამიანს ელოდება...

შემოდის დედოფალი კლიტემნესტრა, რომელიც ელექტრას სთხოვს, ჩაიცვას სამგლოვიარო ტანსაცმელი: მალე მონანიების ცერემონიალი დაიწყება. კლიტემნესტრა ორესტეს რომ მოჰკრავს თვალს, გაკვირვებული ამბობს: მოგზაურები, როგორც წესი, ჩვენს ქალაქს გვერდს უვლიან, „მათთვის ჩვენი მონანიება - შავი ჭირია და ამ სენის გადადების ეშინიათ“.

ელექტრა დამცინავად აფრთხილებს ორესტეს, რომ სახალხო მონანიება არგოსელების ეროვნული სპორტია, ყველამ კარგად იცის ერთმანეთის დანაშაული. დედოფლის დანაშაული კი „ოფიციალური დანაშაულია, რომელიც, შეიძლება ითქვას, საფუძვლად უდევს სახეკლმწიფოებრივ წყობილებას“. ყოველ წელს, აგამემნონიოს მკვლელობის დღეს ხალხი მიდის გამოქვაბულთან, რომელიც, როგორც ამბობენ, ჯოჯოხეთს უკავშირდება. როდესაც გამოქვაბულის დახშული შესასვლელიდან უზარმაზარ ლოდს გადააგორებენ, „ჯოჯოხეთიდან მიცვალებულები წამოდგებიან და მთელ ქალაქს მოედებიან“. არგოსელები მათთვის მაგიდებსა და სკამებს ამზადებენ, ლოგინებსაც კი უშლიან. ელექტრა ამ სულელურ თამაშებში მონაწილეობას არ აპირებს. ესენი მისი მიცვალებულები არ არიან.

ელექტრა მიდის. მას კვალდაკვალ მიჰყვება კლიტემნესტრა, რომელიც ორესტეს ურჩევს, სასწრაფოდ წავიდეს ქალაქიდან. გამოჩნდება ზევსი. როდესაც ის შეიტყობს, რომ ორესტე წასვლას აპირებს, ხელსაყრელ ფასად წყვილ ცხენს სთავაზობს. ორესტე კი ეტყვის, რომ წასვლა გადაიფიქრა.

გამოქვაბულის წინ ხალხს მოუყრია თავი. გამოჩნდებიან ეგისთე და კლიტემნესტრა. ლოდს გადააგორებენ და შავი ხვრელის წინ მდგომი ეგისთე მოსანანიებელი სიტყვით მიმართავს მიცვალებულებს. მოულოდნელად გამოჩნდება ელექტრა, რომელსაც მკრეხელურად თეთრი კაბა აცვია. იგი არგოსელებს მოუწოდებს, შეწყვიტონ მონანიება და დაიწყონ ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება. მიცვალებულებმა კი მათ გულებში იცოცხლონ, ვისაც ისინი უყვარდა, მაგრამ საფლავებში არ წაუყვანიათ. უეცრად, გამოქვაბულის შესასვლელის ჩამკეტი ლოდი გრუხუნით ქვემოთ ჩამოგორდება. ბრბო გაშეშდება, შემდეგ კი მათი სიმშვიდის დამრღვევისკენ მიიწევს, რათა გაუსწორდეს მას. ეგისთე გააფთრებულ ბრბოს შეაჩერებს და შეახსენებს, რომ ზეიმის დღეს დასჯა კანონით ეკრძალებათ.

ყველა მიდის, სცენაზე მხოლოდ ორესტე და ელექტრა რჩებიან. ელექტრას შურისძიების წყურვილი მოსვენებას არ აძლევს. ორესტე, რომელმაც დას თავისი ვინაობა გაუმხილა, ცდილობს, დაიყოლიოს იგი და ხელი ააღებინოს შურისძიებაზე. მას სურს, ელექტრა თან წაიყვანოს, მაგრამ იგი უარზეა. მაშინ ორესტე დის გულის მოსაგებად და გვამების სუნით გაჟღენთილი არგოსის მოქალაქეობის მოსაპოვებლად თანხმდება, „თავის თავზე აიღოს მძიმე დანაშაული“ და იხსნას არგოსელები მეფისა და დედოფლისგან, რომლებიც აიძულებენ ხალხს, არ დაივიწყონ მათ მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეები.

სასახლის სეფე-დარბაზში დგას ზევსის შემზარავი, გასისხლიანებული ქანდაკება, რომლის კვარცხლბეკთან ორესტე და ელექტრა იმალებიან. ირგვლივ უამრავი ბუზი ირევა. შემოდიან კლიტემნესტრა და ეგისთე. ორივე მათ მიერვე მოგონილმა ცერემონიამ საშინლად დაღალა. დედოფალი მიდის, ეგისთე კი ზევსის ქანდაკებას შესთხოვს, უწყალობოს მას სიმშვიდე.

სიბნელიდან ხმალშემართული ორესტე გამოვარდება. იგი ეგისთეს თავის დაცვას შესთავაზებს, მაგრამ ის უარზეა - სურს, ორესტე მკვლელად აქციოს. ჭაბუკი კლავს მეფეს, შემდეგ კი დედოფლის მოსაკლავად მიემართება. ელექტრას მისი შეჩერება სურს, მაგრამ „მას ზიანის მიყენება აღარ შეუძლია..“. მაშინ ორესტე თვითონ მიდის.

ელექტრა ეგისთეს გვამს დასცქერის: ნუთუ მას ეს უნდოდა? ის მოკვდა, მაგრამ მასთან ერთად ელექტრას შურისძიებაც მოკვდა. ისმის კლიტემნესტრას კივილი. „აი, ჩემი მტრებიც მოკვდნენ. წლების განმავლობაში ნაადრევად ვზეიმობდი მათ სიკვდილს, ახლა კი გულზე მარწუხები მიჭერს. ნუთუ თხუთმეტი წელი თავს ვიტყუებდი?“ - ეკითხება თავის თავს ელექტრა. ბრუნდება ორესტე; ხელები სისხლით აქვს დასვრილი. იგი ტავს თავისუფლად გრძნობს, მან სამართლიანი საქმე ჩაიდინა და მზად არის, მკვლელის ტვირთი ატაროს, რადგან ამ ტვირთში მისი თავისუფლებაა.

მსუქანი ბუზების გუნდი და-ძმას გარს ეხვევა. ისინი ერინიები, სინდისის ქენჯნის ქალღმერთები არიან. ელექტრას ძმა აპოლონის ტაძარში მიჰყავს, რათა ადამიანებისა და ბუზებისგან დაიცვას.

ორესტესა და ელექტრას აპოლონის კვარცხლბეკთან სძინავთ. და-ძმა იღვიძებს, თითქოს ნეხვის უზარმაზარი ბუზები იყვნენ, ისე იღვიძებენ ერინიები.

დას რომ შეხედავს, შეშფოთებული ორესტე აღმოაჩენს, რომ ელექტრა ერთ ღამეში საოცრად დამსგავსებია კლიტემნესტრას. ეს არც არის გასაკვირი:

ელექტრა, ისევე, როგორც დედამისი, საშინელი დანაშაულის მომსწრე გახდა. ერინიები ორესტესა და ელექტრას გარშემო გაშმაგებით ცეკვავენ. ელექტრა წუხს მომხდარის გამო. ძმის რჩევით, იგი უარს ამბობს მონანიებაზე. ორესტე მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს, რათა საბოლოოდ იგრძნოს თავისუფლება.

შემოდის ზევსი, რომელიც ერინიებს დააშოშმინებს. ის არ აპირებს ორესტეასა და ელექტრას დასჯას, მას „ცოტაოდენი მონანიება“ სჭირდება. ზევსი ცდილობს, დაარწმუნოს ელექტრა, რომ მას მოკვლა არ უნდოდა, უბრალოდ, ბავშვობაში მკვლელობანას თამაში უყვარდა, ეს თამაში ხომ მარტომაც შეიძლება ითამაშო. ელექტრას ეჩვენება, რომ მან საკუთარ თავს უკვე გაუგო.

ზევსი ორესტესა და ელექტრას სთხოვს, ხელი აიღონ დანაშაულზე და იგი მათ არგოსის სამეფო ტახტზე დასვამს. ორესტე ამაზე უპასუხებს, რომ ამისი უფლება მას ისედაც აქვს. ზევსი ორესტეს აფრთხილებს, რომ ახლა მას ტაძრის გასასვლელში ფიწლებითა და ხელკეტებით შეიარაღებული არგოსელები ელოდებიან. ის კი კეთროვანივით მარტოა. ზევსი ორესტეასგან მოითხოვს, აღიაროს საკუთარი დანაშაული, მაგრამ იგი უარზეა. ზევსმა თვითონ შექმნა ადამიანი თავისუფალი. თუ მას არ უნდოდა, რომ დანაშაული მომხდარიყო, მაშინ რატომ არ შეაჩერა ეს ხელი, როდესაც ის მკვლელობას სჩადიოდა? ესე იგი, დაასკვნის ორესტე, ცაში არც სიკეთეა და არც ბოროტება, „იქ არავინაა, ვისაც შეუძლია, მიბრძანოს მე“.

ორესტეს თავისუფლება მის განდევნას ნიშნავს. ის თანახმაა - ყველა ადამიანმა თავისი გზა უნდა მოძებნოს. ზევსი მდუმარედ მიდის.

ელექტრა ორესტეს მიატოვებს. ელექტრას, როგორც კი წრეში ფეხს შედგამს, ერინიები დაესევიან. იგი ზევსს უხმობს. ელექტრა ცოდვებს ინანიებს და ერინიები თავს ანებებენ.

ერინიებს მთელი ყურადღება ორესტეზე გადააქვთ. იღება ტაძრის კარი და მოჩანს გააფთრებული ბრბო, რომელიც მზადაა, ნაკუწებად აქციოს ჭაბუკი. იგი არგოსელებს ამაყად განუცხადებს, რომ ჩადენილი მკვლელობის პასუხიმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. მან ეს ხალხისთვის გააკეთა: თავის თავზე აიღო ადამიანის დანაშაული, რომელიც ვერ გაუმკლავდა ამ ტვირთს და პასუხისმგებლობა არგოსის მოსახლეობას დააკისრა. ბუზებმა საბოლოოდ უნდა შეწყვიტონ არგოსელების ჩაგვრა. ახლა ეს ბუზები მისი საკუთრებაა. დაე, არგოსელებმა ახალი ცხოვრება დაიწყონ. ის მათ ტოვებს და ყველა ბუზი თან მიჰყავს. ორესტე წრიდან გამოდის და მისი. ერინიები კივილით დაედევნებიან.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზევსი (ბრძნული)/იუპიტერი (რომაული) 一 სპექტაკლში მთავარი ანტაგონისტი , ზევსი წარმოდგენილია ექსპოზიციაში , როგორც "ბუზებისა და სიკვდილის ღმერთი", თუმცა იგი ტრადიციულად ასოცირდება ცასთან, ელვასთან, ჭექა-ქუხილთან, კანონთან, წესრიგთან და სამართლიანობასთან.

ორესტე (ფილებუსი) 一 პიესის მთავარი გმირი, ის არის ელექტრას ძმა და აგამემნონის ვაჟი.

ელექტრა 一 ორესტეს და და აგამემნონის ასული.

აგამემნონი 一 არგოსის ყოფილი მეფე და ორესტესა და ელექტრას მამა. აგამემნონი ჯერ კიდევ სიუჟეტში მიმდინარე მოვლენებზე 15 წლით ადრე მოკლა ეგისთემ. ორესტეს მამის სიკვდილზე შურისძიების წყურვილი პიესის მთავარი ლაიტმოტივია.

კლიტემნესტრა 一 ეგისთეს ცოლი და ორესტესა და ელექტრას დედა.

ეგისთე 一 კლიტემნესტრას ქმარი.

ბუზები 一 ასევე ცნობილი, როგორც ერინიები ან „ჯოჯოხეთის ქალღმერთები“, ემსახურებიან ზევსს და სჯიან მათ, ვინც ცრუ ფიცს დებს.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესა პირველად 1943 წელს დაიდგა, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის პირობებში და შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ გამოძახილსაც წარმოადგენდეს.[1] სარტს თავდაპირველად გერმანული ცენზურის წინააღმდეგ გაბრძოლება მოუწია, რადგან პარიზი, იმ დროს, გერმანული არმიის მიერ იყო ოკუპირებული. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს ახალგაზრდა კაცი მიდის სარტრთან და მას ეცნობა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს პიროვნება ალბერ კამიუ იყო.[2] გამომდინარე გერმანული ოკუპაციისა, სპექტაკლს მაყურებელთა მწირი რაოდენობა ესწრებოდა, თუმცა კრიტიკოსთა მხრიდან პიესამ დიდი მოწონება დაიმსახურა. სიმონ დე ბოვუარისთვის სპექტაკლის შთაბეჭდილება და ეფექტურობა შემდეგნაირი იყო:

„შეუძლებელია სპექტაკლის მნიშვნელობების შეცდომით გააზრება; სიტყვა თავისუფლება, რომელიც ორესტეს პირიდან ამოვიდა, არღვევდა ჩვენს ცნობიერებას“.

1947 წელს პიესა პირველად დაიდგა აშშ-იც, ვასარის კოლეჯში და შემდეგ ნიუ-იორკის საპრეზიდენტო თეატრში. ნიუ-იორკ ტაიმზის მიმოხილვაში ლესტერ ბერშტეინი დადებითად გამოეხმაურა დადგმას და აღნიშნა:

„დრამატურგიულმა ხელოვნებამ შეიძინა კიდევ ერთი სპექტაკლი ბუზების სახით, ამ დრამატული ისტორიის რამდენიმე თეატრალურად ეფექტური ხელსაწყოს გამოყენებით"

სარტრის პირადი ბიოგრაფის თქმით, ორიგინალი პიესის მთლიანი ალეგორიაა 1941 წელს პარიზში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საუბარია პარიზში, გერმანელი სამხედეროების მიერ რვა პატიმრის სიკვდილით დასჯაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ნაცისტთა ხელისფულება წიგნს აკრძალავდა, სარტრს მისი იერის შეცვლა მოუწია. სიმონ დე ბოვუარი, სარტრის მეუღლე, იხსენებდა, რომ პიესის პირველი მოქმედება შთაგონებული იყო ქალაქ ემბორიოთი, „ყველა იმ ჩაკეტილი სახლითა და შენობით, რომელიც მზის ქვეშ, ცეცხლის ალში იყო გახვეული“.[3] მეორე მოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ავტორის მიერ ეტრუსკების დაკრძალვის ცერემონიის გაცნობამ.[4]

სარტრის ფილოსოფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთმა მკვლევარმა კავშირი პიესასა და სარტრის ფილოსოფიას შორის შემდეგნაირად ახსნა:

„პიესა იკვლევს თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის თემებს ეგზისტენციალურ ჭრილში, რომელიც მშვიდობისმოყვარე ფილებუსის მეამბოხე ორესტედ ქცევაში ვლინდება. ადამიანი შეიძლება არ იყოს მზად დღევანდელი კრიზისისთვის წარსული გამოცდილებვისდა გამო. ორესტე ეწინააღმდეგება არაკეთილსინდისიერებას და კონგრუენტულობას აღწევს საკუთარი მოთხოვნების გათვალისწინებითა და მდგომარეობის სრული გათვალისწინებით“. [5]

სარტრის ფილოსოფიური გაგებით, თავისუფლების იდეა არ მდგომარეობს რაიმეს გაკეთებაში. მისი თქმით, შენ თავისუფალი ხარ, ე.ი. ყოველთვის გაგაჩნია არჩევანი, „მაშასადამე აირჩიე“. მისი თქმით, ადამიანის თავისუფლების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ „მან თავად განსაზღვროს საკუთარი სურვილები“.[6]

პიესაში, აგრეთვე, ცალსახად ვლინდება ფრიდრიხ ნიცშეს გავლენა სარტრზე. შეიძლება ითქვას, რომ ორესტე აკმაყოფილებს ნიცშეს მიერ წამოყენებული ზეადამიანის კონცეფციის კონდიციებს, ისევე, როგორც მისი ძალიან ცნობილი პერსონაჟი - ზარათუშტრა - ნაწარმოებიდან ესე იტყოდა ზარატუსტრა. ორესტეს ეუფლება უნარი, გაინთავისუფლოს გონება დოგმებისგან და სხვების შთაბეჭდილებებისგან და, ამის მაგივრად, იფიქროს მორალურ აღმასვლაზე. ზარათუსტრას მსგავსად, ორესტეც გრძნობს, რომ უნდა ჩავიდეს ხალხთან და გაუხილოს მათ თვალები (თუმცა ზარატუსტრასგან განსხვავებით, ორესტე ამას თანაგრძნობის გამო აკეთებს). ზევსთან დებატისას ორესტე საუბრობს იმ საკითხთან დაკავშირებითაც, რომ იგი იმ მორალური უღელის გარეთაა, რომლითაც გარშემომყოფები ცდილობენ მის შეკაზმვას - შეიძლება ითქვას, რომ ეს იდეა პირდაპირ კავშირს ბადებს ნიცშეს ფილოსოფიურ ნაშრომთან - სიკეთისა და ბოროტების მიღმა - და, ასევე, ირიბადაა აღწერილი ნიცშეს სხვა ნაწარმოებებშიც. ორესტე არ არის შებოჭილი სიკეთისა და ბოროტების ცრუ დიქოტომიით, არამედ იღებს მას, რაც მოხდა, და ფოკუსირდება საკუთარ აწმყოსა და მომავალზე.

სარტრმა საკუთარ ნაწარმოებში გააგრძელა ორესტესა და ელექტრას ინცესტური ფლირტის ტრადიცია. თავის მხრივ, ეს ფლირტი შესაძლოა შთაგონებული იყოს ანდრე ჟიდის პიესიდან - ოიდიპო - და, თავისთავად, სარტრის საერთო ანტიპათიით ფროიდის რეპრესიების თეორიის მიმართ.[7]

პარალელი ორესტეასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუზები არის ესქილეს ტრილოგიის ნაწილის, ორესტეს თანამედროვე ვარიაცია. მიუხედავად იმისა, რომ სარტრი ესქილეს უჩვეულო თხრობის სტილს უგულებელყოფს, ის პიესას საკუთარ შეხედულებებს არგებს ისეთი თემებით, როგორიცაა დსიქოლოგიური მონობისგან გათავისუფლება და ა.შ. სარტრი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ორესტეს ტრილოგიის მეორე ნაწილზე. ესქილესგან განსხვავებით, რომლის ნაწერებშიც შურისძიების თემას დიდი ადგილი უკავია, სარტრთან ორესტე არ კლავს ეგისთესა და კლიტემნესტრას შურისძიებისთვის ან იმის გამო, რომ „ეს მათი ბედი იყო“, არამედ არგოსის ხალხის გულისთვის, რათა ისინი მონობისგან გათავისუფლდნენ. სარტრი მკვეთრად ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ორესტე თავად იღებს ამ გადაწყვეტილებას, ყოველგვარი გარე ძალების ჩარევისა და ხელმძღვანელობის გარეშე, რაც, ერთგავრად, წინააღმდეგობაში მოდის ესქილეთან. სარტრი ამცირებს კლიტემნესტრას ისე, რომ გაცილებით დიდი აქცენტი გაკეთდეს დედის მკვლელობაზე, ეს კი ესქილეს ვერსიაში ასე არ ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრა კლიტემნესტრას სიკვდილის შემდეგ დანაშაულის გრძნობას განიცდის, ორესტე არ გრძნობს სინანულს დედის მკვლელობით. სარტრის მრისხანების აღქმა განსხვავდება ესქილესეული აღქმისგან იმით, რომ სარტრის პერსონაჟები, ჩადენილ დანაშაულზე შურისძიების ნაცვლად, ცდილობენ დანაშაულის გამოწვევას მათგან, ვინც თავად ჩაიდინა დანაშაული. სარტრი ამით მორჩილებაზე ამახვილებს ყურადღებას; მას სურს დაამტკიცოს, რომ სინანული მხოლოდ მაშინ უნდა იგრძნოს ადამიანმა, თუ ჩადენილი ქმედება არასწორია.

ადაპტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Decoding Jean-Paul Sartre's the Flies (16 April 2020).
  2. de Beauvoir (1962), p. 427.
  3. de Beauvoir (1962), pp. 246, 394.
  4. de Beauvoir (1962), p. 402.
  5. Gary Cox, Sartre and Fiction (2009), p. 131.
  6. https://www.e-ir.info/2013/01/23/jean-paul-sartre-existential-freedom-and-the-political/
  7. Olive, Peter (2019). „Reinventing the barbarian: Electra, sibling incest, and twentieth-century Hellenism“. Classical Receptions Journal. 11 (4): 417–419. doi:10.1093/crj/clz012. ISSN 1759-5142.