ბრინჯაოს მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრინჯაოს მღვიმემუსტიესა და ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მრავალფენიანი ძეგლი კარსტული წარმოშობის მღვიმეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. ცუცხვათის ტერიტორიაზე, მდ. შაბათღელის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 300 მ სიმაღლეზე.

ბრინჯაოს მღვიმე წარმოადგენს ცუცხვათის მრავალსართულიან მღვიმეთა სისტემის V იარუსს. პირველად გაითხარა 1974–1976 წლებში (ხელმძღვ. ლ. მარუაშვილი და დ. თუშაბრამიშვილი). მუსტიეურ ფენებში აღმოჩენილია ათასობით ნივთი (ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები, სხვადასხვა სახის დაკბილული იარაღი და სხვ.). ფაუნა წარმოდგენილია მგლის, მღვიმური და მურა დათვის, ბიზონის, შვლის, მარტორქის და სხვა ცხოველთა (24 სახეობის ძუძუმწოვარი და 6 სახეობის ფრინველი) ძვლების ნაშთები ნასუფრალის სახით. II მუსტიურ ფენაში (XVIII ლითოლოგიური ფენა) აღმოჩენილია 12–13 წლის ნეანდერტალელის ზედა საძირე კბილი. ბ. მ-ის შუა პალეოლითური ფენები მუსტიეს ეპოქის სხვადასხვა საფეხურით თარიღდება.

ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. IV–III ათასწლეულები) ფენებში აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოს მღვიმური კულტურისათვის დამახასიათებელი კერამიკული ნაწარმი, გახეხილ-გაპრიალებული ქვის იარაღი, კაჟის ისრისპირები, ქვის სამაჯურის ფრაგმენტები, ხელსაფქვავები, ძვლისა და რქის თოხისნაირი იარაღი და სხვ.

მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]