ბიორკის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბიორკის ხელშეკრულება – ხელშეკრულება რუსეთ-გერმანიის კავშირის შესახებ. ხელი მოაწერეს ვილჰელმ II-მ და ნიკოლოზ II-მ კ. ბიორკის (ვიბორგთან) მახლობლად 1905 წლის 11 (24) ივლისს. ხელშეკრულების თანახმად, თუ შეთანხმების მონაწილე ერთ მხარეს თავს დაესხმოდა ევროპის რომელიმე სახელმწიფო, მეორე მხარე მთელი თავისი სამხედრო ძალებით უნდა დახმარებოდა მოკავშირეს. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა რუსეთ-იაპონიის საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ბიორკის ხელშეკრულება უპირისპირდებოდა რუსეთ-საფრანგეთის სამხედრო პოლიტიკურ კავშირს. ვილჰელმ II მიზნად ისახავდა ჩაეშალა რუსეთ-საფრანგეთის კავშირი და არ დაეშვა რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის კავშირი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვ. ლამზდორფისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ს. ვიტეს ზეგავლენით ნიკოლოზ II-მ წერილობით შეატყობინა ვილჰელმ II-ს ხელშეკრულებას დამატებოდა ორმხრივი დეკლარაცია, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ გერმანია-საფრანგეთის ომის შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ ვალდებულებას სამხედრო დახმარების შესახებ. ეს განცხადება ბიორკის ხელშეკრულების გაუქმებას უდრიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]