ბაკურ იბერიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაკურ იბერიელი ან ბაკურ დიდი — IV საუკუნის ბიზანტიელთა მხედართმთავარი, ფოლოსოფოსი, რიტორი. ბერძნულ-ლათინურ წყაროებში ხან მეფედ იხსენიება, ხან მეფის შთამომავლად. ამ საკითხზე არც ქართველ მეცნიერთა შორისაა შემუშავებული ერთი აზრი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბაკურ იბერიელი იყო იბერიის მეფე და ამ ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელების პირველი ინიციატორი. საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ლტოლვილია ბიზანტიაში. ზოგი მას ბაკურ II-თან აიგივებს, ზოგიც ბაკურ III-თან. ალბათ უფრო მისაღებია ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც (გელასი კესარიელის ცნობა) ბაკურ იბერიელი მეფის შთამომავალია მხოლოდ. ბაკურ იბერიელს, როგორც სარდალს, მონაწილეობა მიუღია გუთების წინააღმდეგ ადრიანოპოლისა (378) და ტირან ევგენიოსის წინააღმდეგ (394) ბრძოლებში, სადაც დიდი სიმამაცე გამოუჩენია. პირველწყაროთა დახასიათებით ბაკურ იბერიელი იყო კაცი ფრიად სარწმუნო და ღვთისმოშიში, მეფის შთამომავალი და იბერთა შორის სახელოვანი (გელასი კესარიელი); ყოვლად ღირსეული როგორც რწმენითა და სათნოებით, ისე სულიერი ხორციელი სიკეთით (გიორგი ამარტოლი); მისთვის უცხო იყო ყოველგვარი ბოროტება და იყო გაწვრთნილი საომარ საქმეებში, სარდალთა შორის უმამაცესი (ზოსიმე); იყო იგი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული, სამართლიანი და ზომიერების მოყვარული (ლიბანიოსი). ბაკურ იბერიელი ბიზანტიაში დაახლოებია ცნობილ ფილოსოფოს ლიბანიოსს, მის წრეს და დიდი ავტორიტეტი დაუმსახურებია. ბაკურ იბერიელისადმი მიწერილ წერილში (392) ლიბანიოსი წერს: „...ზოგი ადიდებს შენს ზომიერებას და იმას, რომ უფრო მეტად ბრძანებლობ ვნებასურვილებს, ვიდრე ჯარისკაცებს, სხვა კიდევ აქებს შენს სიბრძნეს, შენს სულს არ მიჰკარებია არავითარი შიში რაიმე საფრთხის წინაშე. მე კი შენ ღირსებათაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება ის, რომ შენ გიყვარს ლოგოსები და ისინიც, ვინც ლოგოსებს მისდევენ“. ლოგოსები აქ ნახმარია რიტორიკული ხელოვნების მნიშვნელობით. არისტანეტესადმი წერილში კი ლიბანიოსი ბაკურ იბერიელზე ამბობს, რომ იგი „სხეულითაც ბრწყინავს და სულიც მას ასეთივე აქვს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოზალიშვილი გ., ქსე, ტ. 2, გვ. 162, თბ., 1977
  • ხურცილავა ბ.,დიდი ბაკური, თბ., 2003