ბაგიჭალის ნამოსახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაგიჭალის ნამოსახლარი და სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე საშაბუროსხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ბაგიჭალაში. ძეგლი მრავალფენიანია, თარიღდება ძვ. წ. I და ახალი წელთაღრიცხვით I-IV საუკუნეებით. 1982 წელს, გათხარა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი).

ნამოსახლარის ქვედა ფენის ნაგებობის მხოლოდ მცირე ნაწილებია შემორჩენილი, ზედა ფენებისა - შედარებით მეტი. სათავსთა (ფართობი 15-20 კვადრატული კილომეტრი) კედლები ნაშენია ალიზით, რიყის ქვის საძირკველზე. ნამოსახლარს გარს ევლებოდა სათავდაცვო კედელი, რომელიც რიყის ქვის საძირკველზეა ნაგები (სისქე 1,3-1,5 მეტრი), მხოლოდ დიდი ზომის ალიზის აგურით. სამაროვანზე გათხრილია 34 სამარხი. მათ შორის გამოირჩევა ძველი წელთაღრიცხვით I და ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნეების 26 სამარხი. ყველა სამარხი ინდივიდუალურია, მიცვალებულები გადაუკრძალავთ მოხრილ მდგომარეობაში. ზოგ ორმოსამარხს რიყის ქვაყრილი ჰქონდა შემოწყობილი. ოთხ (მამაკაცის) სამარხში მიცვალებულების გვერდით აღმოჩნდა ცხენის ჩონჩხი, ცხენის ლაგამსაყბეურები და შუბლისა და მკერდის სამკაული, შუბისპირი და სხვა. III-IV საუკუნეების (გვიანდელი არმაზული ხანა) სამარხები შედარებით ზედაპირულია, ხოლო ინვენტარი - ღარიბული. ფერდობის შუა ნაწილში გათხრილ, ქვიშაქვის ბრტყელი ფილებით შეკრულ ერთ ქვაყუთში სამი მიცვალებული ესვენა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნამოსახლარზე სიცოცხლე ადრინდელ შუა საუკუნეებშიც გრძელდებოდა. სამაროვანზე მოპოვებული მასალა (შავ და წითელკეციანი თიხის ჭურჭელი, წითელი წერნაქით შემკული ხელადები და ჯამები, დანები, საბრძოლო და შრომის იარაღები, სამკაული, პართული მონეტები და სხვა) ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]