ახულგოს იერიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახულგოს იერიში
კავკასიის ომის ნაწილი
აულ ახულგოს იერიში
აულ ახულგოს იერიში, მხატვარი ფრანც რუბო, 1888.
თარიღი 12 ივნისი–22 აგვისტო, 1839 (ძვ. სტილით)
მდებარეობა ახულგო, დაღესტანი
შედეგი რუსეთის არმიის გამარჯვება
მხარეები
რუსეთის იმპერია კავკასიის იმამატი
მეთაურები
პავლე გრაბე შამილი
ძალები
13 500 >1 000
დანაკარგები
580 მოკლული,
2416 დაჭრილი და დაშავებული
300-1 000 მოკლული
300-900 ტყვე
ახულგოს იერიში ვიკისაწყობში

ახულგოს იერიშიკავკასიის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ეპიზოდი, რუსეთის იმპერიის არმიის მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგობის ლიდერის, იმამ შამილის გამაგრებული აულის — ახულგოს (ახლანდელი უნცუყულის რაიონი, დაღესტანი) დასაუფლებლად ჩატარებული სამხედრო ოპერაცია 1839 წლის ივნის-აგვისტოში. თითქმის 80-დღიანი ალყისა და 5 იერიშის შემდეგ რუსეთის ჯარმა აული აიღო და დაანგრია, თუმცა შამილმა გაქცევა შეძლო და ბრძოლა არ შეუწყვეტია.

შესავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1832 წელს რუსეთის ჯართან ბრძოლაში აულ გიმრისთან დაიღუპა დაღესტნის პირველი იმამი ყაზი-მუჰამადი. მიუხედავად ამისა, მთიელთა წინააღმდეგობა გაგრძელდა ჯერ ჰამზათ-ბეგის, შემდეგ კი — შამილის წინამძღოლობით. რუსეთის სარდლობამ ჩრდილოეთ დაღესტანში შამილის მზარდი გავლენისა და რუსეთის სამხედრო კომუნიკაციებზე ადგილობრივების თავდასხმების აღსაკვეთად დამსჯელი ექსპედიციის მოწყობა გადაწყვიტა. შამილი აულ ახულგოში იყო გამაგრებული, სადაც მას თავისი ოჯახი, თანამებრძოლები და დამორჩილებული ტომებიდან აყვანილი მძევლები ჰყავდა. ახულგო ჩრდილოეთ დაღესტანში იმავე დასახელების მთიან პლატოზე მდებარე სოფელი იყო, რომელიც კლდოვანი ქედებით და მდინარე ანდის ყოისუს ღრმა ხეობით იყო გარშემორტყმული. აულის თავზე შულატლულღოს მაღალ კლდეზე აღმართული იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „სურხაის კოშკი“, რომელსაც ახულგოს მიდამოებში გაბატონებული პოზიცია ეჭირა.

ალყის დასაწყისი და „სურხაის კოშკის“ აღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახულგოს ლაშქრობაში კავკასიის ცალკეული კორპუსის 10 ქვეითი ბატალიონი, მესანგრეთა 1 როტა, კაზაკთა 5 ასეული და რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილ ადგილობრივთა ლაშქარი (სულ 10 ათასამდე კაცი, 18 ქვემეხი) მონაწილეობდა გენერალ-ლეიტენანტ პავლე გრაბეს სარდლობით. 1839 წლის 9-12 ივნისს რუსეთის ჯარმა მდინარე ანდის ყოისუს ორივე ნაპირი დაიკავა და ახულგო ალყაში მოაქცია. გრაბემ თავდაპირველად „სურხაის კოშკის“ აღება გადაწყვიტა. 29 ივნისს, გამთენიისას, რუსულმა ბატარეებმა კოშკს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო ქვეითებმა ციცაბო კლდის დალაშქვრა დაიწყეს და რთული რელიეფისა და კოშკში გამაგრებული მიურიდების წინააღმდეგობის მიუხედავად მწვერვალს მიაღწიეს. გააფთრებული ბრძოლა დაღამებამდე გაგრძელდა. რუსებმა კოშკის აღება ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს. ორივე მხარემ საგრძნობი დანაკარგი განიცადა. სასიკვდილოდ დაიჭრა კოშკის დამცველთა მეთაური ალი-ბეგიც. 4 ივლისს, შუადღისას, რუსეთის ჯარმა „სურხაის კოშკზე“ მორიგი იერიში მიიტანა. ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შემდეგ კოშკი ჩამოინგრა და გადარჩენილი მიურიდები ნანგრევებში მოიყოლა. ამის შემდეგ ქვეითებმა კლდე დაიკავეს.

ახალი ახულგოს წარუმატებელი იერიში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სურხაის კოშკის“ დაცემამ ბრძოლის ბედზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. გენერალმა გრაბემ შეძლო ბლოკადის ხაზის შემჭიდროვება მდინარის მარჯვენა ნაპირზე, აულისკენ არტილერიის წინ წაწევა და მთელი ძალების შამილის მთავარი დასაყრდენის, ე. წ. ახალი ახულგოსკენ მიმართვა. 12 ივლისს მოალყეებს სამხრეთ დაღესტნიდან პოლკოვნიკ ვრანგელის 3 ქვეითი ბატალიონი მიეშველა. რუსეთის ჯარის რაოდენობამ 13 ათასს მიაღწია, არტილერია კი 30 ქვემეხამდე გაიზარდა. 16 ივლისს, გამთენიისას, გრაბემ იერიშის ბრძანება გასცა. მძლავრი საარტილერიო მომზადების შემდეგ მთავარი რუსული კოლონა ვრანგელის მეთაურობით აულში შეიჭრა, მაგრამ ვიწრო ხევებისა და მთიელთა ბარიკადების გადალახვისას ახალი ახულგოს დამცველთა ჯვარედინ ცეცხლში მოექცა. უკან დასახევი გზა დაჭრილებითა და დახოცილებით იყო ჩახერგილი. ოფიცრების უმეტესობა დაღუპული ან დაჭრილი იყო. დაბინდებისას ძალაგამოცლილმა ჯარმა უკან დაიხია.

წარუმატებელი იერიშის შემდეგ გრაბემ ალყა განაგრძო. ბრძოლამ და ახულგოში გაჩენილმა ეპიდემიამ ორივე ბანაკი მნიშვნელოვნად დაასუსტა. დაიწყო მოლაპარაკებები, თუმცა გრაბემ ჩათვალა, რომ შამილი ცეცხლის შეწყვეტას დროის მოგების მიზნით იყენებდა და 17 აგვისტოს, გარიჟრაჟზე, სამი კოლონად დაწყობილი თავისი ძალები საერთო იერიშზე გაგზავნა. გააფთრებული შეტაკების შემდეგ რუსებმა მთიელთა მოწინავე სიმაგრეები აიღეს და ბრძოლაში მათი დამცველი ნაიბი სურხაი-ყადი მოკლეს. საღამოს შამილმა დაზავების ნიშნად გრაბეს თავისი უფროსი ძე ჯამალუდინი გაუგზავნა. 18 აგვისტოს დილით შამილთან კაპიტულაციის პირობების შესათანხმებლად გენერალი პულო ავიდა, მაგრამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო: შამილი დანებების შემდეგ მთებში ცხოვრების უფლებას ითხოვდა.

ახულგოს დაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამდღიანი დაზავების ვადის ამოწურვის შემდეგ, 21 აგვისტოს დილით, რუსეთის ჯარებმა ახალ ახულგოზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს. მთიელები კვლავ მედგრად იცავდნენ თავს. რუსმა მესანგრეებმა მოახერხეს კლდოვანი სიმაგრეების ძირში ნაღმების ჩადება და მათი აფეთქება, რის შემდეგაც ჯარმა შეტევა გააგრძელა. 22 აგვისტოს, გამთენიისას, ახულგოდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო. რუსებმა შტურმი განაახლეს და აულის უკვე მცირერიცხოვანი დამცველების წინააღმდეგობა დაძლიეს. გადარჩენილთა ნაწილმა თავი ღრმა ხეობასა და ქვაბულებს შეაფარა. მხოლოდ ქოხებში გამაგრებული 200-მდე მიურიდი განაგრძობდა ახულგოს დაცვას. შუადღისას ახალი ახულგოს უკანასკნელი დამცველებიც დაიღუპნენ. აული დაეცა.

ახალი ახულგოს იერიშის პარალელურად გრაბემ ქვეითთა ერთი ბატალიონი ძველი ახულგოს წინააღმდეგ გაგზავნა. აულს 600-მდე მთიელი იცავდა. ახალი ახულგოს დაცემის შემდეგ მოიერიშეებს დამატებითი ძალები მიუვიდა, რამაც ბრძოლის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. დამცველთა რაზმი მთლიანად განადგურდა. 22 აგვიტოს საღამოსთვის ახულგოს ქედის ორივე მხარეს რუსეთის ჯარი აკონტროლებდა. 23 აგვისტოს გრაბე ახულგოს შემოგარენის „წმენდას“ შეუდგა. მცირე შეტაკებები ყოისუს ხეობასა და მიუვალ ქვაბულებში 29 აგვისტომდე გაგრძელდა. რუსმა ჯარისკაცებმა ახულგო მთლიანად დაანგრიეს და რამდენიმე დღეში აულის ტერიტორია დატოვეს. დასახლება აქ მას შემდეგ არც აღდგენილა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის არმიამ მოკლულთა სახით 500 კაცზე მეტი დაკარგა, დაიჭრა 1722 და დაშავდა 694. დიდი იყო მსხვერპლი ოფიცრობაში: 23 მოკლული, 91 დაჭრილი და 33 დაშავებული. მთიელთა ზუსტი დანაკარგი უცნობია, თუმცა რუს თვითმხილველთა ჩანაწერები მიუთითებს 1000-ზე მეტ დაღუპულს. ალყას თავი მხოლოდ 200-მდე ადამიანმა დააღწია; მათ შორის იყო დაჭრილი შამილი. იერიშის დროს დაიღუპნენ შამილის ცოლი ჯავგარატი და მათი ჩვილი ვაჟი საიდი. შამილის დამ ტყვეობას სიკვდილი ამჯობინა და კლდიდან უფსკრულში გადავარდა. გრაბეს ტყვედ დარჩა შამილის მიერ მძევლად გაგზავნილი ვაჟი ჯამალუდინი. რუსეთის ჯარის შემადგენლობაში იბრძოდნენ ქართველი ან ქართული წარმოშობის ოფიცრებიც. ბრძოლაში თავი გამოიჩინა პოდპოლკოვნიკმა წიკლაურმა. დაღუპულთა შორის იყვნენ გურიის უკანასკნელი (და ყოფილი) მთავარი, კორნეტი დავით გურიელი და პოდპორუჩიკი თავადი შალიკოვი (შალიკაშვილი).[1]

მიუვალ და აუღებელ სიმაგრედ მიჩნეული ახულგოს დაცემამ მთიელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა აულის განადგურებისა და დიდი დანაკარგის მიუხედავად მათი წინააღმდეგობა არ შეწყვეტილა. რუსეთის სარდლობამ ახულგოს აღებით საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწია. შამილი კიდევ თითქმის 20 წელი განაგრძობდა ბრძოლას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიზეტი (1901), გვ. 45-48.