ასპანისძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასპანისძენი — ფეოდალური საგვარეულო შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში.

საგვარეულოს ფუძემდებელი იყო შავში აზნაური ასპანი, რომელიც თავის მეუღლესთან ელენესთან ერთად იხსენიება XII საუკუნის ერთ-ერთი ხელნაწერის მინაწერში. საგვარეულო დაწინაურდა თამარის მეფობის პერიოდში, XII საუკუნის ბოლოს, როდესაც ზაქარია ასპანისძემ შეიპყრო სამეფო ხელისუფლებისგან განდგომილი გუზან ტაოსკარელი. ამ სამსახურისთავის თამარმა ზაქარია ასპანისძეს უწყალობა სამამულე მფლობელობაში ტაოს უმთავრესი ციხე-ქალაქი ფანასკერტი და ტაოს ერისთავობა. ზაქარია ასრულებდა მონაპირის ფუნქციებს შავშეთიდან სპერამდე. ზაქარიას შთამომავლები ამის შემდეგ იწოდებიან ფანასკერტელებად.

ასპანისძეთა მეორე შტო დარჩა შავშეთის მემამულედ და შეინარჩუნა თავისი გვარი. XV საუკუნეში მათ მამულს დაეუფლნენ სამცხე-საათაბაგოს თავადები ბეენასშვილები, რის შემდეგაც ასპანისძეთა გვარი წყაროებში აღარ იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
  • ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანე, იქვე, ტ. 1, თბ., 1955.
  • ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, იქვე.
  • კათალიკოზის სამწყსონი თავადნი და სოფელნი სამცხე-საათაბაგოში, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
  • შოშიაშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.