არკადი სვიდრაგაილოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არკადი ივანეს ძე სვიდრაგაილოვი (რუს. Аркадий Иванович Свидригайлов) — ფიოდორ დოსტოევსკის 1866 წელს გამოქვეყნებული რომანის, „დანაშაული და სასჯელის“ ერთ-ერთი პერსონაჟი. ცოლის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემდგომ დაქვრივებული სვიდრაგაილოვი სანქტ-პეტერბურგში ჩადის, სადაც ცდილობს მოაწყოს შეხვდრა რასკოლნიკოვის დასთან, დუნიასთან, რომელიც მანამდე მისი ცოლის, მარფა პეტროვნას შინამოსამსახურე იყო და რომლისგანაც სვიდრაგაილოვმა სასიყვარულო გრძნობებზე უარი მიიღო. სვიდრაგაილოვი ხვდება რასკოლნიკოვს და სთხოვს შეხვედრას დუნიასთან, რაზეც უარს იღებს. სვიდრაგაილოვი ბინას სონია მარმელადოვას მეზობლად იქირავებს, სადაც როდიონ რასკოლნიკოვის „აღსარებას“ მოისმენს, რომელშიც რასკოლნიკოვი მოხუცი მევახშის, ალიონა ივანოვნას და მისი ნახევარდის მკვლელობას აღიარებს. სვიდრაგაილოვი დუნიას ფარულ წერილს გაუგზავნის და შეხვედრას დაუნიშნავს. სვიდრაგაილოვი დუნიას საკუთარ სახლში წაიყვანს და კიდევ ერთხელ გამოუტყდება სასიყვარულო გრძნობებში, რის შემდეგაც დუნია მის მოკვლას შეეცდება (პისტოლეტიდან რამოდენიმე გასროლით, რომელთაგანაც ერთ-ერთი არკადის საფეთქელს გაუკაწრავს). სვიდრაგაილოვი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს და ტოვებს წერილს, რომლის მიხედვითაც მის სიკვდილში ბრალი არავის მიუძღვის, როდიონ რასკოლნიკოვი კი მისი გარდაცვალების ამბავს განყოფილებაში გაიგებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „დანაშაული და სასჯელი“ – ფიოდორ დოსტოევსკი - [პალიტრა L, 2017]. - ISBN 9789941325816;