ამურის სიგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამურის სიგი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Coregonus ussuriensis (Berg, 1906)

ამურის სიგი, უსურიული სიგი (ლათ. Coregonus ussuriensis) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 51,5 სმ-მდეა,[1] აღწევს 60-მდეც; მასაში — 2 კგ-ს.[2] თავსა და ტანზე მუქი ლაქები ჩვეულებრივ არ აქვს; თუმცა, ზოგჯერ, წინასარქველზე და კუდის ფარფლზე შეინიშნება.[1] მოთეთროა,[2] ზურგის ფარფლში 3–4 დაუტოტავი და 9–11 დატოტვილი სხივია, ანალურში — შესაბამისად 3 და 13–15. გვერდით ხაზზე 86–92 ცალი ქერცლის ფირფიტაა, მის ზევით ზურგის ფარფლამდე გასდევს ფირფიტების 10–11 წყება, ქვევით — 9–10. აქვს 26–30 ლაყუჩის ფოთოლაკი. ყბები თითქმის ერთნაირი სიგრძისაა, ზედა ყბა ოდნავ წინაა გამოწეული და ფუძეშიც შესამჩნევად სცდება თვალი წინა მხარეს. გავრცელებულია ამურის ქვემო და შუა წელზე, ზეაში, უსურიში, ტბა ხანკაში, ამურის ლიმანში, ოხოტის ზღვის სამხრეთ ნაწილში; ახლო ფორმები ნაპოვნია ჩრდილოეთ სახალინის ტბებში; არის სამხრეთ სახალინის დასავლეთ სანაპიროზეც ჩ. გ. 48°30′ ქვემოთ.[1] იკვებება სხვადასხვა მცენარეული ნარჩენებით, ჭიებით, მოლუსკებით, მწერების მატლებით, მცირე ზომის თევზით. მიგრაცია ამურთან დაკავშირებულ ტბებში წყლის დონის მატებაზეა დამოკიდებული. ტბების გახსნასთან ერთად სიგი მათში შედის; აგვისტოში, როდესაც ტბის წყლის ნაკადი ამურისაკენ გაძლიერდება, თევზი უკან, ამურში, ბრუნდება და გაზაფხულამდე იქ რჩება. შემოდგომაზე ქვირითის დასაყრელად შედის მთის მდინარეებში. ტოფობა იწყება სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში, გრძელდება დეკემბერ-იანვრამდე და მთავრდება ყინულძვრის შემდეგ. ქვირითს ყრის ორმოებში ან გრუნტის ზედაპირზე.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Берг Л. С. Рыбы пресных вод СССР и сопредельных стран [4-е издание], часть 1, М.-Л.: Издательство Академии наук СССР, 1948, стр. 352–353.
  2. 2.0 2.1 2.2 СИГ АМУРСКИЙ, ИЛИ УССУРИЙСКИЙ. Аквакультура России. aquacultura.org. ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2020.