ალკოჰოლური დელირიუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლური დელირიუმი (თეთრი ცხელება) — მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზი, რომელიც ვითარდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის მეორე და მესამე სტადიაზე ალკოჰოლის შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ აბსტინენციის ფონზე.

მიმდინარეობა[რედაქტირება]

ალკოჰოლური დელირის მაპროვოცირებელ ფაქტორს შესაძლოა წარმოადგენდეს ინფექციური ან სომატური დაავადება, ფიზიკური დაძაბვა. დაავადება იწყება მწვავედ, უეცრად, ძირითადად ღამის საათებში. თან ახლავს სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციების მოზღვავება, ფსიქომოტორული აგზნება. ჰალუცინაციებს შეიძლება წინ უძღოდეს გარემოს ილუზორული აღქმა, მწერების, წვრილი ცხოველების, ქვეწარმავლების, საშინელი არსებების, შემზარავი სახეების სახით. გარდა ამისა, გამოხატულია შიშის ძლიერი გრძნობა, მოუსვენრობა, ემოციური დაძაბულობა. მხედველობით და სმენით ჰალუცინაციებს, შესაძლოა თან დაერთოს ტაქტილური, ყნოსვითი და გემოვნებითი შეგრძნებების აშლილობანი უსიამოვნო ფიზიკური განცდების, ხრწნის ან კვამლის სუნის, არასასიამოვნო გემოს სახით. გამოხატულია აშკარა დეზორიენტაცია ადგილსა და გარემოში. გარდა ამისა, ადამიანი გარბის, იმალება, ცდილობს თავი დაიცვას მოსალოდნელი ხიფათისგან.

ალკოჰოლური დელირი ძირითადად 1-2 კვირის განმავლობაში გრძელდება. მდგომარეობიდან გამოსვლის პროცესში რჩება ჰალუცინაციების განმეორებით აღმოცენების გარკვეული მზაობა და მომატებული შთაგონებადობა, რაც ზოგიერთ პათოფსიქოლოგიურ ფენომენში ვლინდება. მაგალითად:

  • რეინჰარდტის სიმპტომი - ავადმყოფს, რომელსაც სთხოვენ წაიკითხოს არარსებული ტექსტი ცარიელ ქაღალდზე, ამ ტექსტს ხედავს და კითხულობს მას.
  • აშაფენბურგის სიმპტომი - ავადმყოფს ესმის საუბარი გამორთული ტელეფონის ყურმილში.
  • ლიპმანის სიმპტომი - ავადმყოფს თვალის კაკლებზე ფიზიკური ზეწოლის შედეგად უჩნდებათ მხედველობითი ჰალუცინაციები.

ალკოჰოლურ დელირიუმს შეიძლება მოყვეს სომატური დარღვევების განვითარებაც. ამ დროს ხშირია ღვიძლის მწვავე დისფუნქცია, სიყვითლე, ტაქიკარდია, ტრემორი, საერთო კუნთოვანი ჰიპოტონია, ოფლიანობა, კანისა და ლორწოვანი გარსების გამოხატული სიფერმკრთალე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ფსიქიატრიის მოკლე კურსი - გ. ნანეიშვილი. თბილისი, 2011

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]