ჰალუცინაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰალუცინაცია (ლათ. hallucinatio - ბოდვა, მოჩვენებები), აღქმა, რომელიც ჩნდება რეალური ობიექტის გარეშე ფსიქიკური ან ზოგიერთი ინფექციური დაავადების, ინტოქსიკაციის, თავის ტვინის ტრავმის, მძიმე სულიერი განცდისა და სხვათა დროს.


ავადმყოფისათვის ჰალუცინაცია აღქმის წყაროა და არა წარმოსახვა. ჰალუცინაცია შეიძლება იყოს სმენითი (ავადმყოფს ესმის ხმები, ძახილი, ხმაური), მხედველობითი (ხედავს ადამიანებს, მიცვალებულებს, მხეცებს, მწერებს, სურათებს), ყნოსვითი (ეჩვენება სხვადასხვა სუნი - ნავთის, სუნამოსი და სხვა), შეხებითი (გრძნობს კანზე მწერების ცოცვას, ქროლვას და სხვა), ე. წ. ზოგადი გრძნობისა (შეიგრძნობს თითქოს მის მუცელში ან გულმკერდში რაღაც ან ვიღაც მოძრაობს), ე. წ. ექსტრა-კამპანიური (ავადმყოფი თავის მხედველობის არის მიღმა "ხედავს" ადამიანებს, რომლებიც სდევნიან და სხვა). ზოგიერთი ჰალუცინაცია მძაფრი, ემოციური, ხატოვანი და იმდენად დამაჯერებელია, რომ არ განირჩევა რეალური აღქმისაგან. ასეთ ჰალუცინაციას ჭეშმარიტი ჰალუცინაცია ეწოდება. სხვა ჰალუცინაციას ავადმყოფი შინაგანი სმენით ან ხედვით აღიქვამს და ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მისი მოჩვენებები და "ხმამაღალი" ფიქრები, რომელიღაც გარეშე ძალის ზემოქმედებით არის შექმნილი. ეს ფსევდო-ჰალუცინაციებია, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოს არწერა რუსმა ფსიქიატრმა ვ. კანდისკიმ. იმპერატიული, ბრძანებითი ჰალუცინაციის ზეგავლენით ავადმყოფმა შეიძლება ჩაიდინოს სხვისი და საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო ქმედება. ჰალუცინაცია მრავალი ფსიქოლოგიური დაავადების მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი ნიშანია. მისი პათოფიზიოლოგიური არსი ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის გარკვეული. მკურნალობენ ჰალუცინაციის გამომწვევ ძირითად დაავადებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]