ალექსი არაქჩეევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსი არაქჩეევი

ალექსი ანდრის ძე არაქჩეევი (რუს. Алексей Андреевич Аракчеев, მეცნ. Aleksej Andreevič Arakčeev) (დ. 23 სექტემბერი/4 ოქტომბერი, 1769, ნოვგოროდის გუბერნია ― გ. 21 აპრილი/3 მაისი, 1834, სოფ. გრუზინო, ნოვგოროდის გუბერნია), რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, არტილერიის გენერალი, პავლე I-ისა და ალექსანდრე I-ის მედროვე კარისკაცი, რომლის სახელთან დაკავშირებულია სახელმწიფო მმართველობაში რეაქციული პოლიციის და სამხედრო სისტემის (ე. წ. არაქჩეევშინა) დამყარება.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ხელმოკლე მემამულის ოჯახში. დაწინაურდა პავლეს გამეფების შემდეგ. 1796 წელს დანიშნეს პეტერბურგის კომენდანტად. ხელმძღვანელობდა რეაქციული რეფორმების გატარებას არმიაში. მიუხედავად უდიდესი გავლენისა, პავლე I-მა ორჯერ შერისხა (1798, 1799-1801) და ბოლოს დედაქალაქში ცხოვრებაც აუკრძალა. ალექსანდრე I-ის გამეფების შემდეგ არაქჩეევი კვლავ დაწინაურდა. 1808-1810 სამხედრო მინისტრი იყო, 1810 წლიდან სახელმწიფო საბჭოს სამხედრო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 1815-იდან ფაქტობრივად ხელთ იგდო სახელმწიფო საბჭოს, მინისტრთა კომიტეტისა და იმპერატორის პირადი კანცელარიის ხელმძღვანელობა.

1817 წლიდან სამხედრო დაბების მოწყობა და უფროსობა დაევალა. არაქჩეევმა თანამედროვეთა საერთო სიძულვილი დაიმსახურა. ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ არაქჩეევმა გავლენა დაკარგა, მაგრამ ნიკოლოზ I მის მეთოდებს მაინც ფართოდ იყენებდა საშინაო პოლიტიკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სურგულაძე ა., რუსეთი XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1963;
  • История СССР. С древнейших времён до наших дней, т. 4, М., 1967, с. 168-173;
  • ქსე, ტ. 1, გვ. 545, თბ., 1975