ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელი
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1853
გარდაცვალების თარიღი 19 ოქტომბერი, 1918
გარდაცვალების ადგილი პიატიგორსკი
ჯარის სახეობა სამხედრო კავალერია
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
მეთაურობდა Nizhny Novgorod Dragoon Regiment და Life Guard Horse Regiment
ბრძოლები/ომები რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877–1878)
ჯილდოები წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი

თავადი ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 1853 – გ. 1918) — ქართველი დიდგვაროვანი,მუხრანბატონების სახლის უფროსი (რიგითობით), ბაგრატიონთა ყოფილი სამეფო დინასტიის მუხრანული შტოს წარმომადგენელი და ერეკლე II-ის შთამომავალი (ქალის ხაზით). იმპერიული რუსეთის სამსახურში მყოფი გენერალი და იმპერატორ ნიკოლოზ II- ის უახლოესი წრის წევრი. ალექსანდრე მოკლეს ბოლშევიკებმა რევოლუციის შემდგომი არეულობისას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე დაიბადა თავად ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელისა და თავადის ქალ ქეთევან არგუტინსკი-დოლგორუკოვის ოჯახში, სოფელ მჭადიჯვარში, საქართველოში. განათლება მიიღო ნიკოლაევსკის საკავალერიო სკოლაში, 1874 წელს შევიდა რუსეთის სამხედრო სამსახურში და მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878) . 1893 წელს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და 1902 წლამდე მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქში, სანამ ნიჟნი ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკის მეთაურად დაინიშნებოდა.

1903 წელს თავადი ალექსანდრე თავისი ბიძაშვილის, კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ მუხრანის სათავადოს უფროსი გახდა (რიგითობით). მომავალ წელს იგი გენერალ-მაიორად დანიშნეს და ლეიბ-გვარდიის საკავალერიო პოლკი ჩააბარეს. 1905 წელს გახდა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სვიტის წევრი. იყო რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს წევრი.1917 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, მან სცადა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ტყვედ ჩაუვარდა წითელ გვარდიას ჩრდილოეთ კავკასიაში და დაიღუპა იმპერიის არმიის ოფიცრების მასობრივი მკვლელობის დროს პიატიგორსკში 1918 წლის ოქტომბერში.[1]

ალექსანდრე ბაგრატიონ–მუხრანელს ცოლად ჰყავდა მარია გოლოვაჩოვა, ვიცე-ადმირალ დიმიტრი გოლოვაჩოვისა და ჰოლანდიელი ლეონიდა ჰესენის ქალიშვილი. მათ შეეძინათ ქალ–ვაჟი: ნინო (1882—1972) და გიორგი  (1884—1957). მისი შვილიშვილი - ირაკლი იყო ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური ევროპაში. მეორე შვილიშვილი ლეონიდა კი რუსეთის დიდი მთავრის ვლადიმერ კირილოვიჩის ცოლი და მარია ვლადმიროვნას დედა. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]