აირსოფტის იარაღი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აირსოფტის იარაღი, წარმოადგენს რეალური ცეცხლსასროლი იარაღის ადაპტირებულ ვერსიას. ცნობილია 3 ტიპის იარაღი: ზამბარის მექანიზმის, აირის და ელექტრული.

ისტორია[რედაქტირება]

ზამბარის მექანიზმიანი პირველი იარაღი შეიქმნა მეოცე საუკუნის 70–იან წლებში იაპონიაში. შემდეგ ბაზარზე გამოჩნდა აირის იარაღი, ხოლო შემდეგ კი ელექტრული. იაპონურ ფირმებს სულ უფრო აქტიურ კონკურენციას უწევენ ჰონგ-კონგის და ჩინური ფირმები. სადღეისოდ გავრცელებული იარაღის მოდელების უმრავლესობა ელექტრული მექანიზმით მუშაობს.

იარაღის ტიპები[რედაქტირება]

ზამბარის მექანიზმიანი იარაღი[რედაქტირება]

ეს არის აირსოფტის იარაღის ყველაზე ძველი სახეობა. თითოეული გასროლის შემდეგ საჭიროა იარაღის ხელით გადატენა. ჩახმახის დაშვების შემდეგ შეკუმშული ზამბარა თავისუფლდება და მისი პოტენციური ენერგია გამოიყენება ჰაერის დასაჭირხნად. ის კი თავის მხრივ უბიძგებს ტყვიას იარაღის ლულაში და ხდება გასროლა.

ზამბარის შესაკუმშად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი. როგორც წესი, ის მიახლოებულია რეალურთან. მაგალითად, პისტოლეტის შემთხვევაში ხდება იარაღის ზემოთა ნაწილის ხელით უკან გადაწევა. სნაიპერული შაშხანის შემთხვევაში ხდება საკეტის ხელით უკან დაწევა. აქედან გამომდინარე, ავტომატური და ნახევრადავტომატური ცეცხლი შეუძლებელია.

ელექტრული ავტომატური იარაღი[რედაქტირება]

ჩახმახის დაშვებისას ირთვება ელექტრული ძრავა რომელიც იკვებება სპეციალური აკუმულატორიდან. ნახევარწრის ფორმის კბილანა ეჭიდება დგუშს, რომელზეც ზამბარაა დამაგრებული და მას უკან ეწევა. ზამბარა იკუმშება. შემდეგ კი, როდესაც კბილანა ბოლომდე შეტრიალდება, დგუში თავისუფლდება, ზამბარა მიმართავს მას წინ, ცილინდრში. შეკუმშული ჰაერი ბურთულას მიმართავს წინ, ლულისაკენ და ხდება გასროლა.

ცხადია, ძირითადი პრინციპი ხელით გადატენვის მსგავსია, თუმცა ელექტროძრავა საშუალებას იძლევა რომ იარაღმა მიაღწიოს გასროლების დიდ სიხშირეს. შესაძლებელია როგორც ნახევრადავტომატური, ისე ავტომატური ცეცხლის წარმოება, წუთში 350–450 გასროლამდე (ზოგ შემთხვევაში 800–მდეც კი). არსებობს ამ პრინციპით მოქმედი შაშხანები, პისტოლეტები და ტყვიამფრქვევები

გავრცელებული იარაღის უმრავლესობა იყენებს ნიკელ–კადმიუმის ან ნიკელ–მეტალჰიდრიდის ბატარეებს, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა ნაკლოვანებები: დაბალ ტემპერატურაზე არასტაბილური მუშაობა, მეხსიერება და სხვა. ამიტომაც მზარდ პოპულარობას იხვეჭს ლითიუმის ბაზაზე დამზადებული ბატარეები.

როგორც წესი, იარაღს შეძენისას მოჰყვება დამტენის ბლოკი, თუმცა ხშირად მოთამაშეები ამჯობინებენ უფრო მაღალხარისხოვანი დამტენების შეძენას, რაც ბატარეის ექსპლუატაციის ვადას ზრდის.

აირის იარაღი[რედაქტირება]

გაზის იარაღი ტყვიებს აირის წნევით ისვრის, რომელიც მაღალი წნევის ბალონშია ჩატუმბული. აირი შეიძლება იყოს ნახშირორჟანგი, პროპანი მინარევებით (ე.წ. Green Gas).

Hop Up სისტემა[რედაქტირება]

ეს სისტემა პირველად Tokyo Marui–ს იარაღებში გამოჩნდა. ლულაში მოთავსებულია რეზინის ბორცვი, რომელიც ტყვიას ჰორიზონტალური ღერძის მიმართ ბრუნვის მომენტს ანიჭებს, ფრენის დროს მეტი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით. ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს სროლის სიშორის გაზრდას.

თანამედროვე იარაღებში შესაძლებელია ბორცვის ზომის რეგულირება, რაც მსროლელს საშუალებას აძლევს, ტყვიის ტრაექტორია მაქსიმალურად წრფივი გახადოს და ამით უზრუნველყოს სამიზნის დაზიანების უკეთესი სიზუსტე.

მჭიდები[რედაქტირება]

ტყვიების მიწოდება იარაღში ხდება სპეციალური მჭიდებიდან, რომელიც ასევე ნამდვილი საბრძოლო მჭიდების ასლს წარმოადგენს, თუმცა ადაპტირებულია აირსოფტისათვის. არსებობს დაბალი, საშუალო და მაღალი ტევადობის მჭიდები. ტევადობიდან გამომდინარე, არსებობს გარკვეული განსხვავებები ტყვიების მიწოდების მექანიზმებში.

მცირე ტევადობის[რედაქტირება]

ასეთი მჭიდები იტევენ არა უმეტეს 100 ბურთულისა. მოთამაშეები ასეთი მჭიდების გამოყენებას ძირითადად იმიტომ ამჯობინებენ რომ ის თამაშს მეტ რეალიზმს ჰმატებს. პისტოლეტის მჭიდები ყოველთვის მცირე ტევადობისაა. ბურთულების მისაწოდებლად გამოიყენება შეკუმშული ზამბარა.

საშუალო ტევადობის[რედაქტირება]

ასეთი მჭიდები იტევენ 100–დან 200 ბურთულამდე. ერთი მხრივ, მათ გააჩნიათ იგივე უპირატესობა რაც მცირე ტევადობის მჭიდებს – შეკუმშული ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიების ერთმანეთზე მჭიდროდ მიჯრას და ამის ხარჯზე მოძრაობისას ხმაური არ ისმის. მეორე მხრივ, ტყვიების რაოდენობა უფრო მეტია და მჭიდის გამოცვლა უფრო იშვიათადაა საჭირო

დიდი ტევადობის[რედაქტირება]

მჭიდებს, რომლებიც 200–ზე მეტ ბურთულას იტევენ, დიდი ტევადობისას ანუ ბუნკერებს უწოდებენ. მათში ბურთულები თავისუფლად ყრია, ხოლო მიწოდებას უზრუნველყოფს ხელით მოსამართი სპირალური ზამბარა, ან ელექტროძრავა. ასეთი მჭიდების უპირატესობა ისაა, რომ მათი დატენვა იშვიათადაა საჭირო. მთავარი ნაკლი კი მოძრაობისას ბურთულების ხმაურია.

ასევე ზოგიერთ კლუბში ან ღონისძიებაზე შესაძლოა დიდი ტევადობის მჭიდები აიკრძალოს ნაკლები რეალიზმის გამო.

რეალური ტევადობის[რედაქტირება]

ასეთი მჭიდები იტევენ ზუსტად იმდენ ტყვიას, რამდენსაც შესაბამისი იარაღის რეალური ანალოგები. მაგალითად, M-16 ავტომატური შაშხანის მჭიდი შეიძლება იტევდეს 30 ბურთულას. ასეთი მჭიდები გამოიყენება სამხედრო სიმულაციების (MILSIM) დროს

იარაღის გაუმჯობესება[რედაქტირება]

არცთუ იშვიათად, ახალბედა მოთამაშეები თამაშს იწყებენ ნაკლებად ხარისხიანი იარაღით. შემდეგ კი სურვილისამებრ შესაძლებელია მათი მოდიფიკაცია მახასიათებლების გასაუმჯობესებლად. როგორც წესი, გაუმჯობესება გულისხმობს გარკვეული დეტალების უფრო მაღალხარისხიანით შეცვლას. ასეთი ნაწილებს აწარმოებენ როგორც იარაღის მწარმოებლები, ისე სხვა კომპანიებიც.

ელექტრულ იარაღში ხშირია კბილანების და მთლიანად გადაცემათა კოლოფის (Gearbox) გამოცვლა, რადგან მათზე დიდი დატვირთვა მოდის სროლის დროს და იაფფასიანი დეტალები ხანგრძლივ ექსპლუატაციას ვერ უძლებენ. ეს პროცესი თითქმის ყოველთვის აუცილებელია ზამბარის გაძლიერებისას, რადგანაც შესაძლოა კოლოფმა ვერ გაუძლოს უფრო ძლიერი ზამბარისგან გამოწვეულ ძალვებს.

სროლის სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით შესაძლებელია ლულის შეცვლა უფრო გრძელი და წვრილი ვარიანტით. მაგალითად, იაფფასიანი მოდელის 6.08 მილიმეტრი სიგრძის ლულა შეიძლება 6.03 მილიმეტრიანით ჩანაცვლდეს. ამ დროს ხშირია იმ ცილინდრის შეცვლა, რომელშიც დგუში ჰაერს ჭირხნის. მოკლელულიანი მოდელების ცილინდრებს შესაძლოა კედელში ერთი ან რამდენიმე ხვრელი ჰქონდეთ, ზედმეტი ჰაერის გამოსაშვებად. ლულის დაგრძელებისას მას მთლიანი ცილინდრით ცვლიან ხოლმე.

ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა მექანიზმის ნაწილების ცვეთა, ამიტომაც გაუმჯობესებისას როგორც წესი ცნობილი მწარმოებლების მიერ გამოშვებულ ნაწილებს იყენებენ. აქედან გამომდინარე, არცთუ იშვიათად გაუმჯობესება თითქმის იგივე ან მეტ დაახარჯებთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე თვითონ იარაღის შეძენაა.

ენთუზიასტები ხშირად იყენებენ Youtube–სერვისს იმისათვის, რომ იარაღის გაუმჯობესების მსურველებს დეტალურად აუხსნან, როგორ უნდა დაიშალოს იარაღის ესა თუ ის მოდელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]