მეხსიერება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეხსიერების ქალღმერთი მნემოზინე; მხატვარი: დანტე გაბრიელ როსეტი (გარდ. 1882) ბერძნულ მითოლოგიაში მნემოზინა იყო მეხსიერების ქალღმერთი (საიდანაც წარმოდგება სიტყვა მნემონიკა) , რომელსაც ხელოვნებისა და მეცნიერების ცხრა მუზის დედას უწოდებდენ. მეხსიერება ითვლებოდა ყველაზე ძველ და პატივსაცემ გონებრივ უნარად , საიდანაც ყველა სხვა უნარი განვითარდა. ითვლებოდა , რომ მეხსიერების არარსებობის შემთხვევაში არც ხელოვნება და არც მეცნიერება არ იარსებებდა.

მეხსიერება — ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარი.იგი მიეკუთვნება როგორც ბიოლოგიურ, ისე კოგნიტურ (შემეცნებით) პროცესებს. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების მეშვეობით იღებს ინფორმაციას და თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილების ნეირონების მეშვეობით ინახვას გარკვეული დროის განმავლობაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პოულობს შენახულ ინფორმაციას და იყენებს მოთხოვნის შესაბამისად.

მეხსიერების ფუნქცია არის გამოცდილების შეძენა, წარსულში აღქმულისა და განცდილის შენახვა, მომავალ ქცევაში მისი გათვალისწინება და ჩართვა.მეხსიერება სხვა ფსიქიკური პროცესებისგან გამოირჩევა თავისი სირთულითა და მოცულობით , ფორმებისა და მექანიზმების სიმრავლით, ფართო დიაპაზონით.მეხსიერება მოიცავს როგორც აწმყოს, ისე წარსულსა და მომავალს.ის, რისი დახსომებაც უნდა მოხდეს, ჯერ აწმყოში აღიქმება, შემდეგ ხდება აღქმულის შენახვა. აღქმული ინფორმაცია ფსიქიკაში ინახება ზოგჯერ უცვლელად, ზოგჯერ კი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და ამდენად, წარსულს განეკუთვნება.რადგანაც წარსულში მიღებული ცოდნა მომავალში გამოყენებისთვის გვჭირდება, მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის შენახვას, არამედ მომავლში მისი გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს.

დახასიათება[რედაქტირება]

მეხსიერება წარმოდგენილია სამი ეტაპის ანუ ფაზის სახით, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი ფსიქოლოგიური სტრუქტურითა და კონკრეტული ამოცანით. ეს ეტაპებია: ინფორმაციის აღბეჭდვა(კოდირება), შენახვა და აღდგენა.

კოდირება – მეხსიერება იწყება შთაბეჭდილების მიღებით, ფსიქიკურ სისტემაში ინფორმაციის შემოსვლით . დამახსოვრება არსებითად კოდირება ანუ მიღებული შთაბეჭდილების (ინფორმაციის) გარკვეულ ფსიქიკურ ფორმაში მოქცევა და მნემურ სისტემაში შეტანაა. როცა კომპიუტერის პროცესორში ინფორმაცია შეგვყავს, მის კოდირებას ვახდენთ. იმას, თუ როგორ ხდება შთაბეჭდილებათა აღბეჭდვა, რა პირობები უწყობს ან უშლის ხელს მათ ფიქსაციას, სწავლობს მეხსიერების ფსიქოლოგია.

შენახვა – მეხსიერების პროცესის შემდეგი ფაზა. ამ დროს კოდირებული ინფორმაცია ფიქსირდება გარკვეულ ფსიქიკურ და ნეირონულ სტრუქტურებში. შენახვა , იგივე შემონახვა აღბეჭდილი ფსიქიკური მასალის აქტიური გადამუშავების პროცესია და არ გულისხმობს მხოლოდ მეხსიერების საცავებში ინფორმაციის არქივაციას ან კონსერვაციას. იგი მოიცავს ხატების, სიგნალებისა და შინაარსების გაშიფვრას, დახარისხებას, სხვა მასალასთან მიმართებაში მოყვანას, ორგანიზაციას, აქცენტების გადანაწილებას და სხვ.

აღდგენა – მეხსიერების პროცესის დამასრულებელი ეტაპი.ადრე შეძენილი ცოდნა-ჩვევების , სხვადასხვა მასალის, საჭირო ინფორმაციის მეხსიერებიდან ამოტანის პროცესი.არსებობს აღდგენის განზრახვით აღდგენა, როდესაც სუბიექტი სპეციალურად, მიზანდასახულად იგონებს რამეს.აღდგენის ამ სახეობას ეწოდება მოგონება. მეხსიერების ფსიქოლოგიაში იცნობენ ასევე აღდგენის არაცნობიერ, უნებლიე ფორმებსაც.ამ შემთხვევაში სუბიექტი ყოველგვარი სპეციალური განზრახვის გარეშე, უნებლიეთ აღადგენს გარკვეულ ინფორმაციას.წარმოდგენის ან აზრის სპონტანურ და აკვიატებულ ამოსვლას ცნობიერებაში პერსევერაცია ეწოდება. ზოგადად, აღდგენის წარმატებულობა ორ მთავარ გარემოებაზეა დამოკიდებული: იმაზე , თუ რამდენად ღრმა და ხარისხიანია შენახული ინფრომაციის გადამუშავება და იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს თვით აღდგენა, ანუ საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და მეხსიერებიდან ამოტანის პროცესი.

თითოეული ამ ეტაპის არსებობა აუცილებელია მეხსიერების ნორმალური მოქმედებისათვის.ამ სამიდან რომელიმე ფაზაზე შეფერხება იწვევს მეხსიერების ფუნქციის მოშლას.

მეხსიერების ფორმები[რედაქტირება]

მეხსიერების მრავალსაცავიანი სისტემა სამი კომპონენტისაგან შედგება: სენსორული მეხსიერება, ხანმოკლე მეხსიერება და ხანგრძლივი მეხსიერება.

სენსორული მეხსიერება[რედაქტირება]

ფსიქიკაში ინფორმაციის შესვლა ხდება სენსორული გზით ანუ შეგრძნების ორგანოებით,აღიბეჭდება სენსორული რეგისტრის დონეზე. სენსორული რეგისტრი არის აღქმიდან მეხსიერებაში ინფორმაციის გადასვლის პირველი ეტაპი, ფსიქიკაში ასახულის მეხსიერებაში შეჩერების უმარტივესი ფორმა, რომლის ხანგრძლივობაც წამის მეასედებით იზომება. სენსორულ რეგისტრში შედის და ძალიან მცირე ხნით რჩება გამღიზიანებელთა ბევრად მეტი რაოდენობა, ვიდრე სუბიექტი ცნობიერად აღრიცხავს. ჩვეულებრივ პირობებში ადამიანს 4–5 მარტივი შთაბეჭდილების დასახელების შემდეგ სხვა მიღებული ინფორმაციები ავიწყდება , რადგან მასალის სრული სახით შენარჩუნების დრო ძალიან მცირეა – სენსორულ რეგისტრში მასალის შენარჩუნება დაახლოებით 0.5 წამის მანძილზე ხდება.

სენსორული მეხსიერება არ ახდენს მასში მოცემული შინაარსის გადამუშავებას, იმის გარჩევას რა არის საჭირო და რა – არა. მეხსიერების ამ ფორმისთვის დამახასიათებელია სტიმულისა და მისი გამოსახულების სრული შესატყვისობა, ჭარბი ინფორმაციის არსებობა და არასელექტიურობა. თუ სენსორულ მეხსიერებაში აღბეჭდილი ინფორმაციის რაღაც ნაწილი მთელი კოგნიტური სისტემის ყურადღების ობიექტი გახდება, ის შედარებით ხანგრძლივი დროით იქნება შენარჩუნებული.

ხანმოკლე მეხსიერება[რედაქტირება]

ხანმოკლე მეხსიერება ინფორმაციის მნემური გადამუშავების მეორე ეტაპს წარმოადგენს. მასში სენსორული მეხსიერებიდან ის შინაარსი გადადის, რომელზეც ყურადღების კონცენტრაცია მოხდა. ხანმოკლე მეხსიერება ქმნის მინდინარე მოქმედების განხორციელების საშუალებას, ამიტომ მას სხვაგვარად ოპერატიული მეხსიერება ეწოდება. მეხსიერების ამ ფორმის მახასიათებელია მოკლევადიანობის მაჩვენებელი.

ხანმოკლე მეხსიერებაში შემონახვის დრო განისაზღვრება 20–30 წამით, თუ არ ხდება მისი განმეორება. შეზღუდულია ხანმოკლე მეხსიერების მოცულობაც. მოზრდილ ადამიანს შეუძლია დაახლოებით ხუთიდან ცხრა ერთეულამდე აღდგენა. კოდირების თვალსაზრისით მეხსიერების ამ ფორმაში ინფორმაცია სმენითი მოდალობის ანუ აკუსტიკურ ფორმაშია მოცემული. ხანმოკლე მეხსიერების ფუნქციაა ხანგრძლივ მეხსიერებაში შესატანი მასალის ფიქსირება.

ხანმოკლე მეხსიერების განხორიციელების აუცილებელი პირობებია: მასალის ერთხელობრივი აღქმა და მასალის დაუყონებლივი აღდგენა.მასალის აღქმასა და აღდგენას შორის დროითი ინტერვალი თითქმის არ უნდა არსებობდეს (30 წამს არ უნდა აღემატებოდეს).

ხანგრძლივი მეხსიერება[რედაქტირება]

ინფორმაციის გადამუშავების ბოლო ეტაპს წარმოადგენს ხანგრძლივი მეხსიერება. მისი მოცულობა და შენახვის დრო პრაქტიკულად განუსაზღვრელია; აქ დაცული ბევრი შთაბეჭდილება მთელი ცხოვრების განმავლობაში ინახება. იგი მოიცავს ყოველგვარი სახის გამოცდილებას, სუბიექტის მთელ ცოდნას სამყაროსა და საკუთრი თავის შესახებ. აქ ინახება მთელი ცხოვრების მანძილზე მიღებული ინფორმაცია _ სახელები, თარიღები, მოვლენები, ადამიანთა სახეები, სუნიც კი.

ხანგრძლივი მეხსიერება გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით. იგი ხასიათდება არა მხოლოდ რეპროდუქციულობით, არამედ გენერეციულობითაც. შინაარსის აღდგენისას მხოლოდ წარსული ფიქსირებული კვალის უცვლელი სახით განახლება კი არ ხდება , არამედ გასახსენებელის კონსტრუირებაც. გახსენებისას გათვალისწინებულია როგორც აწმყოს აქტუალური მოთხოვნები და სიტუაციური თავისებურებები, ისე უკვე არსებული ინფორმაციის კონტექსტი. ხანგრძლივი მეხსიერება ამოცანის გადაწყვეტის აქტიური პროცესია და არა მხოლოდ ინფორმაციის პასიური აღდგენა.

მოგონებაზე დიდ გავლენას ახდენს ადრე ჩამოყალიბებული განწყობები , რწმენები, მოლოდინები. თავდაპირველი შთაბეჭდილება განსხვავავებულ სახეს იღებს – ადამიანი მომხდარის ასლს არ იხსენებს. იგი გარკვეულად ქმნის ახალ შთაბეჭდილებას , რაც შეიძლება შეცდომის ან ილუზიის წყარო გახდეს. ხანგრძლივ მეხსიერებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს გაგება – ადამიანები უფრო კარგად იმახსოვრებენ გააზრებულ მასალას. ხანგრძლივი მეხსიერებისათვის არსებითია მასალის აღქმასა და აღდგენას შორის ფარული ე.წ. ლატენტური პერიოდის არსებობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]