აბატონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბატონი — წმინდა ადგილი კუნძულ ბიგეზე, ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში. აბატონზე მდებარეობდა ოსირისის წმინდა ნაწილის (ფეხის) სამარხი. დიოდორე სიცილიელი აბატონს „წმინდა მინდვრებად“ თარგმნის. სახელწოდება ბერძნული წარმოშობისაა და „შეუღწეველს“ ნიშნავს, რადგან აბატონი ოსირისის ერთ-ერთი წმინდა ნაწილის ნავსაყუდელი იყო და ყველა არ დაიშვებოდა. აკრძალული იყო მუსიკის დაკვრა, ნადირობა და თევზაობა. პლუტარქეს ცნობით, „იქ არ შეიძლება სიარული, ჩიტს არა აქვს დაფრენის, თევზს კი მის სიახლოვეს ცურვის უფლება“. იგი პირველად მოხსენიებულია ნექტანებოს I-ის მიერ მეზობელ კუნძულზე, ფილეზე, ისიდასთვის აგებულ ტაძარში. აბატონი შედარებით „ახალი“ სალოცავი ადგილი იყო, მაგრამ გვიანდელ პერიოდში, როგორც ოსირისის თაყვანისცემის ცენტრმა, აბიდოსი დაჩრდილა. დიდი როლი ითამაშა ისიდას მზარდმა პოპულარობამ და მისი ტაძრის სიახლოვემ კუნძულ ფილეზე. ისიდას ქანდაკებას ყოველ ათ დღეში ოსირისის სამარხთან მიაბრძანებდნენ, რის გამოც მას „აბატონის“ ან „სამარხის ქალბატონს“ ეძახდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვედელიძე მ., ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია, თბ.: ქარჩხაძის გამომცემლობა, 2013. — გვ. 10, ISBN 978-9941-452-00-0.