ჰათლგრიმსკირკია
ჰათლგრიმსკირკია (ისლ. Hallgrímskirkja „ჰათლგრიმურის ეკლესია“) — ლუთერანული ეკლესია ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში. ეს ნაგებობა სიმაღლით მეოთხეა ისლანდიაში ჰელისანდურის ერთტალღოვანი რადიოკოშკის, ეილარის გრძელტალღოვანი რადიოგადამცემისა და სმარატგორის კოშკის შემდეგ. ეკლესიას სახელი პოეტისა და სულიერი ლიდერის ჰალგრიმურ პიტურსონის პატივსაყოფად ეწოდა, რომლის კალამსაც ეკუთვნის წიგნი „ვნების ჰიმნები“.
საყდრის პროექტი 1937 წელს არქიტექტორმა გულჟან სამუელსონმა მოამზადა. ეკლესიის მშენებლობას 38 წელი დასჭირდა. მშენებლობა 1945 წელს დაიწყო და 1986 წელს დასრულდა. კრიპტა და ქოროები 1974 წელს დაამთავრეს, კოშკი და ფრთები კი 1986 წელს. ეკლესია რეიკიავიკის ცენტრშია და ქალაქის ყველა წერტილიდან თავისუფლად მოჩანს. ჰათლგრიმურის საყდარი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
ეკლესიაში დიდი ორგანი დგას, რომელიც გერმანელმა ბონელმა ოსტატმა იოჰანეს კლაისმა შექმნა. ორგანი მექანიკურია და 5275 მილი აქვს, სიმაღლით კი 15 მეტრს უტოლდება, ხოლო წონით 25 ტონაა.
ეკლესია აგრეთვე გამოიყენება როგორც გადმოსახედი, რომლის ზეთავიდან მთელი რეიკიავიკი და მისი შემოგარენი მთები ხელისგულივით მოჩანს. საყდრის წინ ლეიფ ბედნიერის ქანდაკება დგას, რომელიც აშშ-მა აჩუქა კუნძულს 1930 წელს ისლანდიის პარლამენტის ათასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით.
სურათები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ხედი რეიკიავიკზე