ხალხოსნობა
ხალხოსნობა, ნაროდნიკობა — 1865-1891 წლებში რუსეთის იმპერიაში გავრცელებული მოძრაობა, რომელიც გლეხური დემოკრატიის ინტერესებს გამოხატავდა.
XIX საუკუნის 70-80 წლებში რუსეთში თავი იჩინა ეგრეთწოდებულმა ნაროდნიკობამ. ინტელიგენციამ მიზნად დაისახა გლეხებში გასვლა და მათ შორის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული იდეების გავრცელება. ამ მოძრაობამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია საქართველოში. აქ მან კარგი ნიადაგი მოიპოვა. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის უმრავლესობა სოფლის ღვიძლი შვილები იყვნენ, სოფელს არ იყვნენ მოწყვეტილნი, იცოდნენ მისი ავ კარგი, კარგად იცნობდნენ მის მტერ-მოყვარეს, იცნობდნენ გლეხთა ტკივილებს. ქალაქიდან მიდიოდნენ სოფლად ხალხში, შეჰქონდათ ახალი აზრები და მიზნები.
ნაროდნიკების ერთმა ნაწილმა 1876 წელს ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „ზემლია ი ვოლია“ ("მიწა და თავისუფლება“), რომლის მიზანიც იყო სამეფო ხელისუფლების დამხობა. 1879 წელს ამ ჯგუფის ყველაზე რადიკალურმა წევრებმა დააფუძნეს „ნაროდნაია ვოლია“ („ხალხის ნება“). მათი მიზანი კი რეჟიმის წარმომადგენელთა განადგურება გახდა. 1881 წელს, სწორედ მათ მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 323.
- ტაბიძე, ბ. „ალექსანდრე როინაშვილი“, გვ. 38, თბილისი, 1962
- ხაჭაპურიძე, გ. საქართველოს XIX და XX საუკუნეთა ისტორია გვ. 90-93 — თბილისი, სახელგამი, 1940