შინაარსზე გადასვლა

წიდა (მეტალურგიული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წიდა – ნადნობი (გამყარების შემდეგ – ქვისებრი ან მინისებრი ნივთიერება), რომელიც მეტალურგიული პროცესების დროს (მაგალითად ფოლადის, თუჯის, ფეროშენადნობების გამოდნობისას) ფარავს თხევადი ლითონის ზედაპირს. წიდა შედგება ღუმელში სპეციალურად შეტანილი ფლუსების, მეტალურგიული რეაქციების შედეგად წარმოქმნილი ამოტივტივებელი პროდუქტების, ლითონისაგან მოცილებული მინარევებისა და სათბობის ნაცრისაგან. იმის მიხედვით, თუ რომელი ჟანგეული ჭარბობს, განასხვავებენ ფუძე და მჟავა წიდებს. წიდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტალურგიულ პროცესებში: იცავს თავის მიერ დაფარულ ლითონს ღუმლის აიროვანი გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან, ითვისებს ამოტივტივებულ მინარევებს და ასრულებს სხვა მრავალ ფიზიკურ და ქიმიურ ფუნქციას. ამიტომ დნობის პროცესში აუცილებელია წიდური რეჟიმის ზუსტად დაცვა, ე.ი. წიდის ქიმიური შედგენილობის, სიბლანტისა და ტემპერატურის შენარჩუნება.