წვირმის მაცხოვრის ეკლესია
წვირმის მაცხოვრის ეკლესია (მოიხსენიება, როგორც „მაცხვარ“) — დარბაზული ეკლესია სოფელ წვირმში, მესტიის მუნიციპალიტეტში; ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 750 მეტრზე, მესტიიდან თვრამეტ კილომეტრში, უბან სვიფის სასაფლაოზე. აშენებულია დაახლოებით XI საუკუნეში. ტაძარს სამი მხრიდან ეგვტერები ეკვრის, ხოლო დასავლეთ ნაწილში დაშენებული აქვს სამრეკლო. მისი ინტერიერი მოხატულია XII საუკუნეში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მოხატულობა შესრულებულია თევდორეს ან მისი მოწაფეების მიერ. მას ასევე მოხატული აქვს იფრარის მთავარანგელოზთა (სვანურად - „თარინგზელ“) (1096 წ.); კალის ლაგურკა, ანუ წმინდა კვირიკეს და ივლიტას ეკლესია (1111 წ.); ნაკიფარის წმინდა გიორგის (1130 წ.) ეკლესიები, თუმცა მათგან განსხვავებით წვირმის მაცხოვრის ტაძარზე წარწერები არ არის შემონახული. სხვაგან კი მხატვარი საკუთარ თავს „მეფის მხატვარს“ უწოდებს.
მაცხოვრის ეკლესიაში შემონახულია ფერწერული და ჭედური ჯვარ-ხატები, მათ შორისაა XII საუკუნის დიდი ზომის საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი, რომელზედაც ჯვარცმის სცენაა გამოსახული. ტაძარში დაცულია ერთად გამოსახული წმ. მიქაელ და წმ. გაბრიელ მთავარანგელოზთა XI საუკუნის ჭედური ხატი და ხეში ამოკვეთილი ამხედრებული წმ. გიორგის გამოსახულება.
წვირმის მაცხოვრის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ჟღერს ქვის ჰარმონია“, ტ.15, გვ. 231, თბ., 2007
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 312.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2019-07-20.