ჩინური ხემყრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინური ხემყრალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ailanthus altissima

ჩინური ხემყრალი (ლათ. Ailanthus altissima) — ტანმაღალი, განიერვარჯიანი ხე სიმარუბასებრთა ოჯახისა, რომელსაც ყლორტები მწვანე, ტოტები და ღერო კი მონაცრისფრო თხელი ქერქით აქვს დაფარული. მერქანი თეთრი ფერის აქვს, უგულო. ახალგაზრდა ტოტები ადვილად მტვრევადი და ფხვიერი აქვს, ღეროს მერქანი კი მაგარი, მკვრივი და ბრჭყვინავია. ხასიათდება სპეციფიკური სუნით. ჩინური ხემყრალის მსხვილი, მორიგეობით გაწყობილი ფოთლები კენტფრთართულია. ფოთოლში 15-25 წაგრძელებული და წაწვეტილი, ქვედა ნაწილში გაგანიერებული ფოთოლაკია. გაგანიერების საწყისში ქვედა მხარეზე ჯირკვლები ახასიათებს. ფოთლები სცვივა ყოველ შემოდგომაზე.

წვრილი მოყვითალო — მწვანე ყვავილები კენწრულ, მსხვილ მტევნებადაა შეკრებილი, ყვავის ფოთლების გაშლის შემდეგ მაისის ბოლოს ან ივნისში. ნაყოფი ერთთესლიანი ფრთიანაა, ჯერ მოვარდისფრო, მომწიფების შემდეგ ჩალისფერი. ბრტყელი თესლი გრძელი ფრთის ცენტრშია მოთავსებული. ნაყოფები თითქმის მთელი ზამთარი ხეზე რჩება. კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა ახასიათებს. გამრავლება ხდება თესლით, ძირკვის ამონაყრით და ფესვის ნაბარტყით. იგი სინათლის და სითბოს მომთხოვნია, კარგად იტანს სიმშრალესა და მწირ ნიადაგს. ამის მიზეზია, რომ ხრიოკ ფერდობებზე და მშრალ ადგილებში თავისთავად სახლდება. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოს ტენიან ადგილებში იგი უკეთეს ზრდას იჩენს. მისი სამშობლოა ჩინეთი. ჩვენში ხელოვნურადაა გავრცელებული და გაველურებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]