შინაური თხა
შინაური თხა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ირლანდიური შინაური თხა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Capra hircus | |||||||||||||||
|
თხა (ლათ. Capra hircus) — წყვილჩლიქოსანი მცოხნავი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. შინაური თხის წინაპარია გარეული თხის ორი სახეობა — ნიამორი და რქახრახნილი თხა, აგრეთვე ამომწყდარი Capra prisca.
თხა ადვილად ეგუება სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებს, რის გამოც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია მოშენებული. გვარში (Capra) გაერთიანებულია 10-მდე სახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 3. თხა გვაძლევს რძეს, ხორცს, ბეწვს (მატყლს), თივთიკს. ცოცხლობს 9 — 10, მაქსიმუმ 17 წელს, სამეურნეო გამოყენების საშუალო ვადაა 7 — 8 წელი. დასაგრილებლად 14 — 18 თვისას უშვებენ. მაკეობა დაახლოებით 5 თვეს გრძელდება. თხის კულტურული ჯიშების უმეტესი ნაწილი მრავალნაყოფიანია. 100 დედა თხა 150—250-მდე თიკანს შობს. საუკეთესო კვებისა და მოვლა-პატრონობის პირობებში შეიძლება წელიწადში ორი დოლი მოგვცეს. მამალი თხის (ბოტის) ცოცხალი მასაა 60 — 65 კგ, მაქსიმალური 100 კგ, დედის თხისა (ნეზვის), შესაბამისად 40 — 60 კგ-მდე.
პროდუქტიულობის მიხედვით განასხვავებენ სარძეო, სამატყლე, სათივთიკე და უხეშმატყლიანი შერეული პროდუქტის ჯიშის თხება. სარძეო ჯიშის თხა წელიწადში 450 — 550 კგ იწველის, საუკეთესო მეურნეობებში 1000 კგ-მდე. რძის ცხიმიანობაა 3,8 — 4,5%. თხას დღეში 1—3-ჯერ წველიან, სამატყლე ჯიშის თხის მატყლს ერთგვაროვანი ბოჭკოები აქვს. მამალი თხის ნაპარსია 4 — 5 კგ, დედალი თხისა 3 — 5 კგ. სათივთიკე ჯიშების თივთიკის საშუალო გამოსავლიანობაა 0,2 — 0,5 კგ, მაქსიმალური 2 კგ-მდე. მოზრდილი თხის ნაკლავი 20 — 28 კგ ხორცს და 4 — 6 კგ ქონს იძლევა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 31.