შინაარსზე გადასვლა

ტვიფრული მინანქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიქელ-გაბრიელის ხატი
(ამჟამად დაკარგულია)

ტვიფრული მინანქარი, ამოღრმავებული მინანქარი — მხატვრული მინანქრის სახე, როდესაც მინანქრით ხდება ლითონის ამოღრმავებული ნაწილების ამოვსება. იგი ძველთაგანვე იყო ცნობილი აღმოსავლეთში (ჩინეთში), გვხვდება აგრეთვე გვიანდელი რომაული ნაკეთობანი ბრინჯაოზე. ამ ტექნიკის მინანქარი დასავლეთ ევროპაში XII საუკუნეში გავრცელდა. ძირითადად ცნობილია 3 სკოლა: მაასის — მდინარე მაასის ველზე, ლოთარინგიაში (ოსტატები გოდფრუა დე კლერი და ნიკოლოზ ვერდენელი), რაინისა — ცენტრი კელნში (ოსტატები — ბერები აილბერტუსი და ფრიდერიკუსი), ლიმოჟისა (ცენტრი ქალაქი ლიმოჟი, საფრანგეთი, იარსება XV საუკუნემდე).

ქართულ ხელოვნებაში ერთადერთი მნიშვნელოვანი ტვიფრული მინანქარი რომელიც ოქროს ფურცელზე იყო შესრულებული იყო მიქელ-გაბრიელის ხატი, ამჟამად უკვალოდ გამქრალი ჯუმათის მთავარანგელოზთა ეკლესიიდან. ნ. პ. კონდაკოვი ამ ხატს XIII-XIV საუკუნეებით ათარიღებდა.

ვიკიციტატა
„თავის, ფრთებისა და სამოსის კონტურები ოქროშია ჩასმული რელიეფურად, ტვიფრული მინანქრის წესითა და არა ტიხრულის ხერხით, როგორც მიღებული იყო ბიზანტიურ ხელოვნებაში.“

მინის მასას დამსხვრევისას როდინში საგანგებოდ ფქვავდნენ და ცალკეულ ჭურჭლებში ინახავდნენ ფერის და მიხედვით. შემდგომ მინის დასაფარავად ცალკე ამზადებდნენ ლითონის(ოქროს) ფუძეს. ფირფიტაზე გამოსახულების და შესაბამისად ფოსოებს ამოტვიფრავდნენ, არ აღრმავებდნენ მხოლოდ კონტურებს. ფოსოებს ავსებდნენ ცომისმაგვარი მასით - წყლით მოზელილი ამათუ იმ ფერის სმალტით და აშრობდნენ ჰაერზე. სრული გამოშრობის შემდეგ ათავსებდნენ ღუმელში საიდანაც გამოჰქონდათ მას შემდეგ რაც სმალტა გადნებოდა. გაციების შემდეგ ისევ უსვამდნენ ფენას, ისევ აშრობდნენ და ისევ ადნობდნენ ღუმელში. ამ ყველაფერს იმეორებდნენ მანამდე სანამ მინანქრის სიმაღლე ფირფიტის პირს არ გაუსწორდებოდა, შემდეგ კი საგანდებოდ აპრიალებდნენ.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 706-707.
  • ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961
  • Хускивадзе Л. З. Грузинские эмали, Тб., 1981