შინაარსზე გადასვლა

ტანმოხატული კაცი (კრებული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ტანმოხატული კაცი“
The Illustrated man

ავტორი რეი ბრედბერი
გარეკანის მხატვარი ეკა ტაბლიაშვილი
ქვეყანა აშშ
ენა ქართული
სერია ფანტასტიკური ბიბლიოთეკა
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი
გამომცემელი წიგნები ბათუმში
გამოცემის თარიღი 1951
მთარგმნელი არჩილ კიკვაძე, ანა ჭიჭინაძე, ირაკლი ლომოური, თამარ მესხი, დავით ბელიაშვილი, თამარ ბოჭორიშვილი, აია ბერაია, ეკატერინე სუმბათაშვილი, გიორგი ხარაიშვილი
ქართულად გამოიცა 2015
გვერდი 318
ქართული გამოცემა, 2015

ტანმოხატული კაცი (ინგლ. The Illustrated man) — რეი დაგლას ბრედბერის თხზულებათა მეორე კრებული თვრამეტი მოთხრობით. კრებულის ძირითადი თემაა კაცობრიობის წინაშე წამოჭრილი პრობლემების ფილოსოფიურ-მხატვრული გააზრება, ტექნოლოგიებსა და ადამიანის ფსიქოლოგიას შორის წარმოქმნილი კონფლიქტი. გამოქვეყნდა 1951 წელს, აერთიანებს ავტორის 1946-1951 წლების შემოქმედებით პერიოდს. ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობამ ,,წიგნები ბათუმში" 2015 წელს.

კრებულში შედის ერთმანეთთან დაუკავშირებელი თვრამეტი მოთხრობა, რომოლსაც პროლოგსა და ეპილოგში გადმოცემული საერთო სიუჟეტური ღერძი აერთიანებთ. კრებულში შემავალი რამდენიმე მოთხრობის საფუძველზე გადაღებულია ფილმები, სატელევიზიო დადგემი, დადგმულია რამდენიმე სპექტაკლი და სხვა.

თხრობა იწყება უცნობი ადამიანით, რომლის ვინაობა ან პროფესია უცნობია, თუმცა სამსახური უნდა გააჩნდეს, რაკი შვებულებაზე საუბრობს. ეს ადამიანი სავარაუდოდ, როგორც ჩანს, კარნავალზე გადაეყრება უცნობ პიროვნებას, რომელსაც მთელი ტანი ასევე უცნობმა დროში მოგზაურმა ქალმა არაჩვეულებრივად ულამაზესი, ფაქიზად შესრულებული ტატუირებით მოუხატა. თითოეული ნახატი ისტორიას, ზღაპარს წარმოადგენს, რომელიც რეალობაში არსებობს და არც არსებობს. ბრედბერის შემოქმედება აქ მძაფრი, ცინცხალი ფერების გადმოცემაში აპოგეას აღწევს. მოთხრობების პირქუში, საბედისწერო სილამაზე ამავდროულად მკითხველს ადგილზე ნუსხავს. ფანტასტიკის ფილოსოფიური გადმოცემის ამ მანერას ავტორი არაჩვეულებრივი სიძლიერით ფლობს. უნდა ითქვას, რომ ბრედბერის თავის დროზე საკმაოდ დიდი ძალისხმევის გაღება მოუწია გამომცემლის დასარწმუნებლად, რომ მას ნაწარმოების ყდაზე ფანტასტიკური ლიტერატურა არ დაეწერა. 1950-იანი წლების ბრიტანეთში ფანტასტიკა კვლავ დაბალი ხარისხის, არასერიოზულ ლიტერატურად აღიქმებოდა.

  • პროლოგი (Prologue: The Illustrated Man) (1951)
  1. სავანა (The Veldt) (1950)
  2. კალეიდოსკოპი (Kaleidoscope) (1949)
  3. პირიქით (The Other Foot) (1951)
  4. მაგისტრალი (The Highway) (1950)
  5. კაცი (The Man) (1949)
  6. ხანგრძლივი წვიმა (The Long Rain) (1946)
  7. კოსმონავტი (The Rocket Man) (1951)
  8. მანათობელი ბურთები (The Fire Balloons) (1951)
  9. სამყაროს უკანასკნელი ღამე (The Last Night of the World) (1951)
  10. განდევნილები (The Exiles) (1949)
  11. არც დღე, არც ღამე (No Particular Night or Morning) (1951)
  12. დაჭერობანა (The Fox and the Forest) (1950)
  13. სტუმარი (The Visitor) (1948)
  14. ბეტონმრევი (The Concrete Mixer)(1949)
  15. კორპორაცია ,,მარიონეტები" (Marionettes, INС) (1949)
  16. ქალაქი (The City) (1951)
  17. ჟამი განკითხვისა (Zero Hour) (1947)
  18. კოსმოსური ხომალდი (The Rocket) (1950)
  • ეპილოგი (Epilogue: The Illustrated Man) (1951)

აღსანიშნავია რომ ადრეული გამოცემებში მოთხრობათა ჩამონათვალი რამდენადმე განსხვავებული იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ზოგიერთი სხვა მოთხრობა ცნობილ კრებულ ,,მარსის ქრონიკებში" გადანაწილდა, ზემოაღნიშნული სია ამ კრებულ კანონიკურ სურათს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა რომ პირველი შეფასებები მთლად სახარბიელო არ იყო, მოგვიანებით კრებული წლის საუკეთესო წიგნებში დასახელდა და კრიტიკოსებმა ერთხმად აღნიშნეს რომ ავტორი ძალიან კარგად ფლობდა სამეცნიერო ფანტასტიკის გადმოცემის უნარს და მისი შექმნილ გმირებს მართლაც შეეძლოთ მკითხველში თანაგრძნობის, ზიზღის თუ სიყვარულის გამოწვევა. 1950-იან წლებში რეი ბრედბერი პირველ ნაბიჯებს დგამდა და ცხადია, მისი სახელი დღევანდელივით ცნობილი არ იყო. სწორედ ამიტომ, ამ შეფასებებს რამდენადმე უფრო ობიექტური ხასიათი გააჩნიათ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]