ელენა ჩაუშესკუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენა ჩაუშესკუ
რუმ. Elena Ceaușescu
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1916(1916-01-07)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი პეტრეშტი, რუმინეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 25 დეკემბერი, 1989(1989-12-25)[1] [2] [3] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტირგოვიშტე
მოქალაქეობა  რუმინეთი
განათლება ბუქარესტის უნივერსიტეტი
მეუღლე/ები ნიკოლაე ჩაუშესკუ
შვილ(ებ)ი ნიკუ ჩაუშესკუ, ზოია ჩაუშესკუ და ვალენტინ ჩაუშესკუ
ჯილდოები რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის გმირი, სოციალიზმის გამარჯვების ორდენი, ინფანტ დონ ენრიკეს ორდენის დიდი ჯაჭვი[4] , სან-მარტინ განმათავისუფლებლის ორდენი, დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის, იუგოსლავიის ვარსკვლავის ორდენი, სპარსეთის იმპერიის დაარსების 2500 წლისთავის საიუბილეო მედალი, Order of the Defender of the Realm და Q114862974?

ელენა ჩაუშესკუ (რუმ. Elena Ceaușescu;დ. 7 იანვარი 1919 — გ. 25 დეკემბერი 1989) — რუმინეთის პრეზიდენტისა და რუმინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის ნიკოლაე ჩაუშესკუს მეუღლე. მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი, შედიოდა რუმინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში და რუმინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს შემადგენლობაში. ხელმძღვანელობდა რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიას და ქვეყნის უდიდეს ქიმიურ კომბინატს ICECHIM-ს.

1989 წლის 22 დეკემბერს გაიქცა დედაქალაქიდან, რევოლუციის შედეგად დამხობილ მეუღლესთან ერთად ჯერ თვითმფრინავით, შემდეგ კი ავტომობილით. მიაღწიეს ქალაქ ტირგოვიშტემდე, მაგრამ იმავე დღეს იგი ხელში ჩაიგდო რუმინეთის არმიამ. გაიმართა საგანგებო რევოლუციური ტრიბუნალი, რომელმაც ორივე გაქცეულს წაუყენა ბრალდება: სახელწიფოს წინაშე დანაშაული, საკუთარი ხალხის გენოციდი, საიდუმლო ანგარიშების გახსნა საზღვარგარეთის ბანკებში და ეროვნული ეკონომიკის შელახვა.

1989 წლის 25 დეკემბერს რევოლუციური ტრიბუნალის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ორივე ბრალდებული დახვრიტეს სამხედროებმა, ხოლო მათი მთელი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენა პეტრესკუ დაიბადა პეტრეშტში, გლეხის ოჯახში. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ თავის ძმასთან ერთად ბუქარესტში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო ლაბორანტად. ამის შემდეგ მიიღო სამუშაო ადგილი ბამბეულის ფაბრიკაში.

1937 წელს ელენა რუმინეთის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. 1939 წელს ჯერ კიდევ ახალგაზრდა იატაკქვეშეთელმა კომუნისტმა გაიცნო თავისი მომავალი ქმარი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ისინი დაქორწინდნენ.

პოლიტიკაში ელენა არასოდეს არ ყოფილა მეორე პლანზე. იგი ხშირად ახლდა მეუღლეს საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების დროს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს იგი დაინტერესდა მაო ძედუნის ცოლის ცზიან ცინის განუზომელი ძალაუფლებით. სავარაუდოდ, ელენა ამით იყო შთაგონებული და ამის შემდეგ დაიწყო მისი პოლიტიკური აღმასვლა რუმინეთში. 1971 წელს იგი აირჩიეს სოციალ-ეკონომიკური პროგნოზირების ცენტრალური კომისიის წევრად, ხოლო 1972 წელს იგი გახდა რუმინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სრული წევრი. 1973 წელს კი აირჩიეს პარტიის აღმსაკომში, 1974 წელს იგი გახდა პოლიტიკური აღმასკომის წევრი, 1977 წელს კი პოლიტიკური აღმასკომის მუდმივი ბიუროს წევრი. 1980 წელს კი პრემიერ-მინისტრის მოადგილე გახდა[5].

ელენე ჩაუშესკუ გახდა რუმინეთში მისი ქმრის მიერ დამყარებული პიროვნების კულტის ერთ-ერთი ობიექტი. ნიკოლაე ჩაუშესკუმ მას „ერის დედის“ ტიტული მიანიჭა. ჩაუშესკუმ ტელევიზიებს უკარნახა ყურადღებით მოქცეოდნენ ელენას გამოსახულებას. მაგალითად, ტელევიზიებს არასოდეს არ უნდა ეჩვენებინათ იგი პროფილში. საჯაროდ ჩაუშესკუ აცხადებდა, რომ მისთვის დიდი პატივია, როდესაც „ამხანაგს“ უწოდებდნენ, თუმცა აშშ-ში რუმინული ემიგრაციის დიდი ნაწილი მას დამცინავად „მადამ ჩაუშესკუს“ ეძახდა.

დამხობა და დასჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური ვერსიით, რევოლუციის დროს, 1989 წლის 22 დეკემბერს ჩაუშესკუების წყვილი დამხმარეებთან და დაცვასთან ერთად გაიქცნენ დედაქალაქიდან. თავდაპირველად ჯერ თვითმფრინავით, რათა მრავალრიცხოვანი ბრბოსგან თავი გადაერჩინათ, შემდეგ კი ავტომობილით გააგრძელეს გაქცევა. მაგრამ საბოლოოდ იმავე დღეს არმიამ დააკავა ქალაქ ტირგოვიშტეში[6]. აქვე, ორი დღის შემდეგ მოაწყვეს საგანგებო ტრიბუნალი, რომლის მუშაობის დასასრულს ჩაუშესკუებს მიუსაჯეს სიკვდილი და ქონების სრული კონფისკაცია[7].

1989 წლის 25 დეკემბერს, შობას, ჩაწერეს და შემდეგ რუმინეთის ტელევიზიით აჩვენეს ტრიბუნალის სხდომა. სხდომის დასრულების შემდეგ, განაჩენის შესაბამისად, ქალაქ ტირგოვიშტეს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სასწრაფოდ დახვრიტეს ჩაუშესკუების წყვილი[8]. დახვრეტის შემდეგ მათი ცხედრები წაიღეს და სტიაუას სტადიონზე დაყარეს. საბოლოოდ ისინი დაკრძალეს გენჩის სამხედრო სასაფლაოზე, რომელიც სტადიონის ახლოს მდებარეობდა. ჩაუშესკუების დახვრეტის პროცესი ვიდეოზე გადაიღეს და დაუყოვნებლივ გავრცელდა დასავლეთის ქვეყნებში[9][10].

ჩაუშესკუების წყვილი აღმოჩნდა ბოლო სიკვდილით დასჯილები. 1990 წლის 7 იანვარს რუმინეთში სიკვდილით დასჯა გააუქმეს[11].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეკემბრის მოვლენებიდან ძალიან მალევე მათი სამივე შვილი (ნიკუ, ვალენტინი და ზოია) დააპატიმრეს ნიკუ დაადანაშაულეს გენოციდში, ხოლო ზოია და ვალენტინი ეროვნული ეკონომიკის ჩამოშლაში. 1990 წელს ისინი გაათავისუფლეს პატიმრობიდან. 2006 წლის ოქტომბერში, ჩაუშესესკუს ხელისუფლების დაცემიდან თითქმის 17 წლის შემდეგ, რუმინეთის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დიქტატორის შვილებისათვის დაებრუნებინა რევოლუციის შემდეგ მათთვის ჩამორთმეული ქონება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • John Sweeney. The Life and Evil Times of Nicolae Ceauşescu. 1991
  • Edward Behr. Kiss The Hand You Cannot Bite, 1991. ISBN 0-679-40128-8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
  3. 3.0 3.1 Munzinger Personen
  4. http://www.ordens.presidencia.pt/?idc=154
  5. В Румынии эксгумированы останки Николае Чаушеску и его жены Елены. :: Новости :: InterRight. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-04. ციტირების თარიღი: 2013-03-23.
  6. Исторические аналогии: крах Чаушеску. Belpolitics.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-19. ციტირების თარიღი: 2013-01-22.
  7. Антиправительственные выступления в социалистической Румынии. Румынская революция 1989 года. Конфликтолог. ციტირების თარიღი: 2013-03-23.
  8. Расстрел у стены солдатской уборной. Почему Михаил Горбачев дал согласие на казнь Николае Чаушеску?. «Аргументы Недели». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-04. ციტირების თარიღი: 2013-03-23.
  9. "Ghosts of Christmas past still haunt Romanians". Daniel Simpson. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-04. ციტირების თარიღი: 2013-03-28.
  10. DECRET-LEGE nr.6 din 7 ianuarie 1990 pentru abolirea pedepsei cu moartea. Stern.de. ციტირების თარიღი: 2013-03-28.
  11. DECRET-LEGE nr.6 din 7 ianuarie 1990 pentru abolirea pedepsei cu moartea. Cdep.ro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-04. ციტირების თარიღი: 2013-03-28.