რუხი (ისტორიული ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუხი (მრავალმნიშვნელოვანი).

რუხი — დასავლეთ საქართველოს ერთი უძველესი ქალაქი, რომელიც მდინარე ენგურის ნაპირზე იყო გაშენებული.ლამბერტის ცნობით, XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოში მხოლოდ ერთი ქალაქი – რუხი არსებობდა, ამასვე ადასტურებს ფ. ელჩინის ცნობაც:სამეგრელოში სავაჭრო ადგილები არ არის, ერთი ადგილია, სადაც სომეხთა 40 სახლია და 10 სახლი ებრაელებისა[1]. ამ შემთხვევაში, რუხი იგულისხმება, რომელსაც ლამბერტიიც სომხების ქალაქს უწოდებდა. რუხი, როგორც მნიშვნელოვანი პუნქტი, ცნობილია აგრეთვე შარდენისთვისაც[2]. აღსანიშნავია, რომ რუხს სამეგრელოს მთავარ ქალაქად ასახელებს ნ. ვინტსენი [3]

შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ აქ 1930 წელს ვერცხლის მონეტის მთელი განძი იქნა მოპოვებული, [4]ამაზე ადრე კიდევ, 1920 წელს, რუხში, მდინარე ენგურის მახლობლად შემთხვევით მიგნებულ სამარხში ოქროს ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერი და ოქროსავე მიმბაძველობა ლოისიმისის სტატერისადმი[5]. ამ, თავისი დროის მნიშვნელოვანი პუნქტის შესახებ ძველ ქართულ და უცხოურ მწერლობას, არავითარი ცნობა არ შემოუნახავს. ეს უძვეესი მნიშვნელოვანი პუნქტი, ლევან II დადიანმა განაახლა. ვახუშტის სიტყვით, „რუხის ციხე დიდშენი“ ლევან II დადიანმა 1647 წ. ააშენა [6]. მაგრამ იგი მარტო ციხის აშენებით არ დაკმაყოფილებულა. აქ მან იმერეთის სამეფოდან (ჩხარიდან) წამოყვანილი ვაჭრები დაასახლა და რუხი ქალაქად აქცია.

ფარსადან გორგიჯანიძე წერს: „რაც ჩხარში ვაჭარნი გაასახლნეს სომხები...დადიანმან რუხის ქალაქი იმაებით ააშენა[7] მაგრამ რუხის სიძლიერე დიდხანს არ გავრცელებულა. 1725 წელს ოსმალეთმა იგი როგორც სამეგრელოს შიდა სიმაგრე, სასტიკად დაანგრიეს და მის ხარჯზე შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც თვითონ ბატონობდნენ, ანაკლია გააძლიერეს.[6]. ამის შემდეგ რუხის მნიშვნელობა, როგორც ჩანს დაეცა. იაზიკოვის ცნობით, XVIII საუკუნის 70=იანი წლებისათვის იგი მხოლოდ სიმაგრე იყო[8], მაგრამ საინტერესოა, რომ 1770 წელს ერთი საბუთში „რუხის ქალაქია“ მოხსენიებული.[9]

რუხის სიმაგრეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მნიშვნელოვანი სიმაგრები ჰქონდა XVII საუკუნის მცირე ქალაქ რუხს. მას ეყოფოდა ძლიერი კედლებით და კოშკებით გამაგრებული ციხე, რომელსაც სამი მხრიდან აგრეთვე პატარა მდინარე რუხი უვლიდა. მდინარე რუხის დინება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ იგი ხელოვნურად უნდა იყოს ციხეს შემოვლებული. ქონგურებიან კედლებს შიგნით მოთავლებულ ტერიტორიას რუხის 1770 წლის გეგმის შემდგენელი „ციხეს“ უწოდებს, რომელში ცალკე გამოყოფილი იყო „კრემლი ციხეში“. „ციხეც“ და „კრემლიც“ სათანადო კოშკებით იყო გამაგრებული. როგორც ამავე გეგმიდან ჩანს, XVIII საუკუნის 70-იან წლებში რუხი უფრო ციხე იყო, ვიდრე ქალაქი. ქალაქის როლი მან ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დამდეგს დაკარგა. ციხის ტერიტორიაზე XVIII საუკუნის 70-იან წლებში ყოფილა: „კარავი, სადაც თურქული ხორბლისაგან გამომცხვარ პურს ინახავდნენ“ და „თურქების საცხოვრებელი ადგილი“. ციხის გარეთ, გარდა წისქვილებისა, ქალაქის მოსახლეობის ნაგებობა არ ჩანს.[10]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შოთა მესხია – საისტორიო ძიებანი, ტ.II, გამომ. მეცნიერება, 1983 წ. გვ. 237–238.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Посольство дьяка Ф. Елчина, с. 337.
  2. შარდენი, მოგზაურობა საქართველოში, გვ. 31, 35
  3. Nic. Witsen, Op. cit., c. 516
  4. Е. А. пахомов, Монетные клади, с. 5.
  5. Е. А. пахомов, Монетные клади, с. 7
  6. 6.0 6.1 ვახუშტი, აღწერა, გვ. 167–168
  7. ფარსადან გორგიჯანიძე, ისტორია, გვ. 241
  8. А. Цагарели, Грамоти I, с. 261
  9. М. Броссе, Переписка грузинских царей, с. 228
  10. შოთა მესხია – საისტორიო ძიებანი, ტ.II, გამომ. მეცნიერება, 1983 წ. გვ.621–622