რომენ დიურისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომენ დიურისი
დაბადების თარიღი 28 მაისი 1974
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1993-დღემდე

რომენ დიურისი (ფრანგ. Romain Duris დ. 28 მაისი, 1974) — ფრანგი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომენ დიურისი პარიზში დაიბადა, არქიტექტორის ოჯახში, ჰყავს და, პიანისტი კაროლინ დიურისი. სანამ რეჟისორ სედრიკ კლაპიშის ქუჩის კასტინგის შედეგად გადასაღებ მოედანზე მოხვდებოდა, რომენი უნივერსიტეტში დეკორატიულ ხელოვნებას სწავლობდა, შემდეგ კი პარალელურად ეისიდ-ჯაზ ბენდში უკრავდა. ამჟამად ცხოვრობს პარიზში, ბასტილიასთან ახლოს მსახიობ ოლივია ბონამისთან ერთად. წყვილს ჰყავს ვაჟიშვილი ლუიჯი, რომელიც 2009 წელს დაიბადა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად კინოეკრანებზე 1994 წელს გამოჩნდა სედრიკ კლაპიშის მოზარდებზე შექმნილ დრამაში „ახალგაზრდული საფრთხე“ (Le Péril jeune), სადაც რომენმა მთავარი როლი შეარულა, თავად ფილმმა კი დადებითი შეფასება მიიღო. შემდეგ იყო რამდენიმე მეტნაკლებად მნიშვნელოვანი როლი ტელესერიალებში, მოკლე თუ სრულმეტრაჟიან ფილმებში და 1997 წელს ფილმი „დობერმანი“ (Dobermann), სადაც მართალია რომენმა მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, მაგრამ ვენსან კასელთან და მონიკა ბელუჩისთან მუშაობა დადებითად აისახა მის კარიერაზე. 1998 წელს რომენი სეზარზე იყო ნომინირებული, როგორც ყველაზე იმედისმომცემი მსახიობი, ტონი გატლიფის ფილმისთვის „უცნაური უცხო“ (Gadjo dilo). 1999 წელს რომენი კვლავ სედრიკ კლაპიშმა მიიწვია ფილმზე „ალბათ“ (Peut-être), სადაც პარტნიორობას ფრანგული კინოს მეტრი ჟან-პოლ ბელმონდო უწევდა, როგორც ყველაზე იმედისმომცემი მსახიობი, რომენი კვლავ წარადგინეს სეზარზე. სწორედ კლაპიშთან თანამშრომლობის შემდეგ მოიპოვა რომენმა მნიშვნელოვანი აღიარება, სტუდენტ ქსავიეს როლით 2002 წლის ფილმში „ესპანური სასტუმრო“ (L'auberge espagnole), და 2005 წლის ფილმში „რუსი ლამაზმანები“ (Les poupées russes), ორივე ამ ფილმში პარტნიორობას ოდრი ტოტუ და სესილ დე ფრანსი უწევდნენ. 2004 წელს დიურისმა მთავარი როლი შეასრულა მორის ლებლანის ნაწარმოების ეკრანიზაციაში „არსენ ლიუპენი“ (Arsène Lupin), სადაც მასთან ერთად კრისტინ სკოტ ტომასი და ევა გრინი იღებდნენ მონაწილეობას.

მთავარი კინოროლი კარიერაში რომენმა 2005 წელს ითამაშა ჟაკ ოდიარის ფილმში „ჩემი გული აღარ ძგერს“ (De battre mon coeur s'est arrêté), ფილმს დიდი აღიარება ერგო, მოიპოვა ბაფტა და სეზარის 8 ნომინაციაში იმარჯვა, თავად დიურისი ნომინირებული იყო მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე. ფილმისთვის ერთ-ერთი საუნდტრეკი რომენის დამ კაროლინმა დაწერა.

2007 წელს რომენმა ცნობილი ფრანგი დრამატურგის და მსახიობის ჟან-ბატისტ მოლიერის როლი შეასრულა ბიოგრაფიულ ფილმში „მოლიერი“ (Molière). 2008 წელს ამერიკულ ფილმში „შემდეგ“ (Afterwards), მიიღო მონაწილეობა, პარტნიორობას კი ჯონ მალკოვიჩი უწევდა. ამავე წელს ჟულიეტ ბინოშთან, ფრანსუა კლუზესთას, ალბერ დიუპონტალთან და ფრანგული კინოს სხვა ვარსკვლავებთან ერთად ითამაშა კლაპიშის ფილმში „პარიზი“ (Paris). 2010 წელს მთავარი როლი შეასრულა რომატიკულ კომედიაში „მექალთანე“ (L'arnacoeur), პარტნიორობას ვანესა პარადი უწევდა, მსახიობი კიდევ ერთხელ წარადგინეს სეზარზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]